Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტურიზმის მრეწველობა საქართველოს გარეშე


ტურისტული მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა პრაღაში
ტურისტული მრეწველობის საერთაშორისო გამოფენა პრაღაში
შუა ევროპის ქვეყნების ტურისტული ფირმები, მსოფლიოს შორეული სახელმწიფოებიდან ჩამოსული ასეულობით კომპანია, გასტრონომიის და სასტუმროების პროდუქტებისა და აღჭურვილობის მწარმოებლები მონაწილეობდნენ პრაღაში გასულ კვირას დასრულებულ გამოფენაში. მანამდე ჩეხური პრესა იუწყებოდა, რომ ასეთი გამოფენა იხსნებოდა, რომ იქ ყველა ცნობილ ტურისტულ ქვეყანას შეხვდებოდით და, მათ შორის, „იდუმალებით აღსავსე“ საქართველოსაც. მაგრამ რად გინდა!.. ამ უზარმაზარ არეალში, 18000 კვადრატულ მეტრზე გაშლილ ჯუნგლებში, სადაც ხან ფრანგულ ყველს და ღვინოს შემოგთავაზებდნენ და ხან -იტალიურ ყავას და გერმანულ ძეხვეულს, გასტრონომიის ნაწილში, საგანგებო დახლებთან... იქვე თურქული ფირმები გიწვევდნენ თავიანთ სანაპიროებსა და მთელ ქვეყანაში სამოგზაუროდ... ეგვიპტეც კი, ბოლო ხანს პერმანენტული არეულობის ქვეყანა, ტურისტულ სამოთხედ იყო წარმოდგენილი... იყო კუბა, იამაიკა, ალბანეთი, ბულგარეთი, ევროპის მცირე რეგიონები, რომელთა სახელი არც კი გაგვიგია, მაგრამ მაინც ტურიზმის იმედით არსებობენ - იყო ყველა ეს ქვეყანა, მაგრამ არსად იყო საქართველოს ხსენებაც კი... ბოლოს, მივაგენი ერთ პარტარა კუთხეს,
"იდუმალი საქართველო"
"იდუმალი საქართველო"
წარწერით „იმერეთი, საქართველო“. ქართულად ეწერა: „პრომეთე და სათაფლია“. მანამდე - ჯერ ცნობარში, შემდეგ კი საინფორმაციო სტენდთან -ამაოდ ვცდილობდი მიმეკვლია საქართველოს კუთხისთვის. როგორც გაირკვა, საქართველო გამოფენის მონაწილედ ითვლებოდა მხოლოდ ამ სტენდის გამო, სადაც ჩეხეთის რესპუბლიკის მღვიმეების სამმართველოსთან თანამშრომლობის საფუძველზე მოხვდა იმერეთი, მღვიმეების რეგიონი. გამოფენის ორგანიზატორმა, „ინხებას“ სახელით ცნობილი ფირმის მენეჯერმა ლიბორ პატოჩკამ გვითხრა, რომ „დამოუკიდებელი მონაწილე საქართველო არ ყოფილა, ის თანამონაწილე იყო“.
ამ რეგიონში, იმერეთში, არაერთი მღვიმეა, მაგრამ მხოლოდ ორია ისეთი, რომელთა მონახულება შეიძლება: პრომეთე და სათაფლია...
დუშან მილკა

რატომ ისურვა ჩეხეთის ფირმამ თანამონაწილეობა საქართველოსთან? დუშან მილკამ, ბოსკოვის რეგიონის დოლომიტური მღვიმეების სამმართველოს წარმომადგენელმა, რომელიც ჩეხეთის მღვიმეების უწყებაში მუშაობს, აგვიხსნა, რას ემსახურება ეს თანამშრომლობა.

„ჩეხეთის განვითარების სააგენტო ეძებდა ფირმას, რომელიც მღვიმეებით იქნებოდა დაკავებული, ამ სფეროში გამოცდილება ექნებოდა როგორც კომერციული, ისე სამეცნიერო თვალსაზრისით. მას სურდა მხარდაჭერა გაეწია საქართველოსთვის, რომელიც მშვენიერი, ლამაზი რეგიონია და სადაც, სულ ცოტა, ორი მღვიმე მაინც არის, რომელთა დათვალიერება შესაძლებელია. მაგრამ კომერცია იქ სათანადოდ ვერ მუშაობს. ამიტომ მიგვიწვიეს ჩვენ, რომ საქართველოს დავხმარებოდით ამ მღვიმეების კომერციულად ამუშავებაში. ცხადია, იმისათვის, რომ მღვიმემ იმუშაოს, საჭიროა ამოქმედდეს კომერცია“, გვიხსნის მილკა და გვიკონკრეტებს, გვიამბობს იმერეთის მღვიმეებზე, ცნობილ სათაფლიასა და ყუმისთავის, ანუ იმავე პრომეთეს, მღვიმეზე:

„ამ რეგიონში, იმერეთში, არაერთი მღვიმეა, მაგრამ მხოლოდ ორია ისეთი, რომელთა მონახულება შეიძლება: პრომეთე და სათაფლია. მათში არა მხოლოდ შიგნით არის მშვენიერი სანახაობა კასტრული ფორმების სახით, არამედ გარეთაც არის გეოლოგიური და არქეოლოგიური ღირსშესანიშნაობანი, მაგალითად, დინოზავრის ნაკვალევი. ეს რეგიონი ასევე მიიზიდავდა ეკოტურისტებს და, ცხადია, მათაც, ვისაც კარგი ღვინო უყვარს“.

ამ ყველაფერს, მისივე თქმით, სჭირდება კომერციალიზაცია, რაც იქ, მისი აზრით, სათანადოდ არ მუშაობს. თვითონ მღვიმეეები მშვენივრადაა მოწყობილი, მაგრამ არ მოქმედებს კომერცია, გვითხრა მილკამ:

„ჯერჯერობით, ჩვენი აზრით, არ არსებობს კომერცია, სუვენირების მაღაზიები. ეს უნდა შეიცვალოს და შეცვლა შესაძლებელია“.

დუშან მილკა საქართველოში შესაბამისი უწყების ვალდებულებებს ასახელებს:

„დაცულ ტერიტორიებს განაგებს უწყება, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო ჰქვია. ჩვენი აზრით, ამ უწყებას უნდა ჩაეტარებინა პროპაგანდისტული სამუშაო როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე მთელი ქვეყნისა და საერთაშორისო მასშტაბით“.
შევეცადეთ მოგვეზიდა, კავშირი დაგვემყარებინა, მაგრამ რაღაც მიზეზებით საქართველოდან წელს სტუმრად არ გვყოლია არც ტურისტული ფირმა, არც უწყება თუ ოფიციალური კომპანია...
ლიბორ ჰატოჩკა

მსოფლიოში საქართველოს სახელის გატანაა ასეთი გამოფენების მიზანი. მაგალითად, ფირმა „გეორგიკა ტრეველი“ პრაღის ამგვარ გამოფენაზე ორი წლის წინ სტუმრობდა, ახლა კი, გაქანებისა და მასშტაბების მიუხედავად, ვერ ჩამოვიდა.

„საქართველოს, მე როგორც ვიცი, ჩვენი კომპანია და სხვა კომპანიები დამოუკიდებლადაც დადიან ამ საერთაშორისო გამოფენებზე და ეს არ არის ახალი, რადგან ყველა გამოფენაზე სახელმწიფო ვერც წავა. თვითონ ტურისტული კომპანიები, თავისი მარკეტინგული მოსაზრებებით და გეგმებით, სხვადასხვა გამოფენებს არჩევენ“, ამბობს ფირმის დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კალანდაძე.

პრაღის ეს გამოფენა გამოფენათა ერთობაა - „ჰოლიდეი უორლდ“, „ტოპ გასტრო ენდ ჰოტელ“ და „გოლფ შოუ“ - ანუ ერთობა შუა ევროპაში ტურისტული მრეწველობის 22-ე, გასტრონომიის, სასტუმროების და რესტორნების აღჭურვილობის მეშვიდე გამოფენის და გოლფის სამყაროს გამოფენებისა. ის ეწყობა ფირმა „ინხებას“ ორგანიზებით, რომლის მენეჯერმა, ლიბორ პატოჩკამ, გვითხრა, შევეცადეთ, მაგრამ არ გამოვიდა ქართული ფირმის დამოუკიდებლად მოწვევაო:
ლიბორ პატოჩკა
ლიბორ პატოჩკა

„შევეცადეთ მოგვეზიდა, კავშირი დაგვემყარებინა, მაგრამ რაღაც მიზეზებით საქართველოდან წელს სტუმრად არ გვყოლია არც ტურისტული ფირმა, არც უწყება თუ ოფიციალური კომპანია“.

ლიბორ პატოჩკამ გვითხრა, შევეცადეთ მათთან კონტაქტი იმ ჩეხური ფირმების მეშვეობითაც დაგვემყარებინა, ვისაც პარტნიორები ჰყავს, მაგრამ ეს არაა იოლიო. მისივე თქმით, ყველაზე ტიპიური მიზეზია ფინანსები, საბიუჯეტო პრობლემა, რაზეც ჩვენ ზემოქმედება ამ მანძილზე არ შეგვიძლიაო. პატოჩკას სურს და, ჩანს, დაინტერესებულიც კია, კავშირი ჰქონდეს და ითანამშრომლოს ამ ქვეყანასთან ტურიზმის სფეროში.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG