Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანელი მეამბოხეები ამერიკულ ფილმს ასახელებენ ქაბულთან თავდასხმის მიზეზად


ავღანელი ექსტრემისტები გახმაურებულ ამერიკულ ფილმს ასახელებენ დღეს ქაბულის აეროპორტთან მოწყობილი თავდასხმის მიზეზად. თვითმკვლელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის, სულ ცოტა, შვიდი უცხოელი. მეამბოხეების ჯგუფი „ჰეზბ-ე-ისლამი“ აცხადებს, რომ აფეთქება იყო ანგარიშსწორება ამერიკაში კერძო პირის მიერ შექმნილი ფილმისათვის, რომელშიც დასცინიან წინასწარმეტყველ მუჰამედს. ფილმი მძაფრ პროტესტს იწვევს მუსლიმურ ქვეყნებში. საპროტესტო აქციები იმართება ავღანეთშიც. ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილე დაუდ ამინის განმარტებით: "როგორც იცით, ბოლო ორი-სამი დღეა, ხალხი დემონსტრაციებზე გადის. ჩვენ უშიშროების ძალები გავაგზავნეთ იქ, სადაც დემონსტრაციები იმართება, ამიტომ უკიდურესი ზეწოლის ქვეშ ვართ. ასეთ პირობებში, როცა დემონსტრაციები იმართება, ჩვენი მტრები ცდილობენ, გამოიყენონ შანსი და დაგეგმონ თვითმკვლელი თავდამსხმელების აფეთქებები. გზაზე, საიდანაც ეს მანქანა მოდიოდა, ბლოკ-პოსტები დგას. ჩვენ გამოძიება დავიწყეთ“, - უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს ქაბულის პოლიციის უფროსის მოადგილემ. ორშაბათს ასობით ავღანელმა ავტომანქანები დაწვა და ქვები დაუშინა ქაბულთან მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას. ფილმით გამოწვეულმა პროტესტმა და ძალადობამ, სულ ცოტა, 19 ადამიანი შეიწირა, მათ შორის ლიბიაში აშშ-ის ელჩი და კიდევ სამი ამერიკელი დიპლომატი.
XS
SM
MD
LG