Accessibility links

ახალი ამბები

გარდაიცვალა გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი, გორ ვიდალი

ლოს-ანჯელესში 86 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ამერიკელი მწერალი და პუბლიცისტი, გორ ვიდალი. მან სახელი გაითქვა ბესტსელერებით „ხმაური“, „ლინკოლნი,“ „მირა ბრეკენრიჯი“, ესეებით პოლიტიკაზე, ლიტერატურეაზე, სექსზე, რელიგიაზე, ისევე როგორც ჰოლივუდის ფილმებისათვის დაწერილი სცენარებით. გორ ვიდალის სიკვდილის მიზეზად ფილტვების ანთების გართულებას ასახელებენ.

ყველა ახალი ამბავი

მედიას „საქართგელოს მთავრობის“ სახელით ე.წ. ფეიკ ნიუსი დაეგზავნა

19 აგვისტოს მედიას „საქართგელოს მთავრობის“ სახელით ე.წ. ფეიკ ნიუსი დაეგზავნა

19 აგვისტოს, მედიასაშუალებებს ელექტრონული ფოსტით დაეგზავნათ გარემოს ე.წ. რეფორმის კონცეფცია, მისამართიდან sakargelo.gov@gmail.com.

ფოსტაზე მიბმულ ხუთგვერდიან დოკუმენტში, რომელსაც ერთი შეხედვით, საქართველოს მთავრობა ავრცელებს, ნათქვამია, რომ უქმდება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო. გარდა ამისა, „საქართველოს ტერიტორიაზე აიკრძალება ნადირობა, სამრეწველო თევზჭერა, მერქნის მოპოვება, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა. დაცულ ტერიტორიებად გამოცხადდება ყველა ტერიტორია, გარდა სასოფლო სამეურნეო მიწებისა. დაცულ ტერიტორიებს დაიცავს თავდაცვის სამინისტრო. გარემოზე ზრუნვა, შინაურ ცხოველებზე ზრუნვა, სასოფლო სამეურნეო მიწების გარემოსთვის უსაფრთხო გამოყენებაზე ზრუნვა დაეკისრება, პირდაპირი წესით არჩეულ გარემოს დამცველს“.

ე.წ. ფეიკ ნიუსი მალევე გაავრცელა რამდენიმე მედიასაშუალებამ. დოკუმენტის შინაარსმა ინტერნეტმომხმარებლის აღშფოთება გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ გარდა შინაარსისა, 19 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის სიყალბე ერთი შეხედვითაც მარტივად აღმოსაჩენია. დოკუმენტი გამოგზავნილია მისამართიდან sakargelo.gov@gmail.com. დოკუმენტში „საქართველო“ მოხსენიებულია, როგორც „საქართგელო“. „საქართველოს მთავრობა“ კი „საქართგელოს მთავრობა“. დოკუმენტის თავფურცელზე ასევე დატანილია საქართველოს სახეცვლილი გერბი. თუკი საქართველოს გერბზე გამოსახული ლომები, ორ ფეხზე დგანან, 19 აგვისტოს გავრცელებული დოკუმენტის გერბზე, ლომები წვანან. სახეცვლილია წმინდა გიორგის გამოსახულებაც.

აშშ ირანული ტანკერის გამო საბერძნეთს აფრთხილებს

გიბრალტარის პორტიდან გაშვების შემდეგ ირანულ ტანკერზე პანამის დროშის ნაცვლად ირანის დროშა აღმართეს

აშშ-მა საბერძნეთი და ხმელთაშუა ზღვის ყველა პორტი გააფრთხილა შედეგებზე, რომელიც ირანული სუპერტანკერისთვის დახმარების გაწევას მოჰყვება.

სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ირანული ტანკერისთვის ნებისმიერ დახმარებას ვაშინგტონი განიხილავს მის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მატერიალურ მხარდაჭერად.

ამ ორგანიზაციის კუთვნილ ტანკერს სავარაუდოდ, სირიაში მიაქვს ორ მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი.

საზღვაო ხომალდების მარშრუტების სამეთვალყურეო სისტემების მონაცემებით, ირანული ტანკერი Adrian Dariya 1, რომელიც მანამდე იწოდებოდა როგორც Grace 1, საბერძნეთის საპორტო ქალაქის, კალამატისკენ მიემართება. საბერძნეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მსგავსი ინფორმაცია არ მიუღიათ.

ირანულმა ტანკერმა 18 აგვისტოს დატოვა დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში მყოფი გიბრალტარის პორტი, სადაც ივლისის დასაწყისში დააკავეს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების სავარაუდო დარღვევისთვის.

მიუხედავად აშშ-ის მოთხოვნისა, რომ დაკავებული ტანკერი არ გაეთავისუფლებინათ, გიბრალტარის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ამას ვერ გააკეთებს, რადგან ევროკავშირის სანქციები ამერიკულზე უფრო სუსტია და ირანულ ნავთობზე სრულ ემბარგოს არ ითვალისწინებს.

თავის მხრივ, თეირანმა პირობა დადო, რომ ნავთობს არ დაცლის იმ პორტებში, რომლებზეც ევროკავშირის სანქციები ვრცელდება. ამასთან, ირანი დღემდე არ ამბობს, საით მიემართება მისი სუპერტანკერი.

გიბრალტარის პორტიდან გათავისუფლების შემდეგ ტანკერზე ირანის დროშა აღმართეს. მანამდე ტანკერი პანამის დროშით ცურავდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში არჩევნების მეთვალყურეთა რაოდენობით რეკორდის დამყარებას აპირებენ

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის შენობა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ირწმუნებიან, რომ 25 აგვისტოს დანიშნულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს პირველად დააკვირდებიან გერმანიის პარლამენტის წევრები.

დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ლევონ გალუსტიანმა სააგენტო „რია-ნოვოსტის“ განუცხადა, რომ გერმანელი დეპუტატების გარდა, არჩევნებს მეთვალყურეობას პირველად გაუწევენ ჩინეთის წარმომადგენლებიც. გალუსტიანის თქმით, 25 აგვისტოს არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობით რეკორდს დაამყარებენ. ლევონ გალუსტიანის ინფორმაციით, აფხაზეთში ჩადიან ევროპარლამენტის დეპუტატებიც.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია აფხაზეთის შესახებ სიმართლის გასავრცელებლად“ - აცხადებს დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერი. ამასთან, გალუსტიანს არ უთქვამს, კონკრეტულად ვინ დააკვირდება ე.წ. არჩევნებს მაგალითად, გერმანიიდან, ან ევროპარლამენტიდან. გალუსტიანმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ პროცესში ევროპელი და ჩინელი მეთვალყურეების ჩართვა შარშან შექმნილი საერთაშორისო საპარლამენტო მოძრაობის, „აფხაზეთის მეგობართა ლიგის“ მუშაობის შედეგია. ეს მოძრაობა არაფორმალური გაერთიანებაა იმ ქვეყნებისა, რომლებმაც აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარეს.

