Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება "ქართუ ჯგუფის" აქციების მმართველის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება


"ქართუ ჯგუფის" აქციების მმართველის დანიშვნის სასამართლო პროცესი კანონდარღვევით ჩატარდა - ამის შესახებ ჯგუფის აქციონერი კომპანიების ადვოკატმა პაატა კიკნაველიძემ განაცხადა. მისი განმარტებით, მოსამართლეს კანონი ავალდებულებდა სხდომაზე მხარედ მიეწვია "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები, თუმცა მათ შესაბამისი უწყება არ მიუღიათ. პაატა კიკნაველიძის განმარტებით, სააპელაციო წესით გასაჩივრდება საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების როგორც პროცედურული, ისე არსებითი ნაწილი და შედეგის შესაბამისად, დავა საერთაშორისო სასამართლოებში გაგრძელდება. ”ქართუ ჯგუფის” და ”პროგრეს ბანკის” აქციების იძულებითი მართვის რეჟიმში გადაყვანას აღსრულების ბიურო იმით ხსნის, რომ ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა მისთვის დაკისრებული თითქმის 75 მილიონი ლარის ჯარიმის გადახდაზე. ”ქართუ ჯგუფის” წინააღმდეგ გამოყენებული იძულებითი ზომები მისმა უცხოელმა და ქართველმა აქციონერებმა სხვისი ქონების ექსპროპრიაციად შეაფასეს, რადგან მათი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ”ქართუ ჯგუფის” აქციების მფლობელი არ არის. თავად ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ "ქართუ ჯგუფის" აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავას დანიშვნა ხელისუფლების ძალადობის პოლიტიკის გაგრძელებაა, ბანკ ”ქართუს” გარშემო გასული წლიდან დღემდე განვითარებული მოვლენები კი, ხელისუფლების ჯგუფური თაღლითობის შედეგი.
XS
SM
MD
LG