Accessibility links

ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ

თვითმართველობაში შექმნილ პრობლემებზე სასაუბროდ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრას გეგმავენ. ფრაქციის თავმჯდომარემ, კოკი იონათამიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრა შესაძლოა, ამ კვირაში გაიმართოს. იონათამიშვილის თქმით, კოალიცია ”ქართული ოცნება” ნაციონალური მოძრაობის წევრებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას განაგრძობს და კვლავ ცდილობს მათ მოსყიდვას და შანტაჟს.

ყველა ახალი ამბავი

ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა ავღანეთში ნაღმის აფეთქების შედეგად

ავღანეთის ხელისუფლების ცნობით, ექვსი სამოქალაქო პირი დაიღუპა გზაზე დამონტაჟებული აფეთქების შედეგად აღმოსავლეთით მდებარე ლაგმანის პროვინციაში. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, მაგრამ თალიბები რეგულარულად აწყობენ იერიშებს ავღანეთის უსაფრთხოების ძალებისა და საერთაშორისო კოალიციის წინააღმდეგ.

ექსტრემისტების თავდასხმების შედეგად დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ავღანეთში გაეროს მხარდამჭერი მისიის (UNAMA) თანახმად, 2018 წლის იანვრიდან სექტემბრის პერიოდში ქვეყანაში მომხდარი განუკითხავი თავდასხმების შედეგად დაიღუპა 2800 და დაიჭრა 5200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე.

8 მარტს გაიმართება ქალების მსვლელობა სლოგანით „არ არსებობს უმუშევარი ქალი“

„არ არსებობს უმუშევარი ქალი“ - ამ სლოგანით გაიმართება 8 მარტს მსვლელობა, რომლის ორგანიზატორიც არიან „სოლიდარობის ქსელი“ და „ადამიანის უფლებების სწავლების ცენტრი“ (EMC).

ქალთა დაცვის საერთაშორისო დღეს ისინი გამოაქვეყნებენ მანიფესტს,რომელშიც ლაპარაკია ქალების უხილავ შრომაზე.

სამსახურში 40 საათზე მეტი ხნის მუშაობის შემდეგ, ქალებს სახლში "მეორე ცვლა" ელოდებათ. მსვლელობის ორგანიზატორთა თქმით, ერთ-ერთი გამოსავალი ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად სამუშაო საათების მკაცრი რეგულირებაა.

"გარდა იმისა, რომ ჩვენ ნაკლებ ხელფასს ვიღებთ, ჩვენ გვიწევს დამატებითი ფუნქციების შესრულება, რომლებიც ქალის "ბუნებრივ" მოვალეობად ითვლება, როგორიცაა: დალაგება, დასუფთავება, ყავის მომზადება, წესრიგის დაცვა და სხვა მრავალი რუტინული საქმის შესრულება. ამასობაში, გვიწევს მძიმე ტვირთის აწევაც, საათობით ფეხზე დგომა და ღამეების გათენება. ქალად ყოფნა ხშირად უფრო სასჯელია, ვიდრე პრივილეგია და შეღავათი", - წერენ მსვლელობის ორგანიზატორები.

მათივე განცხადებით, ქალები ითხოვენ დეკრეტული შვებულების პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ: „ქალებმა უკვე გამოაცხადეს გაფიცვა და აღარ აჩენენ ბავშვებს, რადგან კაბალურ პირობებში ცხოვრობენ. ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ მეძუძურ დედებთან ერთად შეღავათი მცირეწლოვანი ასაკის ბავშვის მშობლებსაც ჰქონდეთ. ასევე ორ წლამდე გაიზარდოს დეკრეტული შვებულება და საჯარო ბაგა-ბაღებში ბავშვების მიღება ექვსი თვიდან ორ წლამდე იყოს“.

"8 მარტს გამოვდივართ ყველა ქალისთვის, რადგან გვჯერა ჩვენი შესაძლებლობების, ვიცით რა გამოვიარეთ და რა არის შესაცვლელი. საერთო ძალებით, თანადგომითა და სოლიდარობით შეგვიძლია უკეთესი რეალობის შექმნა", - წერია მსვლელობის ორგანიზატორთა განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილეს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივი ურთიერთობები და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის საკითხი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ასევე აღინიშნა გერმანიის განსაკუთრებული როლი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში:

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ევროპის გულში, გერმანიის სახით, ასეთი ერთგული მეგობარი ჰყავდეს. გერმანია და საფრანგეთი არიან ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ხელს შეუწყობენ იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა მალე გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-გერმანიის ურთიერთობები, მისი ვიზიტის შემდეგ, ახალ ეტაპზე გადავა.

