Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ეგვიპტელებს მოუწოდებს დემოკრატიზაციის მხარდაჭერისაკენ


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კაიროში შეხვდა ეგვიპტის სამხედრო ლიდერს ვიზიტისას, რომელიც ემსახურება ეგვიპტეში დემოკრატიზაციის მხარდაჭერას. კლინტონმა მოლაპარაკება გამართა ფელდმარშალ ჰუსეინ ტანტავისთან - ეგვიპტის დროებით მმართველთან შარშან პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მმართველობის დამხობის შემდეგ. კლინტონი, რომლის ვიზიტიც შაბათს დაიწყო ეგვიპტის ახალ პრეზიდენტთან, მუჰამად მურსისთან შეხვედრით, სამხედრო საბჭოს მოუწოდებს, პატივი სცეს არჩევნების შედეგს და დაუბრუნდეს ჩვეულ ფუნქციას - სახელმწიფოში უსაფრთხოებაზე ზრუნვას. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი შეხვდა აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და ბიზნესლიდერებს. მან გამოთქვა რწმენა, რომ ადამიანის უფლებები უნივერსალური ღირებულებაა: „კაიროში ჩამოვედი ნაწილობრივ იმის გამო, რომ მოგაწოდოთ მკაფიო მესიჯი - შეერთებული შტატები მხარს უჭერს ყველა ადამიანის უფლებებს, საყოველთაო უფლებებს. და ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას. მაგრამ დემოკრატია ნიშნავს მეტს, ვიდრე მარტო არჩევნებია. ის უნდა ნიშნავდეს, რომ უმრავლესობა დაიცავს უმცირესობის უფლებებს“, - განაცხადა კლინტონმა ეგვიპტეში ვიზიტისას. კაიროში შეხვედრების გამართვის შემდეგ ის ქალაქ ალექსანდრიაში გაემგზავრა, აშშ-ის საკონსულოს გახსნაზე დასასწრებად.
XS
SM
MD
LG