ავღანეთის დაზვერვის სააგენტომ განაცხადა, რომ უშიშროების ძალებმა ქაბულში გააუვნებელყვეს მანქანაზე დასამონტაჟებელი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელშიც თითქმის რვა ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო გამოყენებული. ავღანეთის უშიშროების ეროვნულმა დირექტორატმა დღეს განაცხადა, რომ თავდასხმას გეგმავდა ალ-ყაიდასთან დაკავშირებული "ჰაკანის" ქსელი და პაკისტანში ბაზირებული "ქუეტა შურა", თუმცა, მას რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ წარმოუდგენია. დირექტორატის წარმომადგენელმა შაფიყულა ტაჰირიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა მიმდინარე კვირის დასაწყისში ქაბულის აღმოსავლეთში აღმოაჩინეს. ტაჰირის თანახმად, ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედების სავარაუდო რადიუსი 1,5 კილომეტრი იყო. უშიშროების ძალებმა აფეთქების დაგეგმვაში ეჭვმიტანილი ხუთი პირი მოკლეს, ორი კი დააკავეს. მორიგი აფეთქების დაგეგმვის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე თითქმის ერთი კვირით ადრე თვითმკვლელმა თავდამსხმელმა თავი აიფეთქა ქაბულში მდებარე თავდაცვის სამინისტროს შენობასთან. დაიღუპა 9 ადამიანი. აფეთქების დროს ახლოს მდებარე ნატოს ერთ-ერთ ობიექტს აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი სტუმრობდა.
ყველაზე პოპულარული
1