საპატრიარქო: ითქვა, რომ უკრაინაში ტომოსის გადაცემის შემდეგ ხშირია კონფლიქტი

20 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) საგარეო განყოფილების ხელმძღვანელს, ბორისპოლისა და ბროვარსკის მიტროპოლიტ ანტონს და მის თანმხლებ პირებს უმასპინძლა. მიღებას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო, მღვდელმთავრები და სამღვდელოება ესწრებოდა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა არაოფიციალური იყო და სტუმრობის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში განვითარებული მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღება და მათი პოზიციის საქართველოს საპატრიარქოსთვის გაცნობა:

„ითქვა, რომ ტომოსის გადაცემის შემდეგ სხვადასხვა ტაძრებსა და რეგიონებში ხშირია კონფლიქტი მორწმუნეთა შორის ეკლესიების კუთვნილებასთან დაკავშირებით, რაც დიდ დაპირისპირებას ქმნის მრევლში და სასულიერო პირებთან მიმართებაში“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრიარქოს განცხადებით თანახმადვე, ილია მეორემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ გამოთქვა გულისტკივილი შექმნილი სიტუაციის გამო.

საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე გადაწყვეტილებას წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღებს. სხდომის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა სხდომა, სავარაუდოდ, სააღდგომოდ გაიმართება.

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 6 იანვარს მოიპოვა. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ავტოკეფალიის დამადასტურებელი მოწმობა, ტომოსი გადასცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, მიტროპოლიტ ეპიფანეს. დოკუმენტის საზეიმო გადაცემა მოხდა წირვისას სტამბოლში, წმ. გიორგის ტაძარში. ბართლომემ ტომოსს წინა დღით მოაწერა ხელი. ამით დასრულდა უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის 330-წლიანი კონტროლი.

ემზარ კვიციანი „მსუყე თანხას“ ეძებს შეყვარებულთა აღსარიცხად

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატს ემზარ კვიციანს იმედი აქვს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მსუყე თანხას ჩარიცხავს შეყვარებულთა აღმრიცხავ ცენტში. რომელიც ემზარ კვიციანმა რამდენიმე დღის წინ დაარეგისტრირა.

„6 დღეა რაც დარეგისტრირდა, მაგრამ ანგარიში 2 დღეა რაც გაიხსნა. ჯერჯერობით ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ, მხედველობაში მაქვს ემიგრაციაში მყოფი წარმატებული ბიზნესმენები, რომელთა თხოვნითაც შეიქმნა, სხვათაშორის, ეს ცენტრი და ვნახოთ რა იქნება მომავალში. მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც რომ, ასე თავგამოდებით არის ქველმოქმედი და არის ქართველი ხალხის გვერდით ამდენი წელიწადია, ერთ კაი მსუყე ჩანარიცხს გააკეთებს“,- განაცხადა ემზარ კვიციანმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად.

ემზარ კვიციანის იდეით შექმნილი შეყვარებულთა აღმრიცხავი ცენტრი საჯარო რეესტრმა დაარეგისტრირა. ცენტრის სახელწოდებაა "ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი"

ქუთაისის ცენტრში საჯარო სივრცეების შშმ პირებისთვის ადაპტირება იგეგმება

ქუთაისის ცენტრალურ უბანში საჯარო სივრცეების შშმ პირებისთვის ადაპტირება იგეგმება.

ქუთაისის ცენტრში, იქ, სადაც ადმინისტრაციული შენობების უმრავლესობაა განთავსებული, მომავალი კვირიდან დაიწყება შშმ პირებისთვის გარემოს ადაპტირების საჭიროებების შესწავლა და რუკაზე დატანა.

პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია ურბანული დიზაინის სახელმძღვანელოს შექმნა, სადაც მითითებული იქნება მთელი ქალაქის მასშტაბით უნივერსალური დიზაინის მოწყობის ინსტრუქცია და შესაბამისი ილუსტრაციები.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გარემოს ადაპტირებისათვის საჭირო თანხა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. 2019 წლის ბოლომდე კი უნდა მოხდეს ქუთაისის მერიის შენობის, შშმ პირების ხელმისაწვდომობისთვის სრული ადაპტაცია.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამისა და დანიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელდება.

ნატო ჩხეიძე: ქალისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო მძიმე ტვირთია

"მივესალმები მნიშვნელოვან პოსტებზე ქალების დანიშვნას, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამხელა მთავრობაში, ისეთი რთული სამინისტროს განპირობება ქალზე, როგორიც ინფრასტრუქტურის სამინისტროა, მეტისმეტად მძიმე ტვირთია ქალისთვის და გგულშემატკივრობთ კიდეც, როგორც ქალს ამ მძიმე ტვირთის ზიდვაში”, – მიმართა დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაია ცქიტიშვილს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

„მინისტრის საათის“ ფარგლებში დეპუტატები მაია ცქიტიშვილს უსმენენ.

