ერაყის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ქირქუქში პოლიციის შტაბბინაზე თავდასხმისას სულ ცოტა 33 ადამიანი დაიღუპა და 70 დაიჭრა. როგორც იტყობინებიან, თვითმკვლელმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა შენობის მახლობლად, რის შემდეგაც მეამბოხეთა ჯგუფი შეეცადა, იერიშით აეღო შტაბბინის შენობა. მაგრამ ეს მათ ვერ მოახერხეს. ჯერჯერობით მომხდარისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. თვითმხილველთა თქმით, თავდამსხმელები პოლიციის ფორმაში იყვნენ გამოწყობილი. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ეს ამ მასშტაბის მესამე თავდასხმაა ამ ქალაქში. ქირქუქი, რომელიც შერეული ეთნიკური შემადგენლობით გამოირჩევა, ერაყში ნავთობის მრეწველობის ცენტრია. ნავთობიდან მიღებულ შემოსავლებს ერთმანეთში ინაწილებენ ცენტრალური ხელისუფლება და ქურთების ავტონომიური რეგიონი, რომლის ტერიტორიაზეც მდებარეობს ქირქუქი. შემოსავლების განაწილება ხშირად არის ხოლმე დავის საგანი.
ყველაზე პოპულარული
1