Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის დაღესტანში ძალადობის მიზეზი?


კვირას, 11 ნოემბერს, დაღესტანში მოკლეს იმამი, რის შედეგადაც ჩრდილოეთ კავკასიის ამ რესპუბლიკაში ექვსამდე გაიზარდა წელს მოკლული მუსლიმი სასულიერო პირების რიცხვი. რა არის დაღესტანში მათ მიმართ ძალადობის და, ზოგადად, მზარდი ძალადობის მიზეზი?

აფეთქებები, რომლებსაც პოლიციის სადგურებზე აწყობენ თვითმკვლელი თავდამსხმელები; მუსლიმი სასულიერო პირების მკვლელობები, მეამბოხეებსა და უშიშროების ძალებს შორის შეტაკებები - ასეთ ინციდენტებზე ხშირად არის საუბარი დაღესტნიდან მოსულ ცნობებში. გასული თვის მიწურულს დაუდგენელმა შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს იმამი, ოჯახის ორ წევრთან ერთად, როცა ეს სამი მამაკაცი მანქანით მიეშურებოდა ქალაქ დერბენტის მეჩეთში სალოცავად. სულ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ცნობა კიდევ ერთ თავდასხმაზე: შეიარაღებულმა პირებმა საკუთარ სახლში მოკლეს ხაჯი ალიევი - იმამი სოფელ ხაჯალმახიში.

ექსპერტები არ ეჭვობენ, რომ დაღესტანი ყველაზე არასტაბილური რესპუბლიკა გახდა ჩრდილოეთ კავკასიაში - კონფლიქტებით და ამბოხებით მოცულ რეგიონში. რატომ დაღესტანი? რა ფაქტორები იწვევს ძალადობის მატებას ამ რესპუბლიკაში?

ინგუშეთთან, ყაბარდო-ბალყარეთთან და, შედარებით ნაკლები მასშტაბით, ჩეჩნეთთან ერთად, დაღესტანზე ვრცელდება ისლამისტების შეიარაღებული ამბოხება, დოკუ უმაროვის ხელმძღვანელობით. მიზანია ჩრდილოეთ კავკასიაში სახალიფოს შექმნა, ანუ ისლამური თეოკრატიული მმართველობის დამყარება.
უმუშევრობის მწვავე პრობლემა, ცხოვრების მძიმე პირობები, ადამიანის უფლებების ხშირი დარღვევა ზრდის უკმაყოფილებას, რომელიც ახალ თაობასაც უბიძგებს ისლამისტურ ამბოხებაში მონაწილეობისაკენ... დაღესტნის შემთხვევაში განსაკუთრებულია ის, რომ ძლიერ გავლენას ახდენს ისლამის რადიკალური იდეოლოგიები, განმარტავს კავკასიის ექსპერტი მოსკოვის კარნეგის ცენტრში, ალექსეი მალაშენკო:

„განსხვავება მდგომარეობს ძალიან ძლიერი არაოფიციალური ისლამის არსებობასა და ოპოზიციის რიგებში არსებულ ძალიან ძლიერ ისლამში. განსხვავება მდგომარეობს ისლამიზაციის დონეშიც - დაღესტანი არის ყველაზე ისლამიზებული რესპუბლიკა ამ რეგიონში“.
სალაფიზმის იდეის მიმდევარი იმამის შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს შურისძიებასთან სუფიზმის მიმდევრებისაგან ...

ამას ემატება დაძაბულობა სხვადასხვა ისლამური იდეოლოგიის მიმდევრებს შორის. გასული თვის მიწურულს, 30 ოქტომბერს, დაღესტანში სალაფიტი იმამის, კალიმულა იბრაგიმოვის მკვლელობამ, ექსპერტების შეფასებით, ცხადყო უთანხმოება სუფიზმისა და სალაფიზმის მიმდევრებს შორის. და აი, რატომ: 49 წლის იბრაგიმოვი იყო სალაფიზმის, ანუ ისლამის ზოგ სხვა მიმდინარეობაზე, მათ შორის, სუფიზმზე უფრო რადიკალური იდეოლოგიის მიმდევრების სულიერი წინამძღოლი. და ის მოკლეს სულ რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც სუფიებმა აღნიშნეს თავიანთი შეიხის, სირაჟუდინ ისრაფილოვის მკვლელობის წლისთავი:

„სალაფიზმის იდეის მიმდევარი იმამის შემთხვევაში შეიძლება საქმე გვქონდეს შურისძიებასთან სუფიზმის მიმდევრებისაგან, რომლებმაც თავიანთი შეიხის გარდაცვალების წლისთავზე გადაწყვიტეს დარტყმა მიეყენებინათ იმათთვის, ვის გამოც, მათი რწმენით, იქნა მოკლული მათი შეიხი“.

ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების ექსპერტი მაირბეკ ვაჩაგაევი, პარიზში დაფუძნებული ინსტიტუტის, „კავკასიის კვლევის ცენტრის“ დირექტორი. მისი აზრით, ასეთი თავდასხმები სალაფიტების რადიკალიზაციას გამოიწვევს და ხელს შეუშლის სუფიებთან მათ დაახლოებას.
იმამებზე თავდასხმების გახშირებას ექსპერტები იმით ხსნიან, რომ მათი მკვლელობა - საზოგადოებაში ავტორიტეტის გამო - დიდ ყურადღებას იპყრობს; თან, დაღესტანში სასულიერო პირზე თავდასხმა იოლია. ჩეჩნეთისაგან განსხვავებით, დაღესტანში, ისევე როგორც ინგუშეთსა და ყაბარდო-ბალყარეთში, იმამებს არ ენიშნებათ ოფიციალური დაცვა.
ერთადერთი გზა, რომელიც პუტინის ტვინში არსებობს, არის ბრძოლა - სულ უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა. ამას არ მივყავართ სასურველ შედეგამდე ...

ალექსეი მალაშენკოს მონაცემებით, ბოლო ექვს წელიწადში 40-მდე იმამი და მუფტია მოკლული ჩრდილოეთ კავკასიაში - ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან დაღესტნამდე ტერიტორიაზე. გასულ თვეში, 16 ოქტომბერს, რუსეთის პრეზიდენტმა მოუწოდა რუსეთის სამართალდამცავ ორგანოებს, გადაჭრით იმოქმედონ მეამბოხეების გასანადგურებლად 2014 წლის ოლიმპიურ თამაშებამდე, რომლებსაც, როგორც ცნობილია, სოჭი უმასპინძლებს.

იქვე ვლადიმირ პუტინმა დაადასტურა ის, რასაც დიდი ხანია, ამბობენ ექსპერტები - რომ დაღესტანში რუსი სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ კონტრტერორისტულ ოპერაციებში. თუმცა, მალაშენკოს აზრით, არმიის გამოყენება საქმეს არ შველის - ის მხოლოდ ხაზს უსვამს რესპუბლიკაში კრემლის პოლიტიკის წარუმატებლობას:

„ერთადერთი გზა, რომელიც პუტინის ტვინში არსებობს, არის ბრძოლა - სულ უფრო მეტი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნა. ამას არ მივყავართ სასურველ შედეგამდე. ეს უკვე რამდენჯერმე გაკეთდა და რეალობაში გამოდის, რომ დაღესტანში სამოქალაქო ომია“.
XS
SM
MD
LG