Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ელჩი: საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა


საქართველოს მთავრობამ ოფიციალურ ვებსაიტზე (www.government.gov.ge) გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრისადმი შვეიცარიის ელჩის ვრცელი, 15 მარტით დათარიღებული წერილი, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის განცხადებებს და ბიძინა ივანიშვილის საპასუხო წერილს შეეხება. გიუნტერ ბეხლერი აღნიშნავს, რომ წერილის დაწერა გადააწყვეტინა ზოგიერთი ევროპარლამენტარის უპრეცედენტო და პარტიულმა განცხადებებმა როგორც საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე არჩევნების დროს და მის შემდგომ. ”მე, როგორც საქართველოს მეგობარი და ანალიტიკოსი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მუშაობს, ვაცხადებ, რომ ეს განცხადებები სრულიად არ შეესაბამება პოლიტიკურ რეალობას საქართველოში”, - ნათქვამია შვეიცარიის ელჩის წერილში. გიუნტერ ბეხლერი ევროპის სახალხო პარტიის წევრებისადმი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს მიიჩნევს შესანიშნავ პასუხად, რომელიც კარგად გამოხატავს საქართველოს მოქალაქეთა შეშფოთებასა და ემოციებს. შვეიცარიელი დიპლომატი ვარაუდობს, რომ ცრუ ბრალდებებისთვის პასუხის გაცემა პრემიერის ვალდებულება იყო. ”მაგრამ ვიტყოდი, რომ არც კი ღირს პასუხის გაცემა ასეთ ზედაპირულ შეფასებებსა და როგორც ჩანს, შეთანხმულად წარმოებულ პროპაგანდაზე ზოგიერთი, შეცდომაში შეყვანილი ევროპარლამენტარის მხრიდან. საინტერესოა, რამდენად კარგად აითვისა ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთმა წევრმა საბჭოთა სტილის პროპაგანდისტული მეთოდები, რომლებსაც ისინი, რასაკვირველია, საჯაროდ უარყოფენ”, - ნათქვამია ბეხლერის წერილში. შვეიცარიის ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველო ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ბევრად უფრო თავისუფალი, ვიდრე მისი მეზობელი ქვეყნები. ბეხლერის შეფასებით, ნაციონალურმა მოძრაობამ დაიწყო დემოკრატიული რევოლუცია, ხოლო „ქართული ოცნების“ მოვალეობა იქნება დემოკრატიზაციის პროცესის გაფართოება და გაღრმავება, რასაც წინა ხელისუფლებამ გადაუხვია და ავტორიტარული მოდერნიზებული რეჟიმის შექმნა მოისურვა. წერილში გიუნტერ ბეხლერი საუბრობს ახალი მთავრობის სერიოზულ მიდგომებზე საარჩევნო დაპირებებისადმი, ამ მხრივ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებზე, პარლამენტის როლის გაძლიერებასა და რუსეთთან საუბრის ტონის შეცვლაზე და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება შეძლებს ურთიერთობის გაუმჯობესებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებებთან. შვეიცარიის ელჩი ასევე საუბრობს ყოფილი და ამჟამინდელი მმართველი ძალების მშვიდობიანი თანაცხოვრების მნიშვნელობაზე. წერილის ბოლოს გიუნტერ ბეხლერი ბოდიშს უხდის საქართველოს მოქლაქეებს, თუკი ოდესმე ჩარეულა ქვეყნის საქმეებში, დასძენს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება და პრემიერ-მინისტრს უხდის მადლობას ძალისხმევისთვის, რომელსაც იჩენს დემოკრატიული პროცესებისა და საქართველოს მოქალქეებისათვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG