Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურა სასამართლოსგან მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს


პროკურატურამ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის, ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის, ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იმსჯელებს სასამართლო პროკურატურის მიმართვაზე. მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი 21 მაისს დააკავეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ და იმავე დღეს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. ყოფილ პრემიერ-მინისტრს და ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება, ამომრჩევლის მოსყიდვა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა. ვანო მერაბიშვილს ბრალად ედება სხვისი საკუთრების უკანონოდ დაუფლებაც. არცერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს. სააგენტო ინტერპრესნიუსმა ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ვანო მერაბიშვილს 26 მაისის აქციის ძალით დაშლის და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე ბრალი დღეს დაუმძიმდება, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დასტურდება. ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის თავდებით გასათავისუფლებლად ქუთაისის სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები. სასამართლოსთან საპროტესტო აქციას მართავენ ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის მოწინააღმდეგეები. ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებას აპირებენ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც, რომლებმაც პოლიციას უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG