Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მაესტროს" დამფუძნებლებმა საგანგებო მიმართვა გაავრცელეს


ტელეკომპანია ”მაესტროს" დამფუძნებლებმა დღეს საგანგებოდ მიმართეს მედიასაშუალებებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო დამკვირვებლებს. დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ გავრცელების არეალის გასაფართოებლად ტელეკომპანიამ 3 ივლისს დაიწყო პიარკამპანია სახელწოდებით "მაესტრო ყველა ოჯახში," რომლის ფარგლებშიც ზაფხულის განმავლობაში რეგიონებში იგეგმებოდა სატელიტური თეფშების მონტაჟი. მიმართვაში ნათქვამია, რომ 11 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ "მაესტროს" მიერ შემოტანილი სატელიტური ანტენების დასაყადაღებლად მიმართა სასამართლოს, რომელმაც შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე იმავე დღეს განიხილა და დააკმაყოფილა. ”მაესტროს” დამფუძნებლებს მოჰყავთ პროკურატურის განმარტება, რომ მისი მოქმედება მიზნად ისახავს წინაასარჩევნო პროცესების დაცვას შესაძლო დანაშაულებრივი ჩარევისგან და პოლიტიკური პარტიებისა და მოქალაქეების საარჩევნო უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას. ტელეკომპანია "მაესტრო" აცხადებს, რომ არის დამოუკიდებელი კერძო კომპანია, რომლის ერთადერთი ინტერესია განვითარება და აუდიტორიის გაზრდა და სატელიტური თეფშების მონტაჟის გადაწყვეტილებაც მისი ბიზნესგეგმაა. დამფუძნებლები და ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ მთავარი პროკურატურა და სასამართლო ხელს უშლიან "მაესტროს," როგორც თავისუფალი მედიასაშუალების განვითარებას და შესაბამისად, ზღუდავენ საზოგადოების უფლებას, მიიღოს მრავალფეროვანი ინფორმაცია, რაც არჩევნებამდე 2 თვით ადრე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემაა.
XS
SM
MD
LG