Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ბრალდებები წარუდგინეს ცარნაევის სამ მეგობარს


ჯოხარ ცარნაევი
ჯოხარ ცარნაევი
აშშ-ში სასამართლოს წინაშე პირველად წარდგა სამი ახალგაზრდა კაცი, რომელთაც ბრალად ედებათ ბოსტონის მარათონზე მოწყობილი აფეთქებების გამოძიებისათვის ხელის შეშლა. სამივეს წარუდგინეს ბრალდებები. ორი მათგანი ყაზახეთის მოქალაქეა. მათი - აზამატ ტაჟაიაკოვისა და დიას კადირბაევის - ადვოკატები აცხადებენ, რომ ახალგაზრდებს არა აქვთ კავშირი ბოსტონის მარათონზე წელს, 15 აპრილს, მოწყობილ აფეთქებებთან, რომელთა შედეგადაც დაიღუპა სამი და დაიჭრა 260-ზე მეტი ადამიანი.

ორივე ყაზახი 19 წლისაა. მათ მოიხსენიებენ აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი ჯოხარ ცარნაევის მეგობრებად, მის თანაკურსელებად. როცა გავრცელდა ცნობა აფეთქებებთან ცარნაევის სავარაუდო კავშირის შესახებ, აზამატ ტაჟაიაკოვის მამამ კატეგორიულად გამორიცხა თავდასხმასთან მისი შვილის რაიმე სახის კავშირის შესაძლებლობა.

„ჩვენთვის ეს შოკი იყო! ყველა იცნობს ჩემს შვილს - არასოდეს არავისთან უჩხუბია, რადიკალებთან კავშირი საერთოდ არ ჰქონია“, უთხრა ტაჟაიაკოვის მამამ ყაზახეთის ტელევიზიას ჯერ კიდევ მანამდე, სანამ მის შვილს შეერთებულ შტატებში ბრალდებას წარუდგენდნენ.

დიას კადირბაევსა და აზამატ ტაჟაიაკოვს ბრალად ედებათ შეთქმულება მართლმსაჯულებისათვის ხელის შესაშლელად, მტკიცებულებების დამალვითა და განადგურებით. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან და 14 მაისს ისევ წარდგებიან სასამართლოს წინაშე.

რაც შეეხება მესამე ეჭვმიტანილს, ეს არის შეერთებული შტატების მოქალაქე რობელ ფილიპოსი, რომელსაც ბრალად ედება გამოძიებისათვის არასწორი ჩვენების მიცემა. ისიც იზოლატორში რჩება, სასამართლოში 6 მაისს გამოცხადდება. შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, ფილიპოსი, ისევე როგორც კადირბაევი და ტაჟაიაკოვი, ცარნაევის თანაკურსელი იყო მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში.

სამეულიდან არც ერთისთვის არ წარუდგენიათ აფეთქებაში მონაწილეობის ბრალდება. მათ ადანაშაულებენ იმაში, რომ ჯოხარ ცარნაევისაგან ტექსტური შეტყობინების მიღების შემდეგ მისი (ცარნაევის) ოთახიდან წაიღეს ზურგჩანთა და ლეპტოპი. ზურგჩანთაში, ამერიკელი ოფიციალური პირების ცნობით, დენთისაგან დაცლილი პეტარდები იდო. ცარნაევის ოთახიდან მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, კადირბაევმა, წაიღო ვაზელინის ქილაც, რადგან ჩათვალა, რომ შესაძლოა, „ბომბის დასამზადებლად“ ეს ნივთიერებაც ყოფილიყო გამოყენებული. გამოძიების ვერსიით, კადირბაევმა და ტაჟაიაკოვმა ეს ნივთები შინ წაიღეს და კადირბაევმა ისინი ნაგავში გადაყარა. პოლიციამ მოგვიანებით ყველაფერი იპოვა.

ორი ყაზახის ჩვენებით, მათ ბოსტონში აფეთქების შესახებ გავრცელებული ცნობებისა და ფოტომასალის საფუძველზე დაასკვნეს, რომ ჯოხარ ცარნაევი იყო აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირი.

უარვყოფთ მთავრობის ბრალდებას, რომ სურათი როგორც კი ნახა, მაშინვე ამოიცნო ცარნაევი, და მოუთმენლად ველით ჩვენი ვერსიის სასამართლოში დამტკიცებას...
რობერტ სტალი
თვით ჯოხარ ცარნაევი - 19 წლის ეთნიკური ჩეჩენი - საავადმყოფოში რჩება მას შემდეგ, რაც 19 აპრილს პოლიციასთან ურთიერთსროლისას დაიჭრა. იმავე დღეს პოლიციასთან ურთიერთსროლისას დაიღუპა მისი უფროსი ძმა, ტამერლანი.

ყაზახი ახალგაზრდები, კადირბაევი და ტაჟაიაკოვი, ბოსტონის აფეთქებების შემდეგ დააკავეს, თავდაპირველად - სტუდენტური ვიზით განსაზღვრული რეჟიმის დარღვევის ბრალდებით.

კადირბაევის ადვოკატმა, რობერტ სტალმა, სასამართლოში 1 მაისს გამართული მოსმენის შემდეგ განაცხადა, რომ მის კლიენტს არაფერი აქვს საერთო აფეთქებებთან:

„დიას კადირბაევი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. როგორც თავიდანვე ვთქვით, ის დახმარებას უწევდა გამოძიების ფედერალურ ბიუროს ამ გამოძიებაში. ის ისევე შოკირებული და შეძრწუნებულია ბოსტონში ძალადობით, როგორც დანარჩენები ვართ. მან არ იცოდა, რომ ამ ინდივიდის (ცარნაევის) ხელი ერია აფეთქებაში. ეჭვი მოგვიანებით გაუჩნდა. უარვყოფთ მთავრობის ბრალდებას, რომ სურათი როგორც კი ნახა, მაშინვე ამოიცნო ცარნაევი, და მოუთმენლად ველით ჩვენი ვერსიის სასამართლოში დამტკიცებას. ბატონი კადირბაევი და მისი ოჯახი ძალიან წუხან იმის გამო, რაც აქ, ბოსტონში, მოხდა და მას ამასთან საერთო არაფერი აქვს“.

მეორე ყაზახი ბრალდებულის, ტაჟაიაკოვის ადვოკატი უარყოფს ბოსტონის აფეთქებებთან თავისი კლიენტის კავშირს.

ცნობების თანახმად, დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, კადირბაევსა და ტაჟაიაკოვს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, 250 000-დოლარიან ჯარიმასთან ერთად. მესამე ბრალდებულის, რობელ ფილიპოსის შემთხვევაში, რვა წლამდე პატიმრობასა და 250 000 დოლარის ჯარიმას ვარაუდობენ.
XS
SM
MD
LG