Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმატების ფორმულა: ცხენის ხორცი + კუმისი


ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ ვინოკუროვი (მარცხნივ) და მისი თანაგუნდელი ასან ბაზაევი.
ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ ვინოკუროვი (მარცხნივ) და მისი თანაგუნდელი ასან ბაზაევი.
ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე ბევრი გააკვირვა ყაზახეთის სპორტსმენთა წარმატებულმა გამოსვლამ. ამ ქვეყნის ათლეტთა ანგარიშზე თამაშების დახურვამდე ორი დღით ადრე 9 მედალია, აქედან ექვსი - ოქროსი; თანაც, მოკრივეთა ასპარეზობაში ყაზახეთის სამი სპორტსმენი ნახევარფინალში გავიდა, რაც კიდევ სამ მედალს ნიშნავს. უბრალოდ, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა ხარისხის იქნება ეს მედლები. მაინც, რა არის ყაზახეთის ოლიმპიური გუნდის წარმატების საიდუმლო?

ზოგი ფიქრობს, რომ ყაზახეთის სპორტსმენთა წარმატებაში მთავარი „დამნაშავე“ გამოცდილებაა; ზოგი ამბობს, რომ ეს მძიმე შრომისა და იღბლიანობის ნაზავია; არიან ისეთებიც, ვინც ამტკიცებს, რომ წარმატების საიდუმლო ცხენის ხორცში უნდა ვეძებოთ. ასეა თუ ისე, ფაქტი ფაქტად რჩება: ექვს ოლიმპიურ ოქროს მედალს ამ ქვეყნისგან არავინ ელოდა.

თამაშის დაწყებამდე ყაზახეთის ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტმა თავის სპორტსმენებს რთული ამოცანა დაუსახა: ლონდონში, სულ ცოტა, სამი „ოქროს“ მოპოვება. „პროგრამა-მინიმუმი“ ყაზახეთის ოლიმპიელებმა 200-პროცენტიანი გადაჭარბებით შეასრულეს - თანაც, თამაშების დამთავრებამდე რამდენიმე დღით ადრე.

„ოქროს ციებ-ცხელება“ ყაზახეთისთვის ოლიმპიადის საზეიმო გახსნის მეორე დღესვე, 28 ივლისს, დაიწყო, როცა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა ველომრბოლელმა ალექსანდრ ვინოკუროვმა. შემდეგ 38 წლის ვეტერანს მხარი აუბეს ძალოსნებმა. განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი ქალებმა, რომლებმაც სამი „ოქრო“ მოიპოვეს: ზულფია ჩინშანლომ გაიმარჯვა 53 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში; მაია მანეზამ - 63 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში; ხოლო სვეტლანა პოდობედოვამ ყველას აჯობა 75 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. ვაჟთა შეჯიბრებაში თავი გამოიჩინა ილია ილინმა, რომელმაც პირველობა მოიპოვა 94 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. გავიდა კიდევ რამდენიმე დღე და ყაზახეთის ოლიმპიურ დელეგაციას კიდევ ერთი „ოქრო“ შეემატა: მძლეოსანმა ოლგა რიპაკოვამ სამმხტომელთა ასპარეზობაში გაიმარჯვა.
ოლგა რიპაკოვა ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობისას
ოლგა რიპაკოვა ლონდონის ოლიმპიადაზე ასპარეზობისას

ყაზახეთის სპორტსმენებს უწინაც გაუმარჯვიათ ოლიმპიურ თამაშებზე. ოთხი წლის წინ, პეკინში, მათ, მაგალითად, ორი ოქროს მედალოსანი ჰყავდათ. არაერთი ოლიმპიური ჩემპიონი ჰყოლია ყაზახეთს საბჭოთა პერიოდშიც. მაგრამ ლონდონში მოპოვებულ ექვს „ოქროს“ ვერც ერთი უწინდელი წარმატება ვერ გაუტოლდება.

