Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში გაიმართა ცხარე დებატები პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის


შეერთებულ შტატებში ცხარე დებატები გაიმართა პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის. ეს იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას და მისი რესპუბლიკელი მეტოქის, მიტ რომნის მეორე ტელედებატი, რომელიც მიეძღვნა ეკონომიკის საკითხებსა და ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების პოლიტიკას. პირველი ტელედებატებისაგან განსხვავებით, პრეზიდენტობის კანდიდატები პასუხობდნენ არა ჟურნალისტის, არამედ დარბაზში შეკრებილების შეკითხვებს. რომნიმ, რომელიც მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორია, მკაცრად გააკრიტიკა ეკონომიკის სფეროში ობამას პოლიტიკა. „პრეზიდენტის პოლიტიკა ხორციელდება ბოლო ოთხი წელია და მას არ დაუბრუნებია ამერიკელები სამუშაო ადგილებზე. დღეს ნაკლები ადამიანი მუშაობს, ვიდრე მანამდე, ვიდრე პრეზიდენტი შეუდგებოდა მოვალეობის შესრულებას“, განაცხადა რომნიმ. თავის მხრივ, ობამამ, რომელიც წინა დებატისაგან განსხვავებით, აქტიურობით გამოირჩეოდა, ასევე მწვავედ გააკრიტიკა მეტოქე. რომნის, მისი თქმით, ერთადერთი გეგმა აქვს: „და ეს გეგმაა იმის უზრუნველყოფა, რომ საზოგადოების ზედა ფენაში მყოფები სხვა წესებით თამაშობდნენ. ეს არის მისი ფილოსოფია კერძო სექტორში, ეს არის მისი, როგორც გუბერნატორის ფილოსოფია. ეს არის მისი, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის ფილოსოფია“, განაცხადა ბარაკ ობამამ დებატზე, რომელიც ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ჰემპსტედში ჩატარდა. 22 ოქტომბერს გაიმართება პრეზიდენტობის კანდიდატების მესამე, ბოლო დებატი, რომელიც საგარეო პოლიტიკას დაეთმობა.
XS
SM
MD
LG