Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეშტონი და ფიულე: საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის


ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო „მნიშვნელოვანი პარტნიორია“ ევროკავშირისათვის და ბრიუსელი ემხრობა ამ ქვეყანასთან „უაღრესად დინამიური ურთიერთობების“ კიდევ უფრო გაღრმავებას. საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც 3 სექტემბერს გაავრცელეს ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კეთრინ ეშტონმა და ევროკომისარმა გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ. განცხადებაში საუბარია პრობლემურ სფეროებზეც. ეშტონი და ფიულე აღნიშნავენ, რომ საქართველო დგას „დემოკრატიის კონსოლიდაციის“ ამოცანის წინაშე და რომ ევროკავშირი დიდ მოლოდინს უკავშირებს საქართველოში 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. იქვე გამოთქმულია შეშფოთება წინასაარჩევნო დაპირისპირებაში მზარდი დაძაბულობის გამო. განცხადების ბოლოს ეშტონი და ფიულე კვლავ ადასტურებენ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოხატავენ ევროკავშირის ნებას, კვლავაც შეასრულოს აქტიური როლი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობით და საქართველოში ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიით.
XS
SM
MD
LG