Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

დევნილები აუტანელ პირობებში


გორში ყველაზე მძიმე საცხოვრებელი პირობები ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაშია, სადაც ამჟამად ლიახვის ხეობიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობენ. შენობის წინ, პატარა ფიცრულში, მოხუცები სხედან და საკუთარ გაჭირვებაზე საუბრობენ. მათი აზრით, ახლა გლეხები ნაკვეთებში უნდა მუშაობდნენ, მათ კი საქმე არაფერი აქვთ და ახალი ხელისუფლების დახმარების იმედზე რჩებიან. ამბობენ, რომ 6 თვის განმავლობაში მათთვის არაფერი შეცვლილა. ადრე პრობლემებზე ლაპარაკსაც უკრძალავდნენ, ახლა კი ლაპარაკი შეუძლიათ, მაგრამ მათი ხმა მაინც არავის ესმის.

ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში დერეფნები ჩაბნელებულია და აუტანელი სუნი დგას. თითო ოჯახს თითო ოთახი აქვს გამოყოფილი. ეს ოთახი წარმოადგენს საძინებელს, მისაღებს, სამზარეულოს სათავსოს და აბაზანასაც კი. თითო სართულზე თითო ტუალეტია, სადაც ანტისანიტარიაა. ლიახვის ხეობიდან დევნილი იზო ჭოველიძე აცხადებს, რომ მთავრობას ამ შენობიდან გასახლების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მათ არავინ უსმენს.

კომბინატის დასახლებაში, სადაც ნარკოლოგიური ცენტრის შენობა მდებარეობს, ცოტა ხნის წინ ახალი რწმუნებული დაინიშნა. კობა კლიმიაშვილი დევნილებს ხშირად სტუმრობს და მათ პრობლემებს ისმენს. იგი აცხადებს, რომ საყოფაცხოვრებო პირობების მოგვარებას ადგილობრივი ბიუჯეტი ვერ შეძლებს, ეს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, მაგრამ იძულებით გადაადგილებულ პირებს ყურადღება არ უნდა მოაკლდეთ.

შენობის წინ დიდი მინდორია, რომელიც უპატრონოდაა მიტოვებული. დევნილები მოითხოვენ, რომ ხელისუფლებამ ამ ადგილას ახალი კორპუსები ააშენოს, სადაც მათი განსახლება მოხდება. წინა ხელისუფლების დროს იძულებით გადაადგილებულ პირებს ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში ფართების საკუთრებაში გადაცემაც შესთავაზეს, მაგრამ დევნილებმა უარი თქვეს ამ წინადადებაზე.
XS
SM
MD
LG