Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში იმყოფებიან ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები


ცხინვალში იმყოფებიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები, რომლებიც დღეს შეხვდნენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს. სააგენტო ”რესის” ცნობით, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლებთან ფილიპ ლეფორთან, ანტი ტურუნენთან და პოდრიგ მერფისთან შეხვედრისას ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეინიშნება ქართული მხარის სამხედრო მზადება, რასაც ცხინვალში უკავშირებენ რესპუბლიკად სამხრეთ ოსეთის გამოცხადებიდან 22-ე წლისთავს, რომელიც ორ დღეში აღინიშნება. თიბილოვმა ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს განუცხადა, რომ მოსალოდნელი პროვოკაციის გამო პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას დაეკისრება. სააგენტო ”რესს” მოჰყავს ეუთოს წარმომადგენლის პოდრიგ მერფის განცხადებაც იმის შესახებ, რომ სამხედრო კონფლიქტის განახლების გამორიცხვა და ამ შიშისგან ადამიანების გათავისუფლება საერთო მიზანია და მის მისაღწევად აუცილებელია მოლაპარაკებისას საკითხების ღიად განხილვა. ცხინვალში ჩასვლამდე ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები 17 სექტემბერს სოხუმში იმყოფებოდნენ. ჟენევის დისკუსიის 21-ე რაუნდი 10-11 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
XS
SM
MD
LG