საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გამოავლინა დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის რამდენიმე ფაქტი, რომელშიც მხილებულნი არიან მაღალი თანამდებობის პირები. საქართველოს მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა ხათუნა პაიჭაძემ დაასახელა 2012 წლის 8 სექტემბერს "ერთიანმა ნაციონალური მოძრაობის მიერ საქართველოს 11 ქალაქში გამართული ყრილობისათვის რამდენიმე ათასი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების დაქირავება, რომელთა საწვავით უზრუნველსაყოფად „შემუშავდა პარტიული ღონისძიების "შავი არხით" დაფინანსების თვალთმაქცური სქემა“. გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულთან ბრძოლისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ბიუჯეტიდან მიზნობრივად შესყიდული საწვავიდან შს მინისტრის იმჟამინდელი მოადგილის ნიკოლოზ ძიმცეიშვილის და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ლევან ქარდავას ორგანიზებით, 54 000 ლიტრი დიზელის საწვავის ტალონები გადაეცა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ალექსანდრე ქობალიას“. პაიჭაძისვე ინფორმაციით, ქობალიამ შს სამინისტროსთვის განკუთვნილი, დანაშაულებრივად მოპოვებული საწვავის ტალონები გადაუნაწილა 393 მიკროავტობუსის მძღოლს. "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ფაქტობრივი ხარჯების შენიღბვისა და ხელოვნურად შემცირების მიზნით გააყალბა ანგარიშების დოკუმენტები და მიუთითა თითქოს აქციაში მხოლოდ 93 მიკროავტობუსი მონაწილეობდა. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას", - განაცხადა ხათუნა პაიჭაძემ. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებისას გამოიკვეთა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" უკანონო წარმომავლობის თანხებით დაფინანსების რამდენიმე სხვა ფაქტიც. "კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ 2012 წლის 23 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქციის ორგანიზებისთვის საჭირო სატრანსპორტო ხარჯები - 120 000 ლარი, ფარულად, საფინანსო დეკლარაციაში ყოველგვარი ასახვის გარეშე თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძემ გადაიხადა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად წარმოადგენს პარტიის სასარგებლოდ განხორციელებულ უკანონო შემოწირულობას", - აღნიშნა პაიჭაძემ. პაიჭაძის თქმით, შესაბამისად, სათანადოდ მასალები გადაეგზავნება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება. მისი თქმით, საქმეში არის 100-ზე მეტი მოწმე, მათ შორის ტრანსპორტის კომპანიის თანამშრომლები, მიკროავტობუსების მძღოლები და შსს-ს თანამშრომლები.
ყველაზე პოპულარული
1