Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობის სხდომაზე განიხილეს უსახლკარო მოქალაქეების საკითხი


დღეს სახელმწიფო კანცელარიაში გაიმართა საქართველოს მთავრობის სხდომა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა სამოქმედო გეგმა, რომლითაც აპირებს ბოლო პერიოდში სხვადასხვა დაწესებულებაში შეჭრილი მოქალაქეების პრობლემების მოგვარებას. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სხვადასხვა შენობა 1660-მა ადამიანმა დაიკავა. მინისტრის განმარტებით, სამთავრობო გეგმის პირველი ეტაპია ამ მოქალაქეთა აღწერა, რადგან არსებული მონაცემებით, მათი ნაწილი რეალურად არ განეკუთვნება სოციალურად დაუცველების და დევნილების კატეგორიას. სერგეენკოს განცხადებითვე, ანკეტირების შედეგად მოქალაქეთა დასახმარებლად მიიღებენ დამატებით ინფორმაციასაც, მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ. ”გარდა ამისა, აღწერისას უნდა გაირკვეს სოციალურად დაუცველ ოჯახებში არსებობს თუ არა ერთი ადამიანი მაინც, რომელიც შრომისუნარიანია, რათა მათ დასაქმება შევთავაზოთ” - განაცხადა დავით სერგეენკომ. მისივე თქმით, ყველაზე მთავარი ამოცანაა, გამოიძებნოს საბიუჯეტო თანხები, რათა ყველაზე ღარიბი ოჯახების ბინის ქირით დაკმაყოფილება დაიწყოს. მინისტრის ცნობით, 50-დან 16 შენობაში, სადაც მოქალაქეები უნებართვოდ შეიჭრნენ, სოციალური აგენტები უკვე მუშაობენ და მომავალი კვირის ბოლოსთვის შესაძლებელი იქნება ყველაზე დაუცველი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის და ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარების დაწყება.
XS
SM
MD
LG