Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩეველთა სიები 1 სექტემბრამდე გადამოწმდება


ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის სახელმწიფო კომისიის ინფორმაციით, პროექტ ”კარდაკარის” ფარგლებში შემოწმდა 3 483 142 ამომრჩეველი. როგორც 31 ივლისს, სასტუმრო ”ქორთი იარდ მერიოტში” გამართულ პრეზენტაციაზე აღინიშნა, გარდაცვლილი აღმოჩნდა 25 949 ამომრჩეველი, საზღვარგარეთ იმყოფება 291 871 ამომრჩეველი, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია 132 156 ამომრჩეველი, ხოლო შიდა მიგრაციაშია 649 839 ამომრჩეველი. ამასთან კონტაქტი ვერ დამყარდა 183 621 ამომრჩეველთან. კომისიის თავმჯდომარის, პარტია ”ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენლის მამუკა კაციტაძის თქმით, სიების დაზუსტების პროცესს ”წერტილი სექტემბრის შუა რიცხვებში დაესმევა.” ”1 აგვისტოდან იწყება მეორე მეთოდი, ვიდრე 1 სექტემბრამდე, - ამომრჩევლიდან სიამდე. ანუ სიების დაზუსტების პროცესი გრძელდება, ამ შემთხვევაში უკვე უშუალოდ ამომრჩევლის ჩართულობით, ამომრჩევლის სურვილით, ამომრჩევლის მოთხოვნით”, - უთხრა მამუკა კაციტაძემ ჟურნალისტებს. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის არსებული სიები 1 აგვისტოს, კანონით დადგენილი წესით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გადაეცემა. 24 მაისის შემდეგ ამომრჩეველთა სიების დასაზუსტებლად გაწეულ სამუშაოს მეტად დადებითად აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელიც ესწრებოდა პრეზენტაციას. მისი თქმით, სამოქალაქო სექტორის ჩართვით მიმდინარე პროცესმა წერტილი უნდა დაუსვას სპეკულაციებს იმის თაობაზე - თუ რამდენად ზუსტია ამომრჩეველთა სიები საქართველოში. თუმცა არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. როგორც ”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” წარმომადგენელი, ვიცე-სპიკერი ლევან ვეფხვაძე აღნიშნავს, მართალია პროცესი შედგა, მაგრამ კვლავაც რჩება შეკითხვები შედეგის სანდოობასთან დაკავშირებით. ”ეს რიცხვები თავისთავად არის ძალიან დამაფიქრებელი და შემაშფოთებელი, რადგანაც 3,5 მილიონი ამომრჩევლიდან 2 მილიონ 200 ათასია ადამიანი, ვინც ვიცით სად ცხოვრობს და ვისი იდენტიფიცირებაც ადვილია”, - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ 31 ივლისს გამართულ პრეზენტაციას საპარლამენტო ოპოზიციის გარდა ესწრებოდნენ ხელისუფლების, არასამთავრობო სექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG