Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში „მილიონთა მარშზე“ რეზოლუცია მიიღეს


მოსკოვში ოპოზიციის მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე, რომელსაც „მილიონთა მარშს“ უწოდებენ, მიიღეს რეზოლუცია რამდენიმე მოთხოვნით. მათ შორის არის ქვეყნის ლიდერების გადადგომის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და სოციალური ხარჯების მკვეთრად გაზრდის მოთხოვნები. ოპოზიციურ ჯგუფ „მემარცხენე ფრონტის“ კოორდინატორმა, სერგეი უდალცოვმა მიტინგზე გამოსვლისას მოუწოდა შეკრებილებს, რომ ჯერ ნუ დაიშლებიან და 20 ოქტომბერს ჩაატარონ შემდეგი ასეთი აქცია. „მილიონთა მარშის“ ორგანიზატორებს აქვთ მოსკოვის მერიისაგან მიღებული ნებართვა, რომ ადგილობრივი დროით 22 საათამდე გააგრძელონ შაბათის გამოსვლა. დღეს მიტინგზე გამომსვლელებს შორის იყვნენ აგრეთვე ოპოზიციის ლიდერები გარი კასპაროვი, ალექსეი ნავალნი, ბორის ნემცოვი და სხვები. როგორც მათმა თანამოაზრემ, მიხაილ კასიანოვმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო როიტერსის კორესპონდენტს: „ჩვენ ეს უნდა გავაგრძელოთ - ხელისუფლებაზე ზეწოლა. მთავარი მიზანია პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური რეპრესიებისათვის ბოლოს მოღება და ხელისუფლების იძულება, შეუდგეს მოლაპარაკებას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან, თავისუფალი არჩევნების გასამართად“, განაცხადა კასიანოვმა. არ გავრცელებულა ინფორმაცია რაიმე ინციდენტის შესახებ. „მილიონთა მარშთან“ დაკავშირებით, მოსკოვის ცენტრში დილიდან დაიკავა პოზიციები 7000-მდე პოლიციელმა.
XS
SM
MD
LG