Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობა უარყოფს კავშირს 15 აპრილს ბოსტონის მარათონზე მომხდარ აფეთქებებთან


ვებსაიტზე, რომელსაც ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობა იყენებს, გამოქვეყნდა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მოძრაობას არავითარი კავშირი არა აქვს 15 აპრილს ბოსტონის მარათონზე მომხდარ აფეთქებებთან. kavkazcenter.com აცხადებს, რომ ე.წ. კავკასიის საამირო არ ებრძვის შეერთებულ შტატებს და რომ მოძრაობის ლიდერმა, დოკუ უმაროვმა, თავად რუსეთშიც აკრძალა სამოქალაქო პირებზე თავდასხმები. ბოსტონის აფეთქებებთან დაკავშირებით ეჭვმიტანილების დედამ, ზუბეიდათ ცარნაევამ კვირას რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ, მისი რწმენით, მისი ვაჟები უდანაშაულოები არიან. ცარნაევას თქმით, მის უფროს ვაჟს ტამერლანს, რომელიც 19 აპრილს იქნა მოკლული პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკების შედეგად, გამოძიების ფედერალური ბიურო „აკონტროლებდა“ უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში. მისი უმცროსი ვაჟი ჯოხარი სროლის დროს დაიჭრა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც იტყობინებიან, ამჟამად მას ლაპარაკი არ შეუძლია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის და რა ბრალდებას წაუყენებენ მას. ორშაბათს ბოსტონის მარათონის ფინიშთან მომხდარ ორ აფეთქებას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 170-ზე მეტი დაიჭრა.
XS
SM
MD
LG