Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის პროცედურები იწყება


კახეთში სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის პროცედურები დღეიდან იწყება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თენგიზ შერგელაშვილის განმარტებით, სამინისტროსგან მიღებული, ბენეფიციართა სიის საფუძველზე მათ ანგარიშებს ბანკი "ქართუ" გაუხსნის. შერგელაშვილის ინფორმაციით, 22 იანვარს სამინისტრო როგორც ბანკს, ასევე მუნიციპალიტეტების გამგეობებს გაუგზავნის სიას იმ 3 ათასი ბენეფიციარისა, რომლებიც თანხას პირველ ეტაპზე მიიღებენ, კვირის ბოლოს კი მზად იქნება კიდევ 3000 ბენეფიციარის სია. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, საერთო ჯამში 28 ათას 500 ოჯახი მიიღებს კომპენსაციას, რომლის მოცულობა თითოეული ოჯახის მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე განისაზღვრა. შესაბამის თანხას დაზარალებულები ბანკ ”ქართუს” ფილიალებში მიიღებენ და ეს პროცესი 5-6 კვირას გაგრძელდება. დღეს ბანკმა ”ქართუმ” გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ყოველ კონკრეტულ დასახლებულ პუნქტში მოქალაქეს წინასწარ ეცნობება, თუ რომელ დღეს ჩაერიცხება მისთვის განკუთვნილი თანხა და შესაბამის სიებს ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები გაავრცელებენ.
XS
SM
MD
LG