Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


უცხოეთის პრესაში განვლილ კვირაში გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან ჯერ შევჩერდებით საქართველოს შესახებ ერთ სტატიაზე. ის დაიბეჭდა მოსკოვის წამყვან ინგლისურენოვან გამოცემა „მოსკოუ ტაიმსში“ და ეხება საქართველოში ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნას.

სტატიაში სათაურით „სააკაშვილი, როგორც ჩანს, არ გაიმეორებს პუტინის ვარიანტს“ ვკითხულობთ, რომ პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი, გავლენის მხრივ, ალბათ, რიგით მეორე ადგილზე დგას საქართველოს ხელისუფლების წევრებს შორის.

„მან განახორციელა საქართველოში პოლიციის გახმაურებული რეფორმა და არაფრიდან შექმნა კარგად კოორდინირებული სამართალდამცავი სტრუქტურა. პოლიციის მიერ დამნაშავეობის მაჩვენებლის შემცირება და ოპოზიციონერი დემონსტრანტების ცემით დამორჩილება - სულ მისი დამსახურებაა,“ წერს სტატიის ავტორი, პოლ რიმპლი.

ჟურნალისტი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 3 ივლისს მერაბიშვილმა წარმოადგინა ოთხ წელზე გაწერილი, 12,2 მილიარდ-დოლარიანი პროგრამა სახელწოდებით „მეტი სარგებელი ხალხს“, რომელიც კონცენტრირებულია დასაქმებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ჯანდაცვაზე - ანუ, ზუსტად იმ სფეროებზე, რომლებსაც ეფუძნება ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილის საარჩევნო კამპანია.

„ზოგი ამბობს, რომ მერაბიშვილი ჩამოაქვეითეს, რაც სისულელეა. მან დაავალა სააკაშვილს მის ნაცვლად თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას დანიშვნა. სხვები მერაბიშვილის პროგრამას უწოდებენ „საეჭვოდ მემარცხენეს“, რაც ასევე უაზრობაა. ის არის, უბრალოდ, პოპულისტური რეაქცია ივანიშვილზე. ივანიშვილი ამბობს, რომ მერაბიშვილის დანიშვნა „ვერ გადაარჩენს ამ ხელისუფლებას“ და ის ნაწილობრივ მართალია. თვით დანიშვნას მნიშვნელობა არა აქვს, თუ მთავრობა არ მიმართავს ზომებს დასახული მიზნის შესასრულებლად - სამუშაო ადგილების შესაქმნელად“, წერს თბილისში ჟურნალისტი პოლი რიმპლი, რომლის სტატიაც „მოსკოუ ნიუსმა“ დაბეჭდა.

უცხოეთის პრესის მიმოხილვას ახლა საერთაშორისო პოლიტიკის მთავარი თემით გავაგრძელებთ: პუბლიკაციებით სირიის კრიზისზე და მისი მოგვარებისაკენ მიმართულ ძალისხმევაზე.

ნიდერლანდის გაზეთ „ტელეგრააფში“ სკეპტიკურად აფასებენ სირიის საკითხში გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის წარმატების შანსებს: „ალტერნატივის არარსებობის ფონზე, საერთაშორისო თანამეგობრობა კვლავაც ანანის გეგმას უცხადებს მხარდაჭერას. რუსეთისა და ჩინეთის ვეტოს გამო სირიის მმართველ რეჟიმს ვერ შეავიწროებენ გაეროს სანქციებით. სამხედრო ინტერვენცია არც ამ ორი ქვეყნისა და არც დასავლეთისაგან არის მოსალოდნელი. ამიტომ ისღა დარჩენიათ, რომ ძველებურად გააგრძელონ. ანანს ჭადრაკის ფიგურად იყენებენ, რათა დატოვონ შთაბეჭდილება, რომ რაღაც კეთდება. საკითხავი ისაა, რამდენიმე ხანი იქნება თვით ანანი ამაზე თანახმა“, ვკითხულობთ ამსტერდამში გამომავალ გაზეთში.

„ვაშინგტონ პოსტში“ გამოთქვამენ შეფასებას, რომ დიპლომატებს „უფსკრულის პირას“ უწევთ მუშაობა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მუქარის გამო, რომ სირიას სამოქალაქო ომში ჩაფლობა მოელის. „საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა რუსეთის მეთაურობით მიღწეული შეთანხმება სირიაში ძალაუფლების გადაცემის შესახებ, მაგრამ საამისოდ სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. როცა მეტისმეტად ბევრი სისხლი იღვრება, ასეთი „მშვიდობიანი გარდაქმნა“ შეუძლებელი ხდება. რუსეთი, როგორც ჩანს, სულ უფრო მეტ დისტანციაზე მიდის ასადის რეჟიმთან და უარს ამბობს იარაღით მისი მომარაგების გაგრძელებაზე. მაგრამ, შესაძლოა, უკვე გვიანი იყოს“, წერს „ვაშინგტონ პოსტი“.

ბოლო დღეებში პრესა გამოეხმაურა ევროპის ისტორიისათვის ერთ მნიშვნელოვან თარიღს: მსოფლიო ომების შემდეგ გერმანიისა და საფრანგეთის შერიგების 50-ე წლისთავს. ნახევარ საუკუნეში მას შემდეგ, რაც შარლ დე გოლმა და კონრად ადენაუერმა საფრანგეთში, რეიმსის ტაძარში ერთად მიიღეს მონაწილეობა „შერიგების მესაში“, ამავე ტაძარში 8 ივლისს ღვთისმსახურებას დაესწრნენ ორი ქვეყნის ამჟამინდელი ლიდერები, ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი. ბუნებრივია, ბევრი ითქვა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობაზე როგორც მათთვის, ისე მთელი ევროპისთვის. თუმცა, პრესაში უყურადღებოდ არ დარჩენილა არც პრობლემები და გამოწვევები.

პოლონეთის გაზეთი „ჟეჩპოსპოლიტა“ წერს: „საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს შორის დაძაბულობა უახლეს წარსულში არასდროს ყოფილა ისეთი მწვავე, როგორც ახლაა. როცა 50 წლის წინ ორმა ვიზიონერმა, დე გოლმა და ადენაუერმა განახორციელეს შერიგების აქტი, ამით მათ საფუძველი ჩაუყარეს ევროპის ახალ სახეს. გერმანია-საფრანგეთის ეს განსაკუთრებული ურთიერთობა დღეს ძლიერ ეროზიას განიცდის“, აღნიშნავს „ჟეჩპოსპოლიტა“.

„ნიუ იორკ ტაიმსში“ კი გამოთქვამენ შეფასებას, რომ გერმანიის პოლიტიკა ევროზონაში ამჟამინდელი კრიზისის მოსაგვარებლად საფრთხეს უქმნის ევროკავშირის მომავალს. „ქალბატონ მერკელს სურს, ერთ, გერმანულ საგადასახადო კურსს დაუმორჩილოს ევროპის ქვეყნები. მაგრამ მომჭირნეობის პოლიტიკა, რომლის გატარებასაც გერმანია მოითხოვს, ევროკავშირში გააძლიერებს პოლიტიკით იმედგაცრუებასა და ექსტრემიზმს. პოლიტიკური კავშირი არ უნდა გაეხვეს გერმანიის მომჭირნეობის პოლიტიკის ხაფანგში. ახლა მთავარი შეკითხვა იქნება: აქვთ თუ არა საფრანგეთის ახალი პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო მონტის საკმარისი წონა ქალბატონ მერკელის დასარწმუნებლად, რომ გადაიდგას პირველი ნაბიჯი მართლაც დემოკრატიული ევროპის მიმართულებით?“ გერმანიის პოლიტიკის მიმართ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ ამ პუბლიკაციით დავასრულებთ უცხოეთის პრესის მიმოხილვას.
XS
SM
MD
LG