Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ შეამცირებს ფინანსურ დახმარებას სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის ქვეყნებისთვის


ვაშინგტონი აპირებს, 24 პროცენტით შეამციროს სახელმწიფო დეპარტამენტის დახმარება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის. ახალი ბიუჯეტის პროექტი, რომელიც დასამტკიცებლად გაეგზავნება კონგრესს, ითვალისწინებს დახმარების მოცულობის შემცირებას პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ჯანდაცვის სფეროების პროგრამებისთვის. პროექტში ძირითადი ყურადღება ექცევა უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პროგრამებს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველო შეინარჩუნებს რეგიონში ყველაზე დიდი დახმარების მიმღები ქვეყნის სტატუსს, მაგრამ მისთვის გამოყოფილი თანხა 85-დან 68,7 მილიონ დოლარამდე შემცირდება. თბილისს ყველაზე მეტი თანხა დააკლდება „ეკონომიკური ზრდის“ გრიფით შემუშავებულ პროგრამებში, ხოლო თანხების მოცულობა კატეგორიაში „მშვიდობა და უსაფრთხოება“, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩება - 21,7 მილიონი დოლარი. ამ კატეგორიით გათვალისწინებულია საქართველოს შეიარაღებული ძალების მომზადება ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად და ბირთვული გაუვრცელებლობის სფეროს ექსპერტთა კვალიფიკაციის ამაღლება. შუა აზიის ქვეყნების დახმარებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი 13 პროცენტით შეამცირებს - 133,6-დან 118,3 მილიონ დოლარამდე.
XS
SM
MD
LG