ასტანაში გამომავალი გაზეთ „სპორტის“ მთავარი რედაქტორი და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი ნესიპ იუნისბეი ამბობს, რომ წარმატების ფორმულა მარტივია: გამოცდილება, თავდაუზოგავი შრომა, ფული და, რა თქმა უნდა, ზემოთ უკვე ნახსენები იღბალი.

„ვინოკუროვისგან ოქროს მედალს არ ველოდით, რადგან ის თითქმის 40 წლის არის და თან ერთი კვირით ადრე მონაწილეობა მიიღო „ტურ დე ფრანსში“, სადაც წარუმატებლად იასპარეზა - ვერც ერთი ეტაპი ვერ მოიგო. ძალიან დაღლილი იყო. ვფიქრობდით, რომ ვინოკუროვი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო საუკეთესოთა ათეულში ან ხუთეულში, ან, იქნებ სულაც სამეულშიც, მაგრამ მისგან ოქროს მედალს არავინ ელოდა. თავისი გამარჯვებით მან სხვებსაც სტიმული მისცა“, აღნიშნავს ნესიპ იუნისბეი.

გამოცდილებამ, როგორც ჩანს, მართლაც დიდი როლი შეასრულა ყაზახეთის სპორტსმენების ოლიმპიურ წარმატებაში: ჩინშანლო, მანეზა, რუპაკოვა და ილინი მსოფლიო ჩემპიონები არიან და ყველა მათგანს მოპოვებული აქვს სხვადასხვა ხარისხის მედლები აზიის თამაშებში.

ყაზახეთის სპორტის მესვეურები წარმატებით მიმართავენ მეთოდს, რომელიც საერთაშორისო სპორტში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს: წარმატებული, გამოცდილი სპორტსმენების მოზიდვას სხვა ქვეყნებიდან. ისინი მათ ყაზახეთის მოქალაქეობასა და დიდ ანაზღაურებას სთავაზობენ. მაგალითად, ლონდონის ოლიმპიადის ჩემპიონი მანეზა წარმოშობით მეზობელი ყირგიზეთიდან არის, ხოლო ჩინშანლო - ასევე მეზობელი ჩინეთიდან. პოდობედოვა, ვიდრე ყაზახეთის მოქალაქე გახდებოდა, რუსეთის სახელით ასპარეზობდა.

დღეს უკვე დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ინვესტიციამ გაამართლა. როგორც ნესიპ იუნისბეი ამბობს, ყაზახეთის მთავრობამ სპორტი პრიორიტეტად აქცია და მის დასაფინანსებლად სახსრებს არ იშურებს. საუკეთესო სპორტსმენებს დაუქირავეს მაღალკვალიფიციური მწვრთნელები, ათლეტებს საშუალება მისცეს, სისტემატურად გაიარონ უმაღლესი ხარისხის საწვრთნელი შეკრებები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

„საიდუმლო არ არის, რომ მაღალი კლასის სპორტსმენის მომზადებაში ფული უდიდესი როლს ასრულებს“ - გვეუბნება იუნისბეი.

თუმცა, ერთი ყაზახი ჩემპიონის გამარჯვების საიდუმლო, როგორც ზოგი ამტკიცებს, უკავშირდება, არც მეტი, არც ნაკლები, ცხენს.
სულ რამდენიმე წამის წინ ილია ილინმა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა
სულ რამდენიმე წამის წინ ილია ილინმა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება მოიპოვა

გამარჯვებულთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სულ ახალი დამთავრებული იყო, როცა ოქროს მედალოსანმა, ძალოსანმა ილინმა ჟურნალისტებს თავისი გამარჯვების „რეცეპტი“ გააცნო: ცხენის ხორცი და ცხენის რძისგან დამზადებული ტრადიციული შუააზიური სასმელი კუმისი.

ილინის თქმით, ცხენის ხორცი იდეალური საკვებია, რადგან ადვილია მოსანელებლად: არ გეხარჯება ენერგია და არ გიწევს გადაამუშავო რთული საკვები, როგორიცაა, მაგალითად, ბატკნის ან ღორის ხორციო, ამტკიცებს ოლიმპიური ჩემპიონი.
XS
SM
MD
LG