ლევონ გალუსტიანის ინფორმაციით, 22 აგვისტოს აფხაზეთში ჩავლენ მეგობარი ქვეყნების დამკვირვებლები. დე ფაქტო პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მეგობარი ქვეყნების მეთვალყურეებს შორის დაასახელა რუსეთის დუმის და ფედერაციის საბჭოს წევრები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ყირიმის და რუსეთ-ბელორუსის საპარლამენტო კრების წარმომადგენლები. გალუსტიანის თქმით, რუსეთის დუმის დელეგაციას უხელმძღვანელებს „აფხაზეთის დიდი მეგობარი“ კონსტანტინ ზატულინი.

დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ე.წ. არჩევნებს 54 უცხოელი მეთვალყურე დააკვირდება. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტად კენჭს იყრის 10 კანდიდატი, მათ შორის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

სუსში ბიძინა გეგიძის გამოკითხვა დასრულდა: „არც ერთ კითხვას არ გავუოცებივარ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ პოლიტიკურ საქმიანობას დაუკავშირა გამოძიება, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხეს.

„პოლიტიკოსი ვარ და მარტივია, როდესაც საქმიანობის მესამე წელს მიბარებენ მოწმის სტატუსით, თავისთავად პოლიტიკურ საქმიანობასთან კავშირშია“, - ამბობს გეგიძე რამდენიმესაათიანი გამოკითხვის შემდეგ.

გამოკითხვა ეხებოდა პარლამენტის წევრად არჩევამდე გეგიძის საქმიანობას „საქართველოს ფოსტაში“, სადაც მას გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიცია ეკავა.

როგორც გეგიძე ამბობს, გამოძიების შეკითხვები უკავშირდებოდა „საქართველოს ფოსტის“ ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას, რა დროსაც ფოსტის კუთვნილი ობიექტები აუქციონის წესით იყიდებოდა.

დეპუტატის განმარტებით, „საქართველოს ფოსტაში“ იღებდნენ გადაწყვეტილებას, რომელი ობიექტის გატანა შეიძლებოდა აუქციონზე.

გამოძიება დაინტერესდა, როგორ აფასებდნენ ობიექტებს? გეგიძის თქმით, ეს აუდიტორული კომპანიის კომპეტენცია იყო, რომელთანაც „საქართველოს ფოსტას“ ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული. აგრეთვე, მისი თქმით, ჰკითხეს, ხო არ შეიძლებოდა ფასების ცვლილებები?

„თანხის გაფლანგვის შესახებ შეკითხვა არ ყოფილა“, - აზუსტებს პარლამენტის წევრი.

როგორც გეგიძე განმარტავს, ელექტრონულ აუქცონზე გასატანი ობიექტების სიის მომზადების შემდეგ კი „საქართველოს ფოსტის“ კომპეტენცია და უფლებამოსილება მთავრდებოდა. „აუქციონს სახელმწიფო ატარებდა“, - ამბობს ის.

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი მთლიანობაში საგამოძიებო ორგანოს შეკითხვებს ასე აფასებს: „არც ერთ კითხვას არ გავუოცებივარ“.

მიუხედავად ამისა, ბიძინა გეგიძემ ისე დატოვა სუსის შენობა, რომ გამოკითხვის ოქმზე ხელი არ მოუწერია. „ჩემი აზრი ოქმში ისე არ არის ასახული, როგორც ჩემთვის მისაღები იქნებოდა“, - შენიშნავს გეგიძე. მისი თქმით, ოქმში შესწორებების შეტანის უფლება აქვს და აპირებს, ისე გამართოს ტექსტი, რომ მისი აზრი ნათლად იყოს ჩამოყალიბებული.

ბიძინა გეგიძისთვის კითხვებს ყველაზე მეტად აჩენს გამოძების დაწყების დრო. გამოძიება დაიწყო 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მისი მეგობრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან დაახლოებით ორ თვეში.

19 აგვისტოს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე ბიძინა გეგიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან მისი წასვლის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის საკითხზე იქნება დამოკიდებული.

ჯიოევი: საქართველოს პროტესტი სასაზღვრო საქმიანობაზე, არის საინფორმაციო ომის ნაწილი

„საქართველოს ხელისუფლების პროტესტი სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო უწყების სამუშაოებთან დაკავშირებით სახელმწიფო საზღვრის მონიშვნის თაობაზე, წარმოადგენს საინფორმაციო ომის ნაწილს რესპუბლიკისა და რუსეთ-სამხრეთ ოსური ურთიერთობების წინააღმდეგ“, - აცხადებს დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი საინფორმაციო სააგენტო „რეს“-თან საუბრისას.

„ეს არის კარგად დადგმული სპექტაკლი, რომელიც საზღვრის ხან ერთ და ხან მეორე მონაკვეთზე თამაშდება. მათი მიზანია საერთაშორისო საზოგადოების საქართველოსადმი ყურადღების მიპყრობა“, - აცხადებს ჯიოევი.

მისივე თქმით, პროტესტი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გაისმის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ სოფელ გუგუტიანთაკართან „სახელმწიფო საზღვრის მონიშვნასთან დაკავშირებით, არავითარი კავშირი არ გააჩნია სტაბილურობაზე ზრუნვასთან საზღვრისპირა ტერიტორიებზე“.

ჯიოევის სიტყვებით, საქმე იმაშია, რომ საქართველოს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არაერთხელ შეეძლოთ დარწმუნებულიყვნენ, რომ „აღნიშნული სამუშაოები არსად იკვეთება საქართველოს ტერიტორიასთან“.

ჯიოევი სოფელ გუგუტიანთაკარში საზოგადოების ნაწილის მობილიზებას და საერთაშორისო საზოგადოებისადმი მოწოდებებს „წმინდა წყლის პროპაგანდისტულ კამპანიას“ უწოდებს.

