Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აცხადებს, რომ სირიაში არც ერთ მხარეს არ ემხრობა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არარეალისტურად მიიჩნევს, რომ რუსეთმა გადადგომისაკენ მოუწოდოს სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს. საერთაშორისო წარგზავნილ კოფი ანანათან მოსკოვში გამართულ შეხვედრამდე, ორშაბათს ლავროვმა გაიმეორა, რომ მოსკოვი წინააღმდეგი იმისა, რომ რაიმე მუქარის შემცველი სანქციები შევიდეს გაეროს უშიშროების საბჭოს ახალ რეზოლუციაში, რომლის დამტკიცებაც აუცილებელია იმისათვის, რომ 20 ივლისის შემდეგ გაგრძელდეს სირიაში გაეროს დამკვირვებლთა მისიის მანდატი. ლავროვის თქმით ასეთი მუქარა „შანტაჟის ელემენტებს შეიცავს.“ „ჩვენ სირიის კონფლიქტში არც ერთი მხარის პოზიციას არ ვიცავთ. ერთადერთი ჩვენი ინტერესია, არ დავუშვათ სირიის სახელმწიფოს დესტაბილიზაცია და მისი დაშლა, და არ დავუშვათ მთელი რეგიონის შემდგომი დესტაბილიზაცია, “- განაცხადა სერგეი ლავროვმა. ამასთან, დამასკიდან ორშაბათს მოსული ცნობები დედაქალაქის შემოგარენში მიმდინარე ბრძოლებს აღწერენ როგორც ყველაზე სასტიკს წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც ბაშარ ალ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანაში ამბოხება დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტისაკენ მიმდინარე გზები ბლოკირებული აქვს სირიის არმიას, რომელიც ცდილობს ალყაში მოაქციოს რამდენიმე მეზობელ დასახლებებში მყოფი ოპოზიციის სამხედრო რაზმები. აქტივისტების ინფორმაციით სირიის არმია იყენებს ტანკებს, არტილერიას და ყუმბარსატყორცნებს.
XS
SM
MD
LG