აზერბაიჯანში ოპოზიციის ორ ლიდერს წაუყენეს მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდება. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტია „მუსავათის“ თავმჯდომარის მოადგილე ტოფიკ იაღუბლუსა და მოძრაობა „რეალის“ ხელმძღვანელს, ილქარ მამადოვს დიდი ჯარიმა, ან სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ორი ოპოზიციონერის ადვოკატებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათი კლიენტები მალე წარდგებიან სასამართლოს წინაშე. ბრალდებები უკავშირდება საპროტესტო აქციებს, რომლებიც ბაქოს ჩრდილო-დასავლეთით, 150-მდე კილომეტრში მდებარე ქალაქ ისმაილიში გაიმართა. 23 იანვარს ისმაილის ათასობით მკვიდრმა მოითხოვა რაიონის გუბერნატორის გადადგომა, ცეცხლი წაუკიდა მის რეზიდენციას, ავტომანქანებსა და ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროს. მომდევნო დღეს ისმაილიში ჩავიდნენ იაღუბლუ და მამადოვი, რომლებმაც დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდეს ადგილობრივ მოსახლეობას. პოლიციამ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრანტების დასაშლელად.
ყველაზე პოპულარული
1