Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობას სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უკანონო შესვლის აკძალვის შერბილება სურს


სააგენტო სივილ ჯორჯიას ცნობით, საქართველოს მთავრობა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის ინიცირებას გეგმავს, რომლის თანახმადაც სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში იმ ტერიტორიებიდან შესვლა, რომლებიც თბილისის მიერ არ კონტროლდება, დასჯადი აღარ იქნება, განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა 7 თებერვალს. კანონის თანახმად, სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უცხოელი მოქალაქეების რუსეთის მხრიდან შესვლა უკანონოდ ითვლება; კანონის მიხედვით, აფხაზეთში კანონიერად შესვლა ზუგდიდიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში გორიდანაა შესაძლებელი. კანონი ამ წესიდან მთელ რიგ გამონაკლისებს აწესებს. კანონის დარღვევა ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 2–დან 4 წლამდე. ხოლო კანონის დარღვევა ხელმეორედ ან ჯგუფურად ისჯება პატიმრობით სამიდან ხუთ წლამდე.
ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო შესვლის დეკრიმინალიზაციის ინიციატივა იმას ნიშნავს, რომ ის ადმინისტრაციულად დასჯადი გახდება და პატიმრობის ნაცვლად, ფინანსურ ჯარიმას დაექვემდებარება.
მან ასევე განაცხადა, რომ მთავრობას არანაირი განზრახვა არ აქვს, რომ გააუქმოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც წინა ხელისუფლებამ 2008 წლის აგვისტოს ომიდან მალევე მიიღო.
„ხშირად ჩვენი ოპონენტები და არაკეთილისმსურველები გვაბრალებენ, რომ ჩვენ გვინდა გავაუქმოთ კანონი; არაფერი ასეთი არ არის; მხოლოდ ვამბობდით, რომ არავითარ შემთხვევაში არ გაუქმდება; და კანონი და მისი სახელწოდება დარჩება“, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ევროკომისიის მიერ შარშან მაისში გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიში, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელებას ეხება, მოუწოდებს საქართველოს გადახედოს კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ; მასში ნათქვამია, რომ ამ კანონის შემდგომი გამოყენება სეპარატისტულ რეგიონებთან „ჩართულობის სტრატეგიის ეფექტურობას“ პრობლემას უქმნის.
2012 წლის მარტში, მას შემდეგ, რაც საქართველომ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის, მოსკოვმა განაცხადა, რომ ის მზად იყო საპასუხო ქმედებისთვის, თუმცა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა. რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა მაშინ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის გამო რუსეთის მოქალაქეების „მნიშვნელოვანი ნაწილი“ საქართველოში ჩასვლისას სისხლის სამართლებრივ დევნას განიცდის.
XS
SM
MD
LG