საპარლამენტო უმცირესობამ "თიბისის" დამფუძნებელს კომიტეტის სხდომაზე დასწრება შესთავაზა

დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის და ოპოზციური პარტიის, „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს მიმართა, დაესწროს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომას, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უნდა მოუსმინონ.

„26 თებერვალს, დარგობრივი ეკონომიკურის კომიტეტის სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნის შესაბამისად ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მობრძანდება. ჩვენ ვთავაზობთ ‘’თიბისი ბანკის’’ დამფუძნებელს მამუკა ხაზარაძეს, მოვიდეს ამ სხდომაზე და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან ერთად კომიტეტის ფორმატში ღიად და საჯაროდ, ჟურნალისტების თანდასწრებით და საზოგადოებისთვის გასაგებად, ვისაუბროთ იმაზე, თუ რა ხდება „თიბისი ბანკის“ ირგვლივ, რა პროცესს აქვს ადგილი, ვინ არის დაინტერესებული და რაც მთავარია, რა გავლენას მოახდენს ეს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრებასა და მომავალზე“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ

მისი თქმით, პარლამენტი ვალდებულია ჩაერთოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომწვევი საკითხის განხილვაში და საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ხდება იმ ბანკთან მიმართებით, რომელსაც პირდაპირ უკავშირდება მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილის ანაბრები, სახელფასო ანგარიშები და ზოგადად, ფინანსური სტაბულურობა.

26 თებერვალს, 12 საათზე დანიშნულია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, რომელზეც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ უნდა წარმოადგინოს მოხსენება, ჭარბვალიანობის შესამცირებლად ეროვნული ბანკის მიერ შემოღებული ახალ წესებზე და „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებულ პროცესზე.

14 თებერვალს, ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა და ბანკის აქციონერთა კრებას მისცა 2 თვიანი ვადა სამეთვალყურეო საბჭოდან მათი გაწვევისათვის.

ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების საფუძვლად დაასახელა „თიბისი ბანკის“ შემოწმებისას დაფიქსირებული, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება. ამ ტრანზაქციებს არალეგალური შემოსავლების ლეგალიზების მუხლით უკვე თვეებია იძიებს საქართველოს პროკურატურა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ და სახელმწიფოსთან სამართლებრივი დავა წამოიწყეს.

პუტინი: ყირიმთან დამაკავშირებელი რკინიგზა მიმდინარე წელს ამუშავდება

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა პარლამენტში თავის ყოველწლიურ გამოსვლაში განაცხადა, რომ ყირიმის ნახევარკუნძულთან დამაკავშირებელი რკინიგზა მიმდინარე წელს ამოქმედდება.

რუსეთმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსირება უკრაინისგან. რუსეთს საერთაშორისო სანქციები დაეკისრა ყირიმის ანექსირების და უკრაინის აღმოსავლეთში სეპარატისტების მხარდაჭერის გამო ომში, რომელსაც 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ამავე გამოსვლაში, პუტინმა განაცხადა, "ჩვენი რაკეტები აშშ-ს ამოიღებს მიზანში და არა მხოლოდ იმ ქვეყნებს, სადაც მათი რაკეტები იქნება განთავსებული".

წელს პუტინმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ქვეყნის ეკონომიკაზე და გამოვიდა ახალი ზომების გატარების მოწოდებით რუსეთის ოჯახების დასახმარებლად, იმ ფონზე, როცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ პუტინის რეიტინგი თითქმის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა, მოსახლეობაში ეკონომიკური სირთულეების ფონზე.

პარლამენტში გამოსვლისას პუტინმა თქვა, ქვეყანას ახლა შეუძლია "კოლოსალური" რესურსები ჩადოს საკუთარ განვითარებაში, მათ შორის ფული, რომელიც "გამომუშავებულია და არა ნასესხებიო". პუტინი რუსებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ერთი წლის ვადაში დაპირდა.

ახლახან ჩატარებული გამოკითხვით, პუტინის რეიტინგი 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კრემლთან დაკავშირებული ინსტიტუტის გამოკვლევის მიხედვით, ხუთიდან ერთზე მეტი რუსი სიღარიბეში ცხოვრობს.

როჰანი: ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მაქსიმალურია

ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ 20 თებერვალს განაცხადა, რომ თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა ამჟამად მაქსიმალურია, და ეს ვითარება იშვიათია ორ ქვეყანას შორის ათწლეულების განმავლობაში არსებულ, ანტაგონისტურ ურთიერთობაში.

კავშირები აშშ-სა და ირანს შორის - რომლებიც ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ დაპირისპირებული არიან - განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც მაისში აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოეთიშა 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის საერთაშორისო ბირთვულ ხელშეკრულებას და ირანს დაუბრუნა ამ ხელშეკრულებით მოხსნილი სანქციები.

