გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი შეშფოთებას გამოთქვამს სირიაში ისრაელის საჰაერო დარტყმების გამო. ამის შესახებ ნათქვამია გაეროს განცხადებაში, რომელიც შეიცავს აგრეთვე თავშეკავებისაკენ მოწოდებას ყველა მხარის მიმართ. ისრაელის სამხედრო ოპერაციები დაგმეს ირანმა და არაბთა ლიგამ, ხოლო ეგვიპტის პრეზიდენტის, მუჰამად მურსის განცხადებით, საჰაერო დარტყმები საერთაშორისო სამართალს არღვევს და გაართულებს სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს. ისრაელის საჰაერო დარტყმები, ცნობების თანახმად, მიმართული იყო ირანში დამზადებული რაკეტებით დატვირთული ავტოკოლონის წინააღმდეგ. ვარაუდობენ, რომ რაკეტები ლიბანში დაფუძნებული ექსტრემისტული ჯგუფის, „ჰიზბოლასთვის“ იყო განკუთვნილი. კვირას ისრაელმა ბოლო სამ დღეში უკვე მეორე იერიში განახორციელა სირიის წინააღმდეგ. სირიაში ორ წელიწადზე მეტი ხანია, გრძელდება სამოქალაქო დაპირისპირება. კონფლიქტის შედეგად, გაეროს ბოლო მონაცემებით, 70 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1