Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლგბტ აქტივისტები დღეს აქცია-ფლეშმობს გამართავენ


ორგანიზაცია "იდენტობა", ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები და ლგბტ აქტივისტები დღეს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქცია-ფლეშმობს გამართავენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, აქცია მიზნად ისახავს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის პრობლემაზე ყურადღების გამახვილებას. ლგბტ აქტივისტები პარლამენტის შენობასთან, 13:00 საათზე შეიკრიბებიან და 30 წუთის განმავლობაში მდუმარე პროტესტს გამოხატავენ. "ცისარტყელის ფერის მაისურებში ჩაცმული ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები მდუმარედ გამოხატავენ წინააღმდეგობას დისკრიმინაციისა და ლგბტ ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ. მდუმარე აქცია მხოლოდ 30 წუთს გაგრძელდება. 17 მაისს ერთიანდებიან ის ადამიანები, რომლებიც შეიძლება კონკრეტულად ლგბტ უფლებებზე არ მუშაობდნენ, მაგრამ ემიჯნებიან სიძულვილის ენასა და სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს", - აცხადებენ ორგანიზატორები. მათივე ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც ადამიანთა შორის თანასწორობის იდეას მხარს უჭერს. აქცია ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იმართება. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა არ იგეგმება, აქციის შესახებ კი ინფორმირებულია როგორც თბილისის მერია, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო. აქციაში მონაწილეობის მსურველებს კი ორგანიზატორები მოუწოდებენ, არ შევიდნენ დისკუსიაში უცხო პირებთან და თან არ იქონიონ ბასრი თუ მსხვრევადი საგნები.
XS
SM
MD
LG