ტრამპი აცხადებდა, რომ ხელშეკრულება ნაკლოვანი იყო, რადგან არ შეიცავდა შეზღუდვას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების განვითარებაზე, ან სირიაში, იემენში, ლიბანში და ერაყში თავისი მოკავშირე ძალების მხარდაჭერაზე.

"ირანსა და ამერიკას შორის ბრძოლა ამჟამად მის მაქსიმუმზეა. ამერიკამ მთელი მისი ძალა მომართა ჩვენს წინააღმდეგ" - როჰანის მიერ მინისტრთა კაბინეტის შეხვედრაზე წარმოთქმულ ამ სიტყვებს ავრცელებს სახელმწიფო მაუწყებელი IRIB-ი.

ინფრასტრუქტურის მინისტრმა გრაფიკის წარმოდგენით უპასუხა თანხების აუთვისებლობის ბრალდებას

მაია ცქიტიშვილი

საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენისას დეპუტატებს უჩვენა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის თანხების ათვისების გრაფიკი.

ცქიტიშვილის განმარტებით, ეს გააკეთა გასული წლის განმავლობაში არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ სამინისტრო ბიუჯეტის თანხებს ვერ ითვისებს და პროექტებს ვერ ახორციელებს.

მინისტრის განცხადებით, 2009 წლიდან მზარდია ფაქტობრივად ათვისებული თანხების დინამიკა. მაია ცქიტიშვილის მიერ წარმოდგენლილი გრაფიკით, 2017 წელს წინა წელთან შედარებით, პირველად იყო 40%-მდე ზრდა, მომდევნო წლების მაჩვენებელი კი 20%-ია. მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს დაიხარჯა მილიარდ 662 მილიონი ლარი.

კახა კალაძე: თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში კრიტიკულ ზღვარს აღწევს სატრანსპორტო საშუალებებით ჰაერის დაბინძურება.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განსაკუთრებულად პრიორიტეტულ საკითხებს შორის დაასახელა ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით ჰაერის დაბინძურება და საცობების მზარდი ტენდენცია. მერის ინფორმაციით, 6-7 პროცენტით იზრდება იმპორტირებული ავტომობილების რაოდენობაც.

კალაძის განცხადებით, პრობლემის ერთი ხელის მოსმით გადაჭრა შეუძლებელია, თუმცა, არსებული რესურსით და გრძელვადიან შედეგზე გათვლილი სატრანსპორტო პოლიტიკით პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება.

კახა კალაძის განმარტებით, ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს ქალაქში ნაკლებ ავტომამანქანას და მეტ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. მერის ინფორმაციით, თბილისის მთავრობის სურვილია 2019 წლის ბოლოსთვის მთლიანად შეცვალოს „ყვითელი ავტობუსების“ პარკი და დამატებით შეიძინოს ახალი, თანამედროვე, კომფორტული და სწრაფი ავტობუსები

"თუ არაფერი შევცვალეთ, ჰაერი აღარ დარჩება ქალაქში" - განაცხადა თბილისის მერმა.

ივლისიდან თბილისში პარკინგისთვის საათობრივი გადასახადი დაწესდება

პირველი ივლისიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე პარკინგისთვის საათობრივი გადასახადი დაწესდება

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საპილოტე პროექტი თავდაპირველად კოტე აფხაზისა (ლესელიძის) და მის მიმდებარე ქუჩებზე დაინერგება.

„ამ ინსტრუმენტით შესაძლებლობა გვექნება დავარეგულიროთ ქალაქში ნაკადები, საცობები, საპარკინგე ადგილებზე გადაჭარბებული მოთხოვნა და რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და კერძო მანქანების მოხმარების მაჩვენებელი. ეს მოდელი დიდი ხანია დანერგილია ევროპის ყველა განვითარებულ და განსაკუთრებით გადატვირთულ ქალაქებში“.

კახა კალაძის თქმით, თბილისის საკრებულოს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება პროექტი თბილისში ზონალური, საათობრივი პარკირების წესების დამტკიცების შესახებ:

„წესების თანახმად, პარკირების საფასური საათობრივად იქნება განსაზღვრული და მისი ოდენობა ზონების მიხედვით იქნება დიფერენცირებული. პირველი არეალი, სადაც ეს წესი გავრცელდება არის კოტე აფხაზის ქუჩა და ასევე მიმდებარე ქუჩები. ამავე დროს, მუნიციპალიტეტი გააგრძელებს მუშაობას სხვა არეალებზეც“,- განაცხადა კახა კალაძემ.

მერის განცხადებით, ზონალური პარკირების საფასური არ შეეხება საცხოვრებელი ადგილის მიმდებარედ პარკირებულ სატრანსპორტო საშუალებას.

გარდა ამისა, პროექტის თანახმად, ყველა მანქანა უზრუნველყოფილი იქნება დღეში 4-ჯერ 15-წუთიანი პარკირებით.