მისი განცხადებით, საქართველოში მართლაც რომ იყვნენ დაინტერესებულები საზღვრისპირა რაიონებში სტაბილურობით, უნდა აღიარონ რაც აშკარაა, „სადაც მონიშნულია სახელმწიფო საზღვარი, გაცილებით ნაკლებია საზღვრის დარღვევის შემთხვევები და წუხილის მიზეზიც ნაკლებია“.

ჯიოევმა კომენტარი გააკეთა ასევე 17 აგვისტოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებიდან რუსული საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ საქართველოს რვა მოქალაქის გატაცების ფაქტზე და განაცხადა, რომ აღნიშნულმა პირებმა, რომლებიც მისი სიტყვებით, ალკოჰოლური თრობის ქვეშ იყვნენ, ავტომანქანებით დაარღვიეს საზღვარი:

„იქ რომ შესაბამისი სასაზღვრო ნაგებობა ყოფილიყო, სახელმწიფო საზღვარი არ დაირღვეოდა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისმა მაშინვე ამცნო მსოფლიოს ადამიანების გატაცების შესახებ, ამ ადამიანებმა საკუთარი ნებით დაარღვიეს საზღვარი“, - განაცხადა ჯიოევმა.

მისივე სიტყვებით, ამ დროისათვის, საზღვრის დამრღვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ხალვაში: "რუსთავი 2" არ გაიყიდა. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს

„სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2" არ გაიყიდა“ - ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს არხის მფლობელი ქიბარ ხალვაში.

ტელევიზიის აქციების 100% ის მფლობელი ამბობს, რომ მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას საკუთარი ძალებით შეეცდება.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას", - წერს ქიბარ ხალვაში.

"დღეს ამოიწურა ერთკვირიანი ვადა, რომელიც განვსაზღვრე იმისათვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გასხვისებასთან დაკავშირებით.

როგორც ვხედავთ, ამ ვადაში არ გამოჩნდა რეალური მსურველი.

საზოგადოებისთვის ცნობილია, თუ რეალურად რა მდგომარეობაში დაგვიბრუნდა "რუსთავი 2". დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ ტელეკომპანია, რომელსაც ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, ყოფილიყო გამართული და წარმატებული, რეალურად ფინანსური კატასტროფის წინაშე დგას. როგორც იცით, მისი დავალიანება კრედიტორების წინაშე 70 მილიონ ლარს აჭარბებს. ცხადია, ამას აქვს თავისი მიზეზები: მათ შორის, ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ კომპანიის ინტერესების საზიანოდ მოქმედება, შემოსავლების ხელოვნური შემცირება და ხარჯების მაქსიმალური გაზრდა.

ახლა მე ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავარ: ან უნდა დავიწყო კომპანიის გაკოტრების პროცესი ან ვცადო მისი გადარჩენა.

მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "რუსთავი 2" არ გაკოტრდეს, რისთვისაც გამოვიყენებ ყველა ჩემს რესურსს და შესაძლებლობას“.

ქიბარ ხალვაშის სიტყვებით, რუსთავი 2 უნდა გახდეს კომერციულად გამართული და მომგებიანი ტელევიზია, რომელიც არ იქნება დამძიმებული პოლიტიკური თუ სხვა სახის ვალდებულებებით და ამ ვალდებულებებს არ გადააყოლებს ტელეკომპანიის ინტერესებს:

"მე მაქვს ბიზნესში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება და ვფიქრობ, რომ იმ ადამიანებთან ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ტელეკომპანიის ინტერესები, გავუმკლავდები ამ პრობლემებს.

ამასთან ერთად, ვაცნობიერებ, რომ მომიწევს რთული მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა კომპანიამ შეძლოს გამართული ფუნქციონირება და კრიზისიდან გამოსვლა. თუმცა, ვფიქრობ, ეტაპობრივად ყველა სირთულეს დავძლევთ“.

წერილის თანახმად, ქიბარ ხალვაში მის უპირველეს ვალდებულებად თვლის, ტელევიზიის გათავისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისგან, რათა მისი სიტყვებით, ტელევიზია ჩადგეს საზოგადოების სამსახურში და დაიბრუნოს ნდობა - იყოს კრიტიკული და მწვავე, მაგრამ ამავდროულად, მაღალი პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მატარებელი.

ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ის გააგრძელებს სამართლებრივ დავას ყოფილ გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან, რომელიც მისი თქმით, შეგნებულად ანგრევდა არხს, აზარალებდა მის ინტერესებს და მას მხოლოდ სააკაშვილის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებდა:

„დარწმუნებული ვარ, რომ "რუსთავი 2" უახლოეს მომავალში იქნება როგორც ფინანსურად, ასევე პოლიტიკურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, ხოლო რეალურად დამოუკიდებელი ჟურნალისტები და პოლიტიკური ინტერესებისგან თავისუფალი, მძლავრი მედია საზოგადოების საუკეთესო ინტერესებს მოემსახურება.

კომპანიის გაჯანსაღებისთვის უახლოეს პერიოდში შევიმუშავებ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ და მივაღწევთ დასახულ მიზანს!" -ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაში 12 აგვისტოს განაცხადა, რომ ტელევიზიას ყიდის.

შეგახსენებთ, 18 ივლისს, მას შემდეგ, რაც სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა "რუსთავი 2"-ის სარჩელი, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია "პანორამა" დაარეგისტრირა ტელეკომპანიის მფლობელად (60% ქიბარ ხალვაში, 40% "პანორამა"). რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია კი ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ შეცვალა.

ჯაფარიძის ანგარიშებს ინკასო დაადეს, „გირჩის“ ლიდერი მედიაში გასული ცნობის უარყოფას არ აპირებს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, მათი მოთხოვნის საფუძველზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ყველა (საქართველოში გახსნილი) ანგარიში დაყადაღდა.

თავად ჯაფარიძის ინფორმაციით, მას დაევალა „იმედის“ ეთერში გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა და 300-ლარიანი ჯარიმის გადახდა.

ზურაბ ჯაფარიძის წინააღმდეგ სარჩელს საფუძვლად დაედო 2015 წლის 17 თებერვლის განცხადება. ჯაფარიძემ „ახალგაზრდა ადვოკატების“ საქმიანობა მაშინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს დაუკავშირა. „გირჩის“ ლიდერმა ამ ორგანიზაციის შესახებ, მას შემდეგ ისაუბრა, რაც მათ სხვა პროფესიულ ჯგუფებთან ერთად წარუდგინეს პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნინო გვენეტაძე.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ მტკიცებით, ჯაფარიძის განცხადების შემდეგ დონორმა ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა თანამშრომლობა, რის გამოც ვერ მიიღო 5050 ლარი.

