Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2012 წლის 23 ოქტომბერი


ახალი პარლამენტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სპეციალური საგამოძიებო კომისიის მუშაობა იქნება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მომხდარ რეზონანსულ საქმეებს გამოიძიებს, წერს ”იზვესტია”. ”უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით არაერთი კითხვა დაგროვდა“, იტყობინება პუბლიკაციის ავტორი და იქვე პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტს იხსენებს: ”მაგალითად, ცოტას თუ სჯერა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიის, რომლის მიხედვითაც ის 2005 წელს ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დაიღუპა. ახალი მოწვევის პარლამენტში ზურაბ ჟვანიას ძმა, გიორგი ჟვანია მოხვდა. ის მიზნად ისახავს ახლიდან შეისწავლოს ამ ტრაგედიის დეტალები”, - წერს ჟურნალისტი.

უკანასკნელი დღეების ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზეც წერს ”იზვესტია”. საქმე ეხება რუსულენოვანი ტელეკომპანია ”პიკის” დახურვას. მცირე ინტერვიუს, რომელიც გამოცემის ჟურნალისტმა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის ეკატერინე კოტრიკაძისგან ჩაიწერა, ასეთი სათაური აქვს: ”პიკის დახურვა საქართველოში ხელისუფლების ცვლილებასთან არ არის დაკავშირებული”. ეკატერინე კოტრიკაძე ”იზვესტიას” ეუბნება, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობის ერთ-ერთ მთავარ არგუმენტს, თუ რატომ დაიხურა ”პიკი”, ის არასანქცირებული მდუმარე პროტესტი წარმოადგენს, რომელიც ტელეკომპანიის თანამშრომლებმა სატელევიზიო ეთერით გამოხატეს. მათი განცხადებით, ჩვენ ამ ნაბიჯით „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დისკრედიტირება მოვახდინეთ”, - ამბობს ეკატერინე კოტრიკაძე. ის ინტერვიუში გამოთქვამს ეჭვს იმის თაობაზეც, რომ ტელეკომპანიის დახურვის მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემებია. სწორედ ამიტომ ეკატერინე კოტრიკაძე მოითხოვს „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ ჩატარდეს დამოუკიდებელი ფინანსური აუდიტი, რათა გაირკვეს, სად წავიდა ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომელიც, კონტრაქტის მიხედვით, ტელეკომპანიისათვის იყო განკუთვნილი: ” ‘საზოგადოებრივი მაუწყებლის’ ბიუჯეტს პარლამენტი ამტკიცებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად წავიდა კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ორი თვის თანხა, როგორ და ვინ გამოიყენა ეს თანხა“, - აცხადებს ეკატერინე კოტრიკაძე ”იზვესტიასთან” საუბარში.

”კომერსანტის” ავტორი კი მერვე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შესახებ წერს და მიუთითებს, რომ დეპუტატები უკვე ღიად კამათობენ იმის შესახებ, უნდა დაბრუნდეს თუ არა პარლამენტი ქუთაისიდან საქართველოს დედაქალაქში, თბილისში. პარლამენტის ახალი შენობა ქვეყნის ბიუჯეტს 160 მილიონი დოლარი დაუჯდა, ამბობს ჟურნალისტი და იქვე ამატებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა თავიდანვე იზრუნეს იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში აღარ დაბრუნებულიყო: ”ძველი შენობა, სადაც 1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა ცნეს, არაოფიციალური ინფორმაციით, უცნობმა ინვესტორმა იყიდა და, ამ მიზეზით, შენობაში მასშტაბური რეკონსტრუქცია დაიწყო”, - წერს ”კომერსანტი“.

”მოსკოვსი კომსომოლეცი” კი იმის შესახებ იტყობინება, რომ ”საქართველომ ”ოცნება” აიხდინა“ და ამ ოცნების ახდენის რამდენიმე შესაძლო მიზეზზე წერს: ”ეჭვი არ არსებობს, რომ მიხეილ სააკაშვილზე ზეწოლა ამერიკელებმა განახორციელეს, რომელთათვისაც საქართველოში სიტუაციის გამწვავება და ქმედებების კონსტიტუციური ჩარჩოდან ამოვარდნა იმ პროექტის კრახი იქნებოდა, რომელშიც დიდი ფულია ჩადებული”, - წერს პუბლიკაციის ავტორი. თუმცა ჟურნალისტი იქვე ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების კიდევ ერთ ვერსიაზე საუბრობს: ”არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიცია სააკაშვილის მიმართ სერიოზულ კომპრომატებს ფლობს. საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიები პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას აანონსებდნენ, თუმცა არანაირი კადრები აღარ გამოქვეყნებულა. იქნებ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის ”სამაგალითო საქციელზე” გაიცვალა?“ - კითხულობს ”მოსკოვსკი კომსომოლეცის” ჟურნალისტი.
XS
SM
MD
LG