Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი რეიტინგით „ქართული ოცნება“ ლიდერობს


გერმანული სოციოლოგიური და კვლევითი ინსტიტუტის forsa-ს მიერ გამოქვეყნებულ პოლიტიკოსთა ნდობის რეიტინგში ბიძინა ივანიშვილი ლიდერობს. როგორც ორგანიზაციის მიერ 12 სექტემბერს გამართული სოციალოგიური კვლევის პრეზენტაციაზე ითქვა, ბიძინა ივანიშვილს ნდობას გამოკითხულთა 49% უცხადებს, მეორე ადგილზე მოდის პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი 48%, მესამეზე კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 47%-ით. კვლევის შედეგები მედიას აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში პიტერ მატუშეკმა გააცნო. შემდეგ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რესპონდენტთა უმეტესობა მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა. შესაბამის შეკითხვაზე "ქართული ოცნების" სასარგებლოდ ხმა მისცა რესპონდენტთა 49%-მა, მეორე ადგილს კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იკავებს 43%-ით. გამოკითხულთა 6% მოდის "ქრისტიან-დემოკრატებზე", სხვა პარტიებს კი ხმას მისცემდა რესპონდენტთა 2%. გარდა ამისა, გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობის აზრით, ქვეყანაში არსებული პრობლემების გადაჭრას არსებულ პოლიტიკურ ძალებს შორის ყველაზე ეფექტურად კოალიცია "ქართული ოცნება" შეძლებს. საქართველოში საზოგადოებრივი გამოკითხვა 17 აგვისტოდან 30 აგვისტომდე პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში 2008 რესპონდენტი პირდაპირი ინტერვიუს გზით გამოიკითხა, რესპონდენტები კი შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩნენ. კვლევითი ცენტრი forsa გერმანული კომპანიაა, რომელიც 1984 წელს დაარსდა. ცენტრი სოციოლოგიურ და პოლიტიკურ კვლევებს საერთაშორისო მასშტაბით ატარებს. ამ ორგანიზაციის კვლევის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება აშშ-ის ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის დაკვეთით ცოტა ხნის წინ ჩატარებული ანალოგიური კვლევის შედეგებს. გამოკითხვით, რომლის საველე სამუშაოები 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით გაიმართა, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ გამოკითხულთა 37 პროცენტი უჭერს მხარს, ”ქართულ ოცნებას” - 12 პროცენტი, „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას“ - 3 პროცენტი, ხოლო დანარჩენ პარტიებს - 2 პროცენტი.
XS
SM
MD
LG