ზურაბ ჯაფარიძემ გვითხრა, რომ მზად არის, რადიო თავისუფლებასთან იგივე სიტყვები გაიმეოროს და არ აპირებს არანაირი ჯარიმის გადახდას. ჯაფარიძის თქმით, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თინათინ ნიბლოშვილი „ქართული ოცნებიდან“ გახდა თბილისის საკრებულოს წევრი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ კი ამბობენ, რომ თინათინ ნიბლოშვილი ორგანიზაციის საქმიანობაში 2013 წლის მარტიდან არ მონაწილეობს.

ჯაფარიძის თქმით, პირველმა ინსტანციამ გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო.

„ახალგაზრდა ადვოკატების" ცნობით, „პირველი ინსტანციის სასამართლო მიიჩნევდა, რომ ზურაბ ჯაფარიძის სადავო გამონათქვამი არ ამტკიცებდა მის ნამდვილობას და სადავო გამონათქვამები სარგებლობდა აზრის აბსოლუტური პრივილეგიით". ზემდგომმა ინსტანციამ კი ჯაფარიძეს სანქცია დააკისრა.

როგორც ჯაფარიძე ამბობს, სააპელაციო სასამართლოში გამართული პროცესის შესახებ მას ინფორმაცია არ ჰქონია. „გირჩის“ ლიდერის თქმით, უწყება, სავარაუდოდ, მშობლების სახლში მიიტანეს და განხილვამ მის გარეშე ჩაიარა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ ამბობენ, რომ ზურაბ ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე დადებული ყადაღის ღონისძიება ვალდებულების უზრუნველყოფამდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ჯაფარიძე ორგანიზაციის სასარგებლოდ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

„არ ვიცი ყველა ანგარიშს რამდენად დაედო ინკასო, მაგრამ ერთის შესახებ შეტყობინება მივიღე“, - გვითხრა ზურაბ ჯაფარიძე.

ნატა ფერაძე: ამის ყურება სახლიდან, კონდიციონერიანი ოთახიდან, წარმოუდგენელია

გუგუტიანთკარში, საოკუპაციო ხაზთან, რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი ჩავიდა. ისინი იმ ტერიტორიაზე აპირებდნენ შესვლას, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვარი გაავლეს და ბოძები ჩაარჭვეს, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ტერიტორიაზე მიახლოების უფლება არ მისცეს.

აქტივისტებს შორისაა ნატა ფერაძე, რომელიც რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბორდერიზაციის პროცესის შესაჩერებლად:

„ამ ყველაფერის ყურება სახლიდან, კონდიციონერიანი ოთახიდან, ტახტზე წამოწოლილ მდგომარეობაში, უბრალოდ წარმოუდგენელია. მოვედით სამოქალაქო აქტივისტები, მაგრამ როგორც გაირკვა, სამართალდამცავები არ გვიშვებენ და არც ვეწინააღმდეგებით მათ. აქედან ატოცში გადავინაცვლებთ, იქაც ვნახავთ აქტივისტებს. არ ვიცი, რაიმე უნდა მოვიფიქროთ, რომ ქმედითი ნაბიჯები გადავადგმევინოთ მთავრობას. ცხადია, კონფლიქტს არავინ აპირებს, მაგრამ ამ ყველაფრის უმოქმედოდ დატოვება მგონი, ყველა საზღვარს აღემატება“.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, 19 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დამატებით 15 ბოძი ჩაარჭვეს, რომელიც ჯამში 37,5 მეტრის სიგრძისაა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან 19 აგვისტოს განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

ესტონეთის პრეზიდენტი „ტვიტერზე“ ეხმიანება საქართველოში ბორდერიზაციის პროცესს

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი „ტვიტერზე“ ეხმიანება საქართველოში მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესს.

„დღეს ვესაუბრე ზურაბიშვილს რათა დამედასტურებინა, რომ ესტონეთი გმობს საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას. საერთაშორისო საზოგადოება არასოდეს დაივიწყებს საქართველოს ნაწილობრივ ოკუპაციას“, - წერს ესტონეთის პრეზიდენტი.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

კონსტანტინიდი: 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, რათა დროულად მოხდეს რეაგირება საოკუპაციო რეჟიმზე

„ფაქტობრივად, 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ ყველა აქტორთან, ვისაც შეიძლება გავლენა ჰქონდეს ამ პროცესებზე, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი ზემოქმედება საოკუპაციო რეჟიმზე იქ არსებულ ვითარებასთან და დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

კონსტანტინიდმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ საქართველოს რვა მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„იცით, რომ საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ ასე ვთქვათ, ისინი აპირებენ ე.წ. სასამართლო პროცესის ჩატარებას აღნიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტი, მექანიზმი აქტიურად გვაქვს ამოქმედებული. უახლოეს შეხვედრებზე გვექნება საუბარი ამ ყველა მოვლენაზე, მათ შორის ბორდერიზაციის უკანონო პროცესზე, როგორც ინციდენტების მექანიზმის რეჟიმში, ასევე ჟენევის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე აქტიურად, კიდევ ერთხელ ძალიან მკაცრად დაისმება ეს საკითხი“.

გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ახალუბანთან 17 აგვისტოს დაკავებული 8 პირი კვლავ ცხინვალის მილიციის იზოლატორში რჩება. მათი ახლობლების ვარაუდით, ე.წ. სასამართლო პროცესი ცხინვალში დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა, დაზუსტებული ინფორმაციის მიღებას ვერ ახერხებენ.

ტიმოთესუბნის მონასტერში უნებართვო სამშენებლო ქმედების შესასწავლად ჯგუფი ხვალ ჩავა

ტიმოთესუბანში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის კედელში უნებართვო სამშენებლო ქმედების შესასწავლად ინსპექტირების ჯგუფი მღვდელმთავართან ერთად 20 აგვისტოს ჩავა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა.

საქმე ეხება სათავსოს, რომელიც თანამედროვე მასალითაა აგებული და დამონტაჟებულია ტიმოთესუბნის სამონასტრო კომპლექსის ერთ-ერთ კედელში.

ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით კანონი ითვალისწინებს შესაბამის ზომებს, იმ შემთხვევაში თუ აღმოჩნდება, რომ ძეგლი ფიზიკურად არის დაზიანებული.

