Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 მეცნიერი პრემიის მიღების შემდეგ მულტიმილიონერი გახდა


სერგეი ბრინი და მარკ ზაკერბერგი.
სერგეი ბრინი და მარკ ზაკერბერგი.

მეცნიერების სფეროში ახალი პრემია დაარსდა, რომლის 11 ლაურეატი მყისიერად მულტიმილიონერი გახდა.

ჯილდოს სახელად „სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის პრემია“ ჰქვია და 3 მილიონ დოლარს მოიცავს, რაც ორჯერ და მეტჯერ აღემატება ნობელის პრემიით გათვალისწინებულ თანხას.

პრემია ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე გავლენიანი პირების დაარსებულია - მათ შორის არიან „გუგლის“ თანადამაარსებელი სერგეი ბრინი, „ფეისბუქის“ დამაარსებელი მარკ ზაკერბერგი და იური მილნერი, ტექნოლოგიების სფეროში ინვესტორი რუსეთიდან.

პირველი 11 გამარჯვებულიდან 9 აშშ-ის უნივერსიტეტებსა და ინსტიტუტებში მოღვაწეობს, ერთი - იაპონიაში და ერთიც - ჰოლანდიაში.

გაცემული თანხა უნდა დაიხარჯოს კიბოსთან ბრძოლის, გენეტიკასა და ღეროვან უჯრედებზე მუშაობის სფეროებში.

პარკინსონის დაავადებისგან განკურნების გზების ძიება ჩვენთვის ძალიან პირადული საკითხია. ეს დაავადება აქვს ჩემს დედამთილს, ჩემი ქმარი კი მაღალი რისკის ჯგუფშია...
ენ ვოიჩიცკი


სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის პრემიის ფონდი სამომავლოდ გეგმავს ყოველწლიურად 5 პრემიის გაცემას, 3-3 მილიონი დოლარის ოდენობით.
ფონდის წევრების თქმით, მათი მთავარი მიზანია მეცნიერების სფეროში ენთუზიაზმის გაზრდა და იმ მკვლევართა წახალისება, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივებაზე მუშაობენ.

„ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას მეტი გმირი ესაჭიროება - მეცნიერი, მკვლევარი, ინჟინერი გმირები“, - ამბობს მარკ ზაკერბერგი, „ფეისბუქის“ დამაარსებელი.

„გუგლის“ წარმომადგენლის სერგეი ბრინის აზრით, მეცნიერებს საზოგადოება უფრო მეტ პატივს უნდა სცემდეს, ვიდრე, მაგალითად, სპორტის ვარსკვლავებს, თუნდაც იმ სიკეთის გამო, რომელიც მათ ადამიანის სიცოცხლისთვის მოაქვთ.

ფონდის კიდევ ერთი დირექტორი, ენ ვოიჩიცკი, რომელიც გენეტიკაზე მომუშავე კომპანია „23andMe”-ს დამაარსებელი და ბრინის მეუღლეა, იმედს გამოთქვამს, რომ ახალი ფონდის მეშვეობით ნაბიჯები გადაიდგმება, მაგალითად, პარკინსონის დაავადებასთან ბრძოლაში. ეს დაავადება მის ოჯახს უშუალოდ შეეხო:

„პარკინსონის დაავადებისგან განკურნების გზების ძიება ჩვენთვის ძალიან პირადული საკითხია. ეს დაავადება აქვს ჩემს დედამთილს, ჩემი ქმარი კი მაღალი რისკის ჯგუფშია. ვფიქრობ, რაღაც დაავადება ყველა ოჯახშია და თან ყველას სურს ჯანმრთელი, ხანგრძლივი სიცოცხლე“.

სიცოცხლის მეცნიერებებში გარღვევის პრემიის ფონდი აცხადებს, რომ ის წარმოადგენს არაკომერციულ ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს მეცნიერების სფეროში მიღწეული გარღვევების აღნიშვნას და ამ გზით სამომავლო წარმატებების ხელშეწყობას.

ფონდი აცხადებს, რომ პრემიაზე კანდიდატების წარდგენა მთელ მსოფლიოში ყველას შეეძლება ინტერნეტის მეშვეობით. ნომინანტებს ასაკობრივი შეზღუდვა არა აქვთ დაწესებული.

ფონდის წარმომადგენლების თქმით, ამ ახალი ჯილდოს სახით საქმე გვაქვს „ყველაზე მსხვილ სამეცნიერო პრემიასთან ისტორიაში“.

XS
SM
MD
LG