Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით უსუფაშვილი: თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ


დავით უსუფაშვილი საზოგადოების იმ ნაწილს გამოეხმაურა, რომლებიც ავღანეთიდან ქართველი მეომრების გამოყვანას მოითხოვენ და განაცხადა, რომ, თუ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფი დატოვებს ავღანეთს, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ. „ არ მესმის იმ ხალხის, რომელიც ამბობს, რომ წამოვიდნენ ქართველი ჯარისკაცები ავღანეთიდან. ბრძოლის ველის მიტოვება, აღებულ ვალდებულებაზე უარის თქმა, ეს მისაღებია? ეს ქვეყნისთვის ან მეომრებისთვის სწორი მიდგომაა? ეს არასწორი მიდგომაა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ქართველი სამხედროები ავღანეთში საქართველოს თავისუფლებას იცავენ და ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ხელს უწყობენ. „თუ ჩვენ ავღანეთს დავტოვებთ, მაშინ ევროკავშირის მონიტორები საქართველოს დატოვებენ. მაშინ ხმის ამომღებიც არავინ იქნება, როდესაც მავთულხლართები 200 მეტრით კი არა, შესაძლოა 100 კილომეტრით გადაიწევა სადმე. ამიტომ ამ ყველაფერს ანგარიში უნდა გავუწიოთ და უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოც იღებს მსხვერპლს ჩვენთვის", - დასძინა დავით უსუფაშვილმა. "გამოიყვანეთ ქართველი სამხედროები ავღანეთიდან", "შეწყდეს ქართველი სამხედროების სისხლისღვრა ავღანეთში", - ამ ლოზუნგებით საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მდუმარე აქცია გაიმართა. აქციაში ძირითადად ახალგაზრდები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობენ.
XS
SM
MD
LG