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კარგად არ ვიცნობთ ამ სათავსოს ჩამონტაჟების შედეგებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დაზიანების ფაქტი არ ყოფილა, რამდენადაც არ მომხდარა ძეგლის რეაბილიტაცია. თუმცა, იმ შემთხვევაში თუკი დაფიქსირდება ფიზიკური ხელყოფის ფაქტი, ანუ აუნაზღაურებელი ზარალი თუ მიადგება ძეგლს, ამ შემთხვევაში დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა“, - ამბობს სააგენტოს დირექტორი.

ტიმოთესუბნის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იერომიელი ჩაშენებული კარადის შესახებ ამბობს, რომ ის რამდენიმე წელია, კედლის სიღრმეში დგას, არ იკავებს დიდ ადგილს და მას თავისი დატვირთვა აქვს.

მიუხედავად ამისა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ეროვნული კატეგორიის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის ინტერიერში მსგავსი ტიპის ჩარევაც კი გაუმართლებელია, რადგან ის არღვევს არქიტექტურულ და მხატვრულ მხარეს.

რუსეთში ორ ბრალდებულ აქტივისტს შეუმსუბუქეს ბრალდება

კირილ ჟუკოვი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა შეცვალა ბრალდების კვალიფიკაცია 27 ივლისის აქციის დროს მოსკოვში დაკავებული დანილ ბეგლეცის მიმართ. მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ნაცვლად, მას ადანაშაულებენ ხელისუფლების წარმომადგენლის წინააღმდეგ ძალადობაში. ეს უფრო მსუბუქი მუხლი ითვალისწინებს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას, მაშინ როცა მასობრივი არეულობაში მონაწილეობა ისჯება 8 წლიანი პატიმრობით.

ორშაბათს სასამართლომ ბეგლეცი წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს კიდევ ერთი ბრალდებულის - კირილ ჟუკოვის მიმართ. მასაც მოეხსნა მასობრივ არეულობაში მონაწილეობის ბრალდება, დაუტოვეს მხოლოდ ძალადობის გამოყენება. მანამდე იგივე გადაწყვეტილება ევგენი კოვალენკოს საქმეზე გამოიტანეს. სამივე ბრალდებულის საქმეები ცალკე წარმოებაში გამოიყო.


მთლიანობაში 27 ივლისის არასანქცირებულ აქციაზე მოსკოვის ცენტრში, სამართალდამცველებმა 13 კაცი დააკავეს. 10-ი კვლავინდებურად ბრალდებულია მასობრივ არეულობაში მონაწილეობაში. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია 27 ივლისის მოვლენების კვალიფიცირება არეულობად, რადგან საქმე ეხებოდა მხოლოდ მშვიდობიან აქციას.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის სპეციალისტები ერთობლივ აზომვით სამუშაოს ჩაატარებენ

19 აგვისტოს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიების ექსპერტთა სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს დელიმიტაციის პროცესის მიმდინარეობა და პოზიციები შეუთანხმებელ მონაკვეთებთან მიმართებით. დაიგეგმა საველე სამუშაოები – ერთობლივი აზომვები საზღვრის შეუთანხმებელ მონაკვეთებზე და მათი დათვალიერება.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, 19-23 აგვისტოს პერიოდში ექსპერტები ერთობლივად გაივლიან ცალკეულ მონაკვეთებს და დაგეგმავენ შემდეგ ეტაპზე დარჩენილი შეუთანხმებელი მონაკვეთების მონახულებას.

„საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ბოლო შეხვედრაზე ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება იყო, რომ ექსპერტთა ჯგუფს გაეგრძელებინა მუშაობა უშუალოდ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით, ერთი მხრივ და მეორე მხრივ, ადგილზე აზომვებთან დაკავშირებით. პირველი შეხვედრა გაიმართა დღეს ექსპერტების დონეზე, ექსპერტები უკვე მუშაობენ და ისინი გააგრძელებენ მუშაობას შემდგომი დღეების განმავლობაში, რათა მოამზადონ მასალა უშუალოდ კომისიის შემდგომი შეხვედრისათვის. აღნიშნულ ეტაპზე ისინი გაივლიან სხვადასხვა დოკუმენტაციას და ჩაატარებენ საველე სამუშაოებს საზღვრის მიმდებარე მონაკვეთებზე“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

დავით ზალკალიანი რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებებზე ეუთოს თავმჯდომარეს ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ტელეფონით ესაუბრა ეუთოს თავმჯდომარეს, მიროსლავ ლაიჩაკს. სამინისტროს ცნობით, ზალკალიანმა ლაიჩაკს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ გუგუტიანთკართან ე.წ. საზღვრის გავლების და საქართველოს 8 მშვიდობიანი მოქალაქის დაკავების შესახებ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს თავმჯდომარეს თხოვა, რუსეთის საოკუპაციო ძალების უკანონო ქმედებების შესაჩერებლად საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის კიდევ უფრო გააქტიურება. მიროსლავ ლაიჩაკი დავით ზალკალიანს დაპირდა, რომ ყველაფერ გააკეთებს ამ ძალისხმევის კონსოლიდაციისთვის.

ჯეიმს აპატურაი გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებს ფეისბუკით ეხმაურება

სოფელ გუგუტიანთკარში საზღვრის უკანონო მშენებლობას კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც აპატურაი ფეისბუკის პირად გვერდზე წერს, ოკუპირებული სამხრეთი ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ საზღვრის გადაწევა არალეგიტიმური პროცესია.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნატო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„საქართველოს რეგიონის „სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მხარდაჭერილმა დე-ფაქტო მთავრობამ საქართველოს სოფელ გუგუტიანთკარში ღობის დამონტაჟება და გადაწევა განაახლა. ეს დამატებით სირთულეს ქმნის, ვინადიან ადამიანები წყდებიან თავიანთ მიწებს, ოჯახებსა და მეგობრებს. ეს არის, ასევე, არალეგიტიმური. ნატო აგრძელებს მოწოდებას, რათა დასრულდეს მსგავსი ქმდებები და საპირისპიროდ შეიცვალოს. ნატო აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს,” - წერს ჯეიმს აპატურაი.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.

ნეთანიაჰუმ და ზელენსკიმ მოილაპარაკეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ

ნეთანიაჰუსა და ზელენსკის პრესკონფერენცია

კიევში დასრულდა ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა, რომლის დროსაც მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჯერ კიდევ 6 აგვისტოს მოაწერა ხელი.

უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ასევე ისრაელის პრემიერ-მინისტრს, რათა შუამავლობა იკისროს რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში.

ნეთანიაჰუ ისრაელის პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ბოლო 20 წლის განმავლობაში სტუმრობს უკრაინას.

ვოლოდმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ბენიამინ ნეთანიაჰუს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის გამო და დასძინა, რომ უკრაინას ისრაელისაგან ბევრი რამე აქვს სასწავლი, განსაკუთრებით, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კუთხით.

ამას გარდა უკრაინის პრეზიდენტმა მოუწოდა ისრაელის ხელისუფლებას, რათა უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიაროს 1930-იანი წლების ჰოლოდომორი, სტალინის რეჟიმის დროს ხელოვნურად გამოწვეული მასობრივი შიმშილი უკრაინის ტერიტორიაზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იერუსალიმში დაპატიჟა ვოლოდიმირ ზელენსკი.

ვიზიტის ფარგლებში ისრაელის პრემიერ-მინისტრი მოინახულებს ბაბე იარის მემორიალურ ცენტრს, სადაც ნაცისტებმა 33 ათასი ებრაელი დახოცეს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე გაჩენილმა ხანძარმა 15 ჰექტრამდე ტერიტორია გაანადგურა

საქართველო - აზერბაიჯანის საზღვართან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ჰექტრამდე ფართობზე ბუჩქნარი და საავტომობილო გზის პირას გაშენებული ქარსაფარი ზოლის ნაწილი გაანადგურა. ადგილზე 10 სახანძრო მანქანა მუშაობდა. მაშველები და ტექნიკა მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან გამოიძახეს.

როგორც სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა ზაზა ჭაბუკაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ დროისთვის უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი.

მაშველებმა ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს შავი ზღვის ზოლზე

19 აგვისტოს დილიდან, შავი ზღვის ზოლზე მაშველებმა ექვსი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ რომ წყალში არ ჩავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას აქვს მიზანი...ჩაითრიოს ქვეყანა სამხედრო პროვოკაციაში

„ოპოზიციის ნაწილი იქცევა სამარცხვინოდ. იმის ნაცვლად, რომ მათ მხარი დაუჭირონ საკუთარ ხელისუფლებას, საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, რომ ჩვენ ყველა ერთად დავდგეთ ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობით, განვითარებით და საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით, შევძლოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფა, რათა მომავალში ქვეყანას ჰქონდეს რეალური შესაძლებლობა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღიდგინოს, ისინი არიან დაკავებული თავისი სახელმწიფოს, თავისი ხელისუფლების მისამართით ტალახის სროლით“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს.

მისი განცხადებით, სწორედ ოპოზიციის აღნიშნული ნაწილის პროვოკაციული ქმედებებით ხდება ოკუპაციის ხელშეწყობა და ეს ემსახურება რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე. არჩილ თალაკვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ძალებს სურთ ომი, დესტაბილიზაცია და სახელმწიფოს ჩამოშლა, იმისთვის, რომ მოახდინონ საკუთარი ვიწროპარტიული ინტერესების რეალიზება.

„ჩვენ არ მივცემთ საშუალებას ვინმეს, რომ თავისი პროვოკაციული გეგმები განახორციელონ, რომელსაც ისინი ზოგჯერ მიმართავდნენ წინა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეს ადამიანები პირდაპირ გეტყვით, არიან ომის მომხრეები. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც სურთ ომი, სურთ დესტაბილიზაცია და სურთ ჩამოიშალოს ჩვენი სახელმწიფო და ამაზე რაღაც იხეირონ.

მე მივმართავ მათ, კიდევ ერთხელ ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდონ სახელმწიფოს, მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ომი ამ ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ სურს და საქართველოს აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ ომის გარეშე, მშვიდობით, დემოკრატიული განვითარებით, ეკონომიკის გაძლიერებით, საერთაშორისო დიპლომატიის გამოყენებით შექმნას ის მომავალი და ის მომენტი, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი. დღეს, რეალურად, ეს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფი მოქმედებს ზუსტად ამ გეგმის საწინააღმდეგოდ. მათ აქვთ ერთდერთი მიზანი, როგორმე ძირი გამოუთხარონ საკუთარ ქვეყანას და ჩაითრიონ ის სამხედრო პროვოკაციაში. მე პირობას გაძლევთ, რომ საქართველო გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას ქართული ოცნების ხელისუფლებასთან, საზოგადოების მხარდაჭერით და ჩვენ, ყველა მოქალაქესთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ საქართველოს ექნება მშვიდობიანი მომავალი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.

17 აგვისტოს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს 8 მოქალაქე. ისინი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩებიან.

კვლავ მძიმეა მოზარდის მდგომარეობა, რომელიც დაზიანებული რეანომობილით გადაიყვანეს

სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელის, ზაალ კაპანაძის ინფორმაციით, ერთი თვის წინ, ამბროლაურში მომხდარი ფაქტის თაობაზე, რომელმაც, სავარაუდოდ, 16 წლის ლუკა ფოფხაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გამოიწვია, რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი გამოიკვეთა:

„ჩვენი სააგენტოს მხრიდან შემოწმება განხორციელდა. რამდენიმე ეტაპია გავლილი. პირველ ეტაპზე, ბავშვი კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ რეანომობილით გადაიყვანეს, შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოს ინტენსიურში. ჩვენი მოკვლევის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე დაწესებულების, რამდენიმე ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი, რაც პროფესიული განვითარების საბჭოზე გავა. შესაბამისად, ეს საბჭო იმსჯელებს, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ“, - აცხადებს ზაალ კაპანაძემ.

16 წლის ლუკა ფოფხაძე ერთი თვეა ქუთაისის სადიაგნოსტიკო ცენტრში, კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება. 16 წლის მოზარდი, რომელიც ამბროლაურში ისვენებდა, ვირუსული ნეიროტოქსიკოზის ნიშნებითა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ამბროლაურის საავადმყოფოში 20 ივლისს, გამთენიისას მიიყვანა. ლენტეხიდან გაგზავნილ რეანომობილში, რომელიც ლუკას ოჯახის წევრების თქმით, არ იყო სათანადოდ აღჭურვილი.

ლუკას მამიდა, ფატი ფოფხაძე, რომელიც მოზარდს რეანომობილში ახლდა, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ რეანომობილში დამონტაჟებული აპარატურა ნაქერალას უღელტეხილზე მწყობრიდან გამოვიდა, გამოილია ჟანგბადი და ბავშვს გული გაუჩერდა. მისივე თქმით, ერთი თვის თავზე, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კვლავ მძიმეა.

„ისევ ქუთაისის საავადმყოფოში რჩება ბავშვი. იქნებ რაიმე წინსვლა იყოს, რომ თბილისში ტრანსპორტირება მოვახერხოთ. ამ ეტაპზე, ბავშვის სასიცოცხლო ფუნქციებს ინარჩუნებს. თუკი აქამდე ექიმები ამბობდნენ, რომ ლუკას მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო, დღეს ამბობენ, რომ ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა, ჯერ გადმოყვანას მაინც ვერ ვახერხებთ“.

ლუკას შემთხვევის შემდეგ, 5 აგვისტოს, ამბროლაურს, დაუყოვნებელი რეაგირებისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილი გადაეცა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულების შემთხვევების პრევენციის მიზნით გეგმა შედგება, სამოქმედო გეგმის დასახვა კი უკავშირდება უკანასკნელი კვირების განმავლობაში რეგიონებიდან პაციენტების ტრანსპორტირების გართულებულ შემთხვევებს.

ამბროლაურისა და ონისთვის რეანომობილის გადაცემის მოთხოვნით 29 ივლისს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია გაავრცელა. პეტიციის ავტორები წერდნენ, რომ სწორედ სხვა რაიონიდან გამოძახებული რეანომობილის დაგვიანებამ გაართულა 16 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სომხეთი ამტკიცებს, რომ „სტრატეგიულ ტერიტორიას“ დაეუფლა აზერბაიჯანის საზღვართან

სომეხი ჯარისკაცები

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სტრატეგიულ ტერიტორიაზე დაამყარეს კონტროლი აზერბაიჯანის საზღვრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მშფოთვარე რაიონში, - ამის თაობაზე რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურა სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა.

არწრუნ ჰოვანისიანს არ დაუდასტურებია დეტალები, თუ რა გარემოებაში მოხდა ასეთი უპირატესობის მიღწევა.

უფრო ადრე პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ლიდერობით მოქმედი მმართველი ბლოკის წევრები და ზოგიერთი ანალიტიკოსი სოციალური მედიით ავრცელებდნენ ცნობებს, რომ სომხეთის კონტროლის ქვეშ მოექცა ათობით ჰექტარი მიწის ნაკვეთისომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის ტავუშის პროვინციაში.

19 აგვისტოს სომხეთი პარლამენტის სპიკერმა, არარატ მიროზოიანმა ფეისბუკში შემდეგი შინაარსის ცნობა გამოაქვეყნა: „სოფელ ჩინარს ამის შემდეგ დაბომბვა აღარ ემუქრება. გარანტირებული იქნება ასევე სომხეთში შემომავალი გაზსადენის დაცვაც. დღეგრძელობა სომეხ ჯარისკაცს! დღეგრძელობა სომხეთის არმიას!“

„სტრატეგიული ტერიტორიის“ დაკავების შესახებ გავრცელებული ცნობა უარყო აზერბაიჯანმა, როგორც „პროპაგანდისტული“ და „უსაფუძვლო“.

„აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებს სამიზნეში ჰყავთ ამოღებული და თვალს ადევნებენ მოწინააღმდეგის მოქმედებას, როგორც ვიზუალურად, ისე სპეციალური ტექნიკური საშუალებებით. აზერბაიჯანულ არმიას შეუძლია ნებისმიერ დროს აღკვეთოს მოწინააღმდეგის მოქმედება. ასეთი ცნობები სასაცილოა“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თვადაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდს“ მოჰყვას.

აშშ-ის მიერ ძებნილმა ირანულმა სუპერტანკერმა საბერძნეთისკენ აიღო გეზი

ირანული დროშა ტანკერ "ადრიან დარია"-ზე

საბერძნეთისკენ აიღო გეზი ირანულმა სუპერტანკერმა, რომელზეც აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული სანქციის ქვეშ მყოფ ორგანიზაციასთან საეჭვო კავშირების გამო. გიბრალტარის სასამართლომ უარი თქვა ვაშინგტონის თხოვნაზე, ხელმეორედ დაეკავებინა ხომალდი, რომელმაც რამდენიმე საათში გააგრძელა გზა.

ირანის ხელისუფლებამ 19 აგვისტოს დაადასტურა, რომ „ადრიან დარია 1“-მა, მანამდე ცნობილმა „გრეის 1“-მა, დატოვა გიბრალტარის ნავმისადგომი. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი მიემართება საბერძნეთის საპორტო ქალაქ კალამატისკენ.

ირანის ტანკერი 4 ივლისს დააკავეს გიბრალტარში ბრიტანეთის არმიის დახმარებით. „გრეის 1“-ს გადაჰქონდა ორ მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი და ხელისუფლებამ ეს აქტი სირიისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების დარღვევად ჩათვალა. ირანი აცხადებდა, რომ ტანკერი საერთაშორისო წყლებში იყო და არ მიჰქონდა ნავთობი სირიაში.

მერკელი ორბანთან ერთად აღნიშნავს „რკინის ფარდის“ დაცემის 30-ე წლისთავს

მერკელი და ორბანი შოპრონში

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქალაქ შოპრონში 19 აგვისტოს გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად აღნიშნა „რკინის ფარდის" დაცემის 30 წლისთავი.

მერკელმა და ორბანმა მონაწილეობა მიიღეს ე.წ. „საერთო-ევროპული პიკნიკის“ 30-ე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმში.

1989 წლის აგვისტოში უნგრეთში გაიმართა ე.წ. „საერთო-ევროპული პიკნიკი“ - უნგრელმა მცველებმა უნგრეთ-ავსტრიის საზღვრის გადაკვეთის და, შესაბამისად, დასავლეთის ბანაკში გადასვლის საშუალება უპრობლემოდ მისცეს აღმოსავლეთ გერმანიის ასობით მოქალაქეს. როგორც მიჩნეულია, ამ "პიკნიკმა" მოაახლოვა ბერლინის კედლის დანგრევა.

დღესვე ორბანი და მერკელი დაესწრნენ ეკუმენურ წირვას შოპრონის ტაძარში.

მიუხედავად ორი ლიდერის გულთბილი შეხვედრისა, ბერლინსა და ბუდაპეშტს შორის ურთიერთობა ბოლო წლებში გაცივდა დევნილების მიმართ ორბანის მკაცრი პოლიტიკისა და გერმანიის მხრიდან უნგრეთის ხელისუფლების ავტორიტარული პოლიტიკის კრიტიკის გამო.

