Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 7 აგვისტო


”ვის დაეხმარება წმინდა ბიძინა” - სტატიას ასეთი სათაურით ”ნეზავისიმაია გაზეტა” აქვეყნებს. სტატია საქართველოში საპარლამენტო არჩევნების თარიღის გამოცხადებას და საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყებას ეხება. ავტორი, იური სიმონიანი, საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს მიმოიხილავს და წერს: ”გავრცელებული აზრით, სააკაშვილს არჩევნების თარიღი შემთხვევით სულაც არ შეურჩევია. სწორედ ამ დღეს აპირებს სააკაშვილი, რომ გადამწყვეტი დარტყმა მიაყენოს ბიძინა ივანიშვილის ამბიციებს, თავის მთავარ და ამ მომენტისთვის ერთადერთ ანგარიშგასაწევ მეტოქეს”.

წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებისას სტატიის ავტორი რამდენიმე ფაქტორს გამოყოფს - მათ შორის, ყურადღებას აქცევს მედიის მდგომარეობას საქართველოში. სიმონიანი წერს, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” ხელშია სამი უმსხვილესი ხელმისაწვდომი ტელეარხი საქართველოში. ”ქართული ოცნების” რესურსები ამ კუთხით უფრო მცირეა და, პირველი აგვისტოდან ძალაში შესული ”must carry”-ს მიუხედავად, პროსახელისუფლებო არხებს მეტი აუდიტორია ჰყავთ. ავტორი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ ძალებს მეტი უპირატესობა აქვთ რადიოსადგურებში, რომელთა რიცხვშიც ძნელად თუ იპოვით ხელისუფლების მიმართ სიმპათიით განწყობილ FM-სიხშირეს. ”შესაძლოა ზუსტად ამ მიზეზით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მძღოლებს რადიოს ჩართვა აკრძალული აქვთ”, - წერს სიმონიანი და იქვე დასძენს, რომ ბეჭდურ მედიაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ სიმპათიები შედარებით თანაბარია.

სვანეთში დაკარგული ოთხი რუსი ალპინისტის შესახებ წერს ”ტრუდ”-ი. რუსული საინფორმაციო საშუალება, ქართული ტელეარხების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა და წერს, რომ რუსი ალპინისტები 4 აგვისტოს ქვათა ცვენაში მოყვნენ, რის შემდეგაც მათთან კონტაქტი გაწყდა. ”ტრუდ”-ი იქვე იხსენებს 2012 წლის იანვარში მომხდარ ინციდენტს, როცა ორი რუსი ალპინისტი, ტატიანა და მიხეილ ზახაროვები, მონბლანის დალაშქვრის დროს დაიღუპნენ.

”Московский комсомолец” - აქვეყნებს მონაცემებს იანვრიდან-ივლისამდე ბაშკირეთში დაკავებული არალეგალების შესახებ. გაზეთის ცნობით, ბაშკირეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ამ პერიოდში, ჯამში, დააკავეს 170 არალეგალი, აქედან 3 საქართველოს მოქალაქე. „Московский комсомолец“-ის მიხედვით, ”უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სპეციალურ თავშესაფარში” კიდევ 100 არალეგალი იმყოფება, რომლებსაც სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ რუსეთის ტერიტორიის დატოვება ემუქრებათ.

თავისი საზაფხულო შვებულების შესახებ ჰყვება გრიგორი ლოლიში ”Э́хо Москвы́”- ს ბლოგზე. ჟურნალისტმა შვებულება საქართველოში, ქობულეთში, გაატარა და შთაბეჭდილებების შესახებ ბლოგზე ახალი პოსტი გამოაქვეყნა. პოსტს დართული აქვს ფოტოები, რომლებიც ავტორმა აჭარაში ყოფნის დროს გადაიღო. მის ფოტოობიექტივში მოხვდნენ ქობულეთელი მეთევზეები და ახალი საოჯახო სასტუმროები, რომლებიც, როგორც თვითონ წერს, ”ისე მომრავლდნენ, როგორც სოკოები წვიმის შემდეგ”. ლოლიში ამბობს, რომ ასეთ ოჯახურ სასტუმროში ერთი ნომერი საშუალოდ 11 დოლარი ღირს. ავტორი წერს, რომ სერვისი საშუალო დონისაა, თუმცა აღნიშნავს, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა ახლა შენდება და ვარაუდობს, რომ აჭარა მალე უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის.
XS
SM
MD
LG