პარკირების საფასური არ შეეხება:შშმ პირების კუთვნილ ავტომანქანებს; ელექტროძრავიან ავტომობილებს; ტაქსებს, რომელთათვის გამოყოფილია საპარკინგე ადგილები.

საათობრივი პარკირების გადახდა შესაძლებელი იქნება მობილური აპლიკაციით ან ქუჩაში დამონტაჟებული აპარატებით.

პუტინი აცხადებს რიგითი რუსების დასახმარებელ გეგმებს

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ახალი ზომების გატარების მოწოდებით რუსეთის ოჯახების დასახმარებლად, იმ ფონზე, როცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ პუტინის რეიტინგი თითქმის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა, მოსახლეობაში ეკონომიკური სირთულეების ფონზე.

20 თებერვალს, პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლაში პუტინმა თქვა, ქვეყანას ახლა შეუძლია "კოლოსალური" რესურსები ჩადოს საკუთარ განვითარებაში, მათ შორის ფული, რომელიც "გამომუშავებულია და არა ნასესხებიო". პუტინი რუსებს ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ერთი წლის ვადაში დაპირდა.

ახლახან ჩატარებული გამოკითხვით, პუტინის რეიტინგი 13 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. კრემლთან დაკავშირებული ინსტიტუტის გამოკვლევის მიხედვით, ხუთიდან ერთზე მეტი რუსი სიღარიბეში ცხოვრობს.

წარმომადგენელთა პალატა იძიებს აშშ-ის ბირთვულ გეგმებს საუდის არაბეთში

კონგრესის ახალი ანგარიშის თანახმად, თეთრი სახლის მაღალჩინოსნები მხარს უჭერენ გეგმას საუდის არაბეთთან ატომური ენერგიის ტექნოლოგიაზე ერთობლივი მუშაობის შესახებ, მიუხედავად წინააღმდეგობისა ეთიკის და ეროვნული უშიშროების სფეროთა წარმომადგენლების მხრიდან.

ანგარიში, რომელიც დემოკრატთა ხელმძღვანელობით მოქმედმა, მეთვალყურეობის და რეფორმის კომიტეტმა შეადგინა, ეყრდნობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის შიგნით მომუშავე წყაროებს და დოკუმენტებს, რომლებიც ასახავს კომუნიკაციას ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ბირთვული ენერგიის კომპანიებს შორის.

ანგარიშის თანახმად, გამოძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ადმინისტრაციის მცდელობა აშშ-ის ბირთვული ტექნოლოგია საუდის არაბეთში გადაიტანოს, გრძელდება. კომიტეტმა გამოძიება 19 თებერვალს დაიწყო, ადმინისტრაციის შიგნით მოქმედი წყაროების მიერ გავრცელებულ ცნობებზე, რომ ისინი თეთრ სახლში შეესწრნენ "არანორმალურ აქტებს", საუდის არაბეთის ტერიტორიაზე ათობით ბირთვული რეაქტორის აშენების გეგმებთან დაკავშირებით. კომიტეტმა თეთრ სახლს მოსთხოვა დოკუმენტები, მათ შორის ისინი, რომლებიც ასახავს ტრამპის გაპრეზიდენტებიდან ორ თვეში შემდგარ შეხვედრას ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერსა და საუდის არაბეთის მუჰამედ ბინ სალმანს შორის, რომელიც მოგვიანებით ტახტის მემკვიდრე გახდა.

აშშ პაკისტანს მოუწოდებს დასაჯოს ქაშმირის თავდამსხმელები

აშშ პაკისტანს მოუწოდებს დასაჯოს ქაშმირში ინდოეთის სამხედროებზე თავდასხმის ორგანიზატორები, ისლამაბადსა და დელის შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე.

14 თებერვლის თავდასხმაზე, რომელსაც ემსხვერპლა 40-ზე მეტი ინდოელი სამხედრო, პასუხისმგებლობა იკისრა პაკისტანში დაფუძნებულმა ექსტრემისტულმა ჯგუფმა, ჯაიშ-ე მოჰამადმა. ინდოეთმა პაკისტანი გააფრთხილა, რომ ამ თვითმკვლელი მოეიერიშის მიერ მოწყობილ თავდასხმას მკაცრი პასუხი მოჰყვება.

"ინდოეთის ხელისუფლებასთან ახლო კონტაქტი გვაქვს, რათა არა მხოლოდ ჩვენი სამძიმარი გამოვხატოთ, არამედ ინდოეთს მხარი დავუჭიროთ ტერორიზმთან ბრძოლაში" - უთხრა თეთრი სახლის პრესმდივანმა, რომერტ პალადინომ ჟურნალისტებს 19 თებერვალს და დასძინა - "პასკისტანს მოვუწოდებთ სრულად ითანამშრომლოს გამოძიებასთან და დასაჯოს პასუხისმგებელი პირები".

თბილისში ვაშინგტონის მხარდაჭერის დადასტურებად შეფასდა აშშ-ის ახალი ბიუჯეტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთ დასტურად აფასებს სპეციალურ ჩანაწერებს აშშ-ის 2019 წლის ბიუჯეტში.

დოკუმენტის თანახმად, ამერიკის დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

საბიუჯეტო კანონით, შეუძლებელია დაფინანსების გამოყენება ოკუპაციის მხარდასაჭერად. აშშ-ის ხაზინამ შესაბამისი ინსტრუქცია უნდა მისცეს საფინანსო ინსტიტუტებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ დაფინანსებას ნებისმიერი იმ პროგრამისა, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ აშშ-ის კონგრესს მესამე წელია ეს ჩანაწერი შეაქვს საკანონმდებლო აქტში, რაც საქართველოსადმი დიდ ყურადღებასა და მტკიცე მხარდაჭერაზე მიანიშნებს.

გარდა ამისა, “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდის” ფარგლებში გათვალისწინებულია არანაკლებ 275 მილიონი დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის, სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარების და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატოსთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობითვე, აშშ-ის ბიუჯეტით, წელს საქართველოსთვის გამოიყო 127 025 000 მილიონი დოლარი, რაც 22 მილიონით მეტია წინა წლის დაფინანსებაზე.

ეკა ბესელია: "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებაში უზუსტობებია

ეკა ბესელია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია უარყოფს, რომ უმრავლესობასთან შეუთანხმებელი იყო ინიციატივა მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესაჩერებლად.

ბესელიას თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დღევანდელ განცხადებაში ეს და სხვა უზუსტობებია.

„პირველი - არასწორია ინფორმაცია, რომ არ იცოდა უმრავლესობამ ამ ინიციატივის მომზადების თაობაზე. მე ორჯერ დავაყენე საკითხი, მათ შორის ბოლო სხდომაზე, რომ უვადოდ მოსამართლეთა გამწესების შეჩერებას დაუჭერდნენ თუ არა მხარს. არავის არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს, რომ არ ეთანხმება პრინციპს. ან ვერ თქვეს“ - უთხრა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ. მისი ინფორმაციით, მაშინ არავის უთქვამს, რომ იდეა კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

რაც შეეხება ფორმულირებას, ეკა ბესელიას განცხადებით, ფორმულირების შეცვლა, ან დამატება პირველ მოსმენამდეც შესაძლებელია, ამიტომ თუ უმრავლესობა პრინციპს ეთანხმება, კონსტიტუციასთან შეუსაბამობა მხოლოდ საბაბია.

ბესელია არ ეთნხმება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს იმ არგუმენტსაც, რომ არსებობს მოსამართლეთა შემცირების და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემის გამწვავების საფრთხე.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ მოსამართლეთა რაოდენობა შევამციროთ. არ ვამბობთ ასევე, რომ ახალი მოსამართლეების შემოსვლა და 3 წლით გამწესება შეუძლებელია" - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიას წაუკითხა საბჭოს განცხადება, რომ უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის 2024 წლის ბოლომდე შეჩერების ინიციატივას

კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ უარი იმითაც ახსნა, რომ ინიციატივის გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა და გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა.

შსს: სანდრო ბრეგაძის განცხადება გამოძიების დაწყების საფუძველს არ იძლევა

შინაგან საქმეთა სამინისტრო "ქართული მარშის" ლიდერის, სანდრო ბრეგაძის მიმართ გამოძიების დაწყების სამართლებრივ საფუძველს ვერ ხედავს.

პოლიტიკოსი ვიდეოგანცხადებაში ემუქრება LGBTQI პრაიდის ორგანიზატორებსა და პოლიციას.

" ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ საქართველოს ხელისუფლება, არაერთხელ გავაფრთხილეთ "სოროსის ფონდი", არაერთხელ გავაფრთხილეთ "გეი ორგანიზაციები", რომ ნუ აწყობენ პროვოკაციებს და ნუ ცდილობენ გარყვნილების პროპაგანდა მასობრივი გახადონ." - ამბობს სანდრო ბრეგაძე 19 თებერვალს გაკეთებულ ვიდეოჩანაწერში, რომელსაც ის Facebook-ის საკუთარ გვერდზე აქვეყნებს.

ამავე განცხადებაში სანდრო ბრეგაძე ემუქრება პოლიციასაც.

იმ შემთხვევაში თუ კი სამართალდამცველები იზრუნებენ ორგანიზატორთა უსაფრთხოებაზე"ისევე მოგეპყრობით როგორც ეპყრობოდნენ ჩვენი წინაპრები მოღალატეებს. არ გვეშინია არც თქვენი ნიღბიანების და არც თქვენი სპეცრაზმის." - მიმართავს სანდრო ბრეგაძე პირადად შინაგან საქმეთა მინისტრს.