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუს-ში დაწყებულ გამოძიებაში პოლიტიკურ ფაქტორს ხედავს

ბიძინა გეგიძე

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური ფაქტორი არსებობს გამოძიებაში, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

„მიუხედავად იმისა, ვინ რას ფიქრობს და ვინ როგორ ცდილობს გამიჯნოს პოლიტიკა და სამართლებრივი მხარე, აქ არის პოლიტიკური ფაქტორი. მარტივად, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მე ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაში ვმოღვაწეობ და ეს გამოძიება დაიწყო ჩემი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობის დროს“ - თქვა ბიძინა გეგიძემ 19 აგვისტოს, პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ამ განცხადებამდე გეგიძემ ხაზი გაუსვა მის კრიტიკულ პოზიციას "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მიმართ და იმ ფაქტსაც, რომ გამოძიება დაიწყო 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან მისი მეგობრის, გიორგი კვირიკაშვილის გადადგომიდან დაახლოებით ორ თვეში.

როგორც ბიძინა გეგიძემ თქვა, პოლიტიკაში აქვს საკუთარი პრინციპები და ცდილობს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის თავისუფლება შეინარჩუნოს, რისთვისაც არ უღალატია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრად და ფრაქციის, „ქართული ოცნება-ძლიერი საქართველოსთვის“ თავმჯდომარედ არჩევის შემდეგაც.

„როგორც გაირკვა, მე ეს არ ვიცოდი, გამოძიება დაიწყო 2018 წლის ზაფხულში. მე შეგნებულად ჩამოვთვალე ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ეტაპები. მაშინ, როცა საკმაოდ აქტიური ვიყავი ჩემი რეგალიებიდან გამომდინარე და მქონდა მათ შორის კრიტიკული ხედვები, პოზიციები, არგუმენტები პროცესზე, რასაც ჰქვია პოლიტიკური პროცესი, როდესაც ხარ მმართველი პოლიტიკური ძალა. პარალელურად მოხდა ის, რომ გადადგა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ჩემი მეგობარი. ეს ყველამ იცის და არა მარტო მედიამ. კვირიკაშვილი გადადგა ივნისის შუა რიცხვებში და გამოძიება დაიწყო ორ აგვისტოს, როგორც სუსი აცხადებს“ - თქვა ბიძინა გეგიძემ.

პარლამენტის წევრის განცხადებით, ჯერ კიდევ თვეების წინ, მედიასაშუალებებით ლაპარაკობდა და დღესაც ასე ფიქრობს, რომ პროცესი უნდა გაჯანსაღდეს და გაცილებით პოზიტიური უნდა გახდეს, მათ შორის პარლამენტშიც და თუ ეს ვერ ხერხდება, ცვლილებებია საჭირო. გეგიძემ მისი კრიტიკული დამოკიდებულების კიდევ ერთ მაგალითად მოიყვანა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია.

ჟურნალისტების შეკითხვას, ხომ არ გახდა მიზეზი ის, რომ მხარი არ დაუჭირა დეპუტატ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმებას, ბიძინა გეგიძემ უპასუხა, რომ გამოძიება დაახლოებით ერთი წლით ადრეა დაწყებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის(სუს) ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის წევრი ბიძინა გეგიძე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზეა დაბარებული 2018 წლის აგვისტოში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რომელიც მის წინა სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება.

ბიძინა გეგიძე ვაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატია. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე გეგიძე „საქართველოს ფოსტის“ დირექტორის მოადგილე იყო.

19 აგვისტოს, 11 საათზე დაგეგმილ გამოკითხვაზე ბიძინა გეგიძე არ მივიდა. მისი ინფორმაციით, როცა გასულ შაბათს სუს-ის წარმომადგენლებმა უწყება მიუტანეს, წინასწარ აცნობა, რომ დანიშნულ დროს ვერ გამოცხადდებოდა.

გეგიძის თქმით, პრესკონფერენციის შემდეგ კომუნიკაცია ექნება სუს-თან და გადაწყდება, თუ როდის მივა გამოკითხვაზე. დეპუტატის ინფორმაციით, მისთვის ჯერჯერობით უცნობია რას იძიებს სუსი და ამას გამოკითხვის დროს გაარკვევს. ბიძინა გეგიძის განცხადებით, "საქართველოს ფოსტაში" დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კომპეტენციის ფარგლებში საქმიანობდა.

შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი გუგუტიანთკარში ჩავიდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალები ე.წ. საზღვრის გავლებას განაგრძობენ. ადგილზე არსებული ვითარების სანახავად ჩავიდა შვებულებიდან დაბრუნებული გორის მერი. ის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებსაც გაესაუბრა.

„ემოციურად ძალიან რთული იყო ყურება, რომ იმყოფებიან ჩვენს მიწაზე და ღობავენ. მივედი და ველაპარაკე, რომ ეს არის უკანონობა. ჩემი მოწოდება იყო, რომ გაეჩერებინათ ახლავე. პასუხი არ გამცეს, მარტო ის მითხრეს, რომ ასრულებენ ბრძანებას. მთელი დღე აქ ვიქნები და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შედის ჩემს შესაძლებლობაში, რომ არ მოხდეს ასეთი უკანონობა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ აღარ გაგრძელდეს ასეთ უკანონო „ბორდერიზაცია“. დარწმუნებული ვარ, რომ სულ მალე აღებული იქნება ეს უკანონო მავთულხლართები, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, რომელიც გუგუტიანთკარში იმყოფებოდა.

კონსტანტინე თავზარაშვილი შვებულების შემდეგ პირველად ჩავიდა გუგუტიანთკარში მას შემდეგ, რაც საოკუპაციო ძალებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. საზღვრის უკანონო აღმართვის პროცესი განაახლეს. მან დღესაც განაცხდა, რომ შვებულების მიუხედავად საქმის კურსში იყო და აკონტროლებდა სიტუაციას, გორის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების დახმარებით.

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან განაახლეს ე.წ. საზღვრის გავლება.

7 აგვისტოდან დაწყებული უკანონო სამუშაოები ბოლო სამი დღის განმავლობაში შეჩერებული იყო.

19 აგვისტოს, საოკუპაციო ძალების წამომადგენლებმა ადგილზე მიიტანეს ახალი ძელები, რომლებსაც დაამონტაჟებენ და მათზე ე.წ. სასაზღვრო ღობის აღმართვას გააგრძელებენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებების შედეგად, გუგუტიანთკარელი რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები და მიწის ნაკვეთები ოკუპირებულ ტერიტორიაზე ექცევა.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG