საფრანგეთის პოლიციამ გაჩხრიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელის, კრისტინ ლაგარდის ბინა პარიზში. ჩხრეკა ჩატარდა საფრანგეთში 2008 წელს ბიზნესმენ ბერნარ ტაპისათვის გადახდილ კომპენსაციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. მაშინ, პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მმართველობის პერიოდში, ლაგარდი ფინანსთა მინისტრი იყო. გამოძიება ცდილობს დაადგინოს, რა როლი შეასრულა კრისტინ ლაგარდმა გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ ბერნარ ტაპისთვის მრავალმილიონიანი კომპენსაციის გადახდას. ეს ფრანგი ბიზნესმენი ნიკოლა სარკოზის მეგობარია. საქმე ეხება საფრანგეთში 2008 წელს გაფორმებულ შეთანხმებას ტაპისთვის 285 მილიონი ევროს გადახდის შესახებ. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია BBC-ის ცნობით, ეს თანხა გამოყოფილი იყო კომპანია „ადიდასს“ და „საფრანგეთის ბანკს“ შორის ფინანსური დავის მოსაგვარებლად. კრისტინ ლაგარდის ადვოკატის განცხადებით, ლაგარდს არაფერი აქვს დასამალი და პოლიციასთან თანამშრომლობს.
ყველაზე პოპულარული
1