აქტივისტები თვლიან, რომ მუქარის შემცველ და ძალადობის მოწოდების შემცველ კომენტარებსა და თუ განცხადებებზე სახელმწიფოს შესაბამისი, სამართლებრივი პასუხი უნდა ჰქონდეს, ვინაიდან პარადის ჩატარება კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზაციაა და ასეთი უფლების გამოყენების შეზღუდვა კანონდარღვევაა.

ლგბტქი აქტივისტები თბილისში 18-23 ივნისს პრაიდს გეგმავენ სახელწოდებით "თბილისი პრაიდი". თბილისი პრაიდის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება იგეგმება.

ორგანიზატორები წერენ, რომ 23 ივნისს კვირეულს დაასრულებს ღირსების მარში, რომლის ფორმაც არ იქნება საზეიმო, რადგან მათი თქმით, „საქართველოში დღეს ქვიარებს არ ეზეიმება".

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას

ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს მისივე წევრების მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის ბოლომდე.

საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ გუნდთან შეუთანხმებლად მომზადებული კანონპროექტი ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის იმ დებულებებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა ევროსაბჭოს და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე.

პარლამენტის თავმჯდომარემ უარი იმითაც ახსნა, რომ ინიციატივის არსებული ფორმით გაზიარების შემთხვევაში, საერთო სასამართლოების სისტემაში განახევრდება მოსამართლეთა რაოდენობა, გაღრმავდება სასამართლოების გადატვირთულობის და საქმეთა განხილვის გაჭიანურების პრობლემა და იმ პირობებში, როცა საერთაშორისო პარტნიორების დასკვნით, მოსამართლეთა რაოდენობა სულ მცირე ასით უნდა გაიზარდოს, შესაძლოა, სასამართლოს პარალიზებაც კი გამოიწვიოს.

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, მზად არიან დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე, მოსამართლეთა დანიშვნის საკითხზე მოამზადონ კონსტიტუციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან შესაბამისი წინადადებები, რომლებიც არ გააღრმავებს სასამართლოების გადატვირთულობის პრობლემას.

კობახიძის თქმით, ამ მიზნით მიმართავენ ვენეციის კომისიას, პროცესში ჩაერთოს ინიციატივის შემუშავების საწყის ეტაპზევე.

პარლამენტის წევრთა ჯგუფის კანონპროექტით, რომელსაც უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს, იუსტიციის საბჭომ 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეაჩეროს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესება და ისინი გამოსაცდელი ვადით დანიშნოს.

ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან კობერიძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, კობა ნარჩემაშვილი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე და უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე.

ჩაკეტილი ახალგორი დროებით გახსნეს

ახალგორი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დროებით გახსნა დაბა ახალგორში მდებარე ე.წ. გამშვები პუნქტი.

ახალგორელმა სამოქალაქო აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ე.წ. საზღვარი ცალმხრივად გაიხსნა და დაბის დატოვებას შეძლებენ მოქალაქეები, რომლებსაც ამის სურვილი აქვთ.

თამარ მეარაყიშვილის ცნობით, დე ფაქტო ხელისუფლებამ წინასწარ შეადგინა დაახლოებით 170 პირის სია, ვისაც ოკუპირებული ახალგორიდან გასვლის უფლება მისცეს. დაბიდან მათი გამგზავრების შემდეგ ე.წ. გამშვები პუნქტი კვლავ დაიკეტება.

ამასთან, კვლავ აკრძალულია დანარჩენი საქართველოდან ახალგორში შესვლა.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაახლოებით 40 დღის წინ დაკეტა „ღორის გრიპის“ გამო გამოცხადებული კარანტინის საბაბით. მას შემდეგ დაბის დატოვებას ვერ ახერხებდა არაერთი ადამიანი, მათ შორის სტუდენტები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ.

მრავალშვილიანი დედების რბოლა ჩაიშალა, მთაწმინდის გამგეობა ახალ ტენდერს გეგმავს

მთაწმინდის გამგეობამ ავტოსპორტის მოყვარული მრავალშვილიანი დედების ავტორბოლის ჩასატარებლად გამოცხადებული ტენდერი შეწყვიტა.

გადაწყვეტილება სატენდერო კომისიის სხდომამ მიიღო. აღმოჩნდა, რომ ღონისძიებით ძირითადად ის დედები დაინტერესდნენ, ვინც მრავალშვილიანებად ვერ ჩაითვლება. ტენდერი განახლებული პირობებით ისევ გამოცხადდება, თუმცა სავარაუდოდ 3 მარტს, დედის დღეს ვეღარ მოესწრება.

15 თებერვლით დათარიღებული ოქმი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზეა გამოქვეყნებული. მასში წერია: „ტენდერის დასრულების ეტაპზე, მოიმატა სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით, გამგეობაში შემოსულმა შეტყობინებებმა, სადაც ღონისძიებაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრებმა იმ ქალბატონებმაც, რომლებიც არ არიან მრავალშვილიანები". ოქმში აღნიშნულია, რომ ვინაიდან, სახელმწიფო შესყიდვების, კანონმდებლობის მიხედვით, დოკუმენტაციაში შეუძლებელია ცვლილებების შეტანა და მსურველთა უმრავლესობის დაკმაყოფილება, ტენდერი შეწყდა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით მომზადდება ახალი სატენდერო დოკუმენტაცია.

მრავალშვილიანი დედების რბოლისთვის მთაწმინდის გამგეობას ტენდერი 14 თებერვლამდე ჰქონდა გამოცხადებული, სატენდერო თანხით - 14 115 ლარი. მას მხოლოდ ერთი პრეტენდენტი ჰყავდა, „საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაცია“. ის გამგეობას ღონისძიების ორგანიზებას 13 938 ლარად სთავაზობდა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ენერგომომარაგება შეიზღუდა

ენგურჰესი

დღეიდან ელექტორენერგიას შეფერხებით მიიღებენ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებნი. ადგილობრივი კომპანიის, „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ენერგომომარაგება შეწყდება ყოველდღე, 11-დან 14 საათამდე.

მიზეზად დასახელებულია ჯვრის წყალსაცავში წყლის დონის 72 მეტრით შემცირება. „ჩერნომორენერგოს“ ცნობითვე, წყლის დონე კლებას განაგრძონს, ამიტომ ენგურჰესის გაჩერების თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდა ენერგომომარაგების შეზღუდვა.

კომპანიის განცხადებითვე, შეზღუდვა გაგრძელდება, სანამ დეფიციტს რუსეთიდან მიწოდებული ელექტროენერგიით არ შეავსებენ.

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო სხდომას მართავს

მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში მიმდინარეობს პოლიტიკური საბჭო სხდომა. მას ესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.

წინასწარი ინფორმაციით, სხდომაზე განიხილება სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენები და მმართველ გუნდში არსებული აზრთა სხვადასხვაობა.

მადუროს მთავრობამ ვენესუელის არმიაში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა

ვლადიმირ პადრინო

ნიკოლას მადუროს მთავრობამ ვენესუელის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა და საზღვრები დაკეტა.

მადუროს ერთგულმა თავდაცვის მინისტრმა, ვლადიმირ პადრინომ განაცხადა, რომ არმია დაიცავს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და საზღვრებს, დაემორჩილება მხოლოდ მადუროს და არა უცხოეთიდან მიღებულ ბრძანებებს და არ დაუშვებს, რომ ძალაუფლება მარიონეტულმა მთავრობამ აიღოს.

აშშ-ის მთავრობამ ვენესუელაში გაგზავნა 200 ტონამდე ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ამჟამად კოლუმბიის საზღვართანაა გაჩერებული. 18 თებერვალს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მიზანია ვენესუელაში ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა, თუმცა, ყველა სხვა ვარიანტსაც განიხილავს.

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა, დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს მთავრობას მოთხოვა, ხელი არ შეუშალოს აშშ-დან ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და 23 თებერვლამდე ქვეყნის ტერიტორიაზე გაატაროს მედიკამენტები და სურსათი.

გუაიდომ სამხედროებს მოუწოდა, კონსტიტუციის მხარეს დადგნენ და ხელი არ შეუშალონ ვენესუელის მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის გადაადგილებას.

მადუროს მთავრობა ამერიკულ ჰუმანიტარულ დახმარებას სამხედრო ინტერვენციის შენიღბვად მიიჩნევს. ნიკოლას მადუროს განცხადებით, 300 ტონა ჰუმანიტარულ დახმარებას ელოდება რუსეთიდან, ჩინეთიდან, თურქეთიდან და გაეროდან.

ვენესუელაში, სადაც უმწვავესი ეკონომიკური კრიზისია, მოსახლეობა დიდი ხანია განიცდის სურსათის და მედიკამენტების დეფიციტს.

ვენესუელაში ამჟამად ორხელისუფლებიანობაა. 2018 წლის მაისში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალური მონაცემებით, ხმების 70%-ით გაიმარჯვა ნიკოლას მადურომ, რომელსაც ოპოზიცია ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, დიქტატურასა და ეკონომიკის დანგრევაში. მადუროს ინაუგურაცია 2019 წლის 10 იანვარს გაიმართა.

22 იანვარს ვენესუელაში დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები. ვენესუელის პარლამენტის, ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა დროებით პრეზიდენტად. გუაიდო აღიარეს, აშშ-მა და მსოფლიოს კიდევ 50-მდე ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG