Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვასტიკა და ოპერა


ევგენი ნიკიტინი
ევგენი ნიკიტინი
ევგენი ნიკიტინი, რუსი ბარიტონი, რომელსაც ბაიროითში ”მფრინავ ჰოლანდიელში” უნდა ემღერა, მოიხსნა ვაგნერის ფესტივალიდან მას შემდეგ, რაც სხეულზე სვირინგი აღმოუჩინეს - ნაცისტური სვასტიკა. ამ სკანდალმა ისევ გახადა აქტუალური ეგრეთ წოდებული ”ტოტალიტარული სიმბოლიკის” თემა და გაგვახსენა დისკუსია, რომელიც ცოტა ხნის წინ დაიწყო საქართველოში, თუმცა არ გაგრძელებულა.

ეგრეთ წოდებული ”თავისუფლების ქარტია”, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ზუსტად ერთი წლის წინ დაამტკიცა, თუ არ ჩავთვლით ”საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერ ორგანიზებულ დისკუსიას, ფაქტობრივად, არ განხილულა საზოგადოებაში. მისი ინიციატორები თავიდანვე ამბობდნენ, ქარტიას, რომელიც ყველაფერთან ერთად საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას გულისხმობს, ერთგვარი ”აღმზრდელობითი ფუნქცია” ჰქონდა, ანუ დასჯიდა ყველას, ვისაც საბჭოთა სიმბოლიკის მიმართ ნოსტალგია აქვსო.

”აღმზრდელობითი ფუნქცია” ნიშნავს იმას, რომ საბჭოთა სიმბოლიკა ზევიდან, ე.ი. ხელისუფლების ჩარევით, უნდა აიკრძალოს და ხელისუფლებამ დასაჯოს ის, ვინც ამ (ანდა ნაცისტურ) სიმბოლიკას გამოიყენებს. სხვათა შორის, ნაცისტურ და საბჭოთა სიმბოლიკას შორის (თავიდან მითითებული იყო როგორც ”კომუნისტური სიმბოლიკა”) პარალელს ”თავისუფლების ქარტიის” იდეის ავტორები, პირველ რიგში კი, პარლამენტარი გია თორთლაძე, თავიდანვე მიმართავდნენ - მუდმივად ხაზს უსვამდნენ იმას, რომ გერმანიაში, მაგალითად, და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენება კანონითაა აკრძალული.

მაგრამ გერმანიაში ნაცისტური სიმბოლიკის გამოყენებას თავად საზოგადოება ადევნებს თვალს და თავად საზოგადოება, რომელიც აღზარდეს, - თუ არადა, ვინ აღზარდა, ეს კიდევ სხვა საკითხია, - წყვეტს, როგორ შეიძლება დაისაჯოს ადამიანი, რომელმაც იმ სიმბოლოს გამოყენება სცადა, რომელსაც, თავის მხრივ, მილიონობით ადამიანი მტკივნეულად აღიქვამს.
დავიბადე და გავიზარდე მურმანსკში... მურმანსკი - ეს დეპრესიაა. ნახევარი წელი მზე არ გვაქვს... ამიტომაცაა, რომ მე ზამთარში ძალიან გაღიზიანებული ვარ, გაბოროტებული... ზაფხულში ცოტა ”გავიფურჩქნები” ხოლმე... მთლიანობაში კი, საკმაოდ ბნელი ტიპი ვარ...
ევგენი ნიკიტინი

რუსი ბას-ბარიტონის ევგენი ნიკიტინის ”ჩამოშორება” ვაგნერის ფესტივალიდან სწორედ საზოგადოების აქტიურობამ გამოიწვია. გაგახსენებთ, რომ გერმანიის ტელევიზიით გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ნიკიტინი, სანამ ოპერის ვარსკვლავი გახდებოდა, როკ-მუსიკოსი, დასარტყამ ინსტრუმენტებზე წელს ზემოთ შიშველი უკრავს. აღმოჩნდა, რომ ნიკიტინს მკერდზე აქვს ამოსვირინგებული სვასტიკა, რომელსაც სხვა ნიშანი ფარავს. ჟურნალისტებმა, რომლებმაც ეს ნიშანი აღმოაჩინეს, დაუყოვნებლივ მიმართეს ვაგნერის ფესტივალს და თავად მომღერალს, რომელმაც აღნიშნა, რომ არ ჰქონდა შეგნებული, როგორ ტკივილს გამოიწვევდა ეს, მით უფრო ბაიროითის ფესტივალის კონტექსტში - ბოლოს და ბოლოს, ვაგნერის მიმართ გერმანული საზოგადოების დამოკიდებულება, მოგეხსენებათ, არაერთგვაროვანია კომპოზიტორის ანტისემიტური გამონათქვამების გამო და თავად ფესტივალის მიმართაც - ბაიროითში სპექტაკლებს ხომ თავად ადოლფ ჰიტლერი ესწრებოდა.

თუმცა საეჭვოა, გერმანელებს არ ჰქონოდათ რეაქცია, ასეთი სვირინგები რომელიმე სხვა ფესტივალის მონაწილის სხეულზე რომ დაენახათ.

ერთ-ერთ ინტერვიუში, ამ სატელევიზიო სკანდალამდე ცოტა ხნით ადრე, ევგენი ნიკიტინმა განაცხადა:

”დავიბადე და გავიზარდე მურმანსკში... მურმანსკი - ეს დეპრესიაა. ნახევარი წელი მზე არ გვაქვს... ამიტომაცაა, რომ მე ზამთარში ძალიან გაღიზიანებული ვარ, გაბოროტებული... ზაფხულში ცოტა ”გავიფურჩქნები” ხოლმე... მთლიანობაში კი, საკმაოდ ბნელი ტიპი ვარ.”
მარტოობა, როგორც ამბობენ, დიდი ადამიანების ხვედრია... ვხუმრობ, რა თქმა უნდა!..
ევგენი ნიკიტინი

”ბნელი ტიპი ვარ!” - ევგენი ნიკიტინის ერთგვარი პოზაა, ”იმიჯი” - თუ გნებავთ, ასე ვთქვათ. ასეთი იმიჯი მოუხდა როლსაც, რომელიც რუს მომღერალს ბაიროითის ფესტივალზე უნდა შეესრულებინა -ერთგვარი ბრუტალური მეზღვაურის როლს. მაგრამ მორალი და ნაცისტური წარსულის მიმართ დამოკიდებულება გერმანიაში უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე წარმატებული ”იმიჯი” და მხატვრული კონცეფცია - ნიშანდობლივია, რომ ნიკიტინის განთავისუფლების ერთ-ერთი ინიციატორი იყო სპექტაკლის რეჟისორი ჟან-ფილიპ გლოგერი. ყველაფერთან ერთად, დასავლეთში ასეთი ფაქტი პრესტიჟის საქმეა - ნაცისტურ სიმბოლიკას შესაძლოა უარყოფითად ემოქმედა ცნობილი რეჟისორის კარიერაზე.

”მარტოობა, როგორც ამბობენ, დიდი ადამიანების ხვედრია... ვხუმრობ, რა თქმა უნდა!” - ბრძანა ნიკიტინმა, როცა გაახსენეს, რომ საკმაოდ მძიმე ხასიათი აქვს.

ეს ხუმრობა იყო, ისევე როგორც ”სვირინგი”, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ყველა ხუმრობა არაა ხუმრობა. აღმოჩნდა, რომ ხუმრობა, რომელიც ადამიანის იდენტობას, მილიონობით მსხვერპლს უკავშირდება, ხუმრობად კი არა, დანაშაულად შეიძლება აღიქვან.

ესაა საზოგადოების რეაქცია და საზოგადოების პოზიცია - ბუნებრივი რეაქცია, ზევიდან ჩარევის გარეშე. ერთი წლის წინ საქართველოშიც მოისურვეს ასეთი საზოგადოება დაეფუძნებინათ და ”თავისუფლების ქარტია” მიიღეს. მაგრამ ჩვენში ნაცისტური სიმბოლიკის მიმართ კი არა, ნაცისტური მოსაზრებების მიმართ საზოგადოების რეაქცია კვლავაც ძალიან სუსტია.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG