Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დახურა


საბერძნეთის მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დახურა, საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგად. შეწყდა როგორც ტელე-, ისე რადიომაუწყებლობა. შესაბამისი გადაწყვეტილება სამშაბათს საღამოს გამოცხადდა, რის შემდეგაც მაუწყებლის 2500-ზე მეტ თანამშრომელს სთხოვეს სამუშაო ადგილებზე განაცხადის შეტანა ახალ, მომცრო ორგანიზაციაში. ათასობით ადამიანმა გამოხატა პროტესტი ათენის ჩრდილოეთით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შტაბ-ბინასთან და ჟურნალისტების ნაწილმა უარი თქვა შენობის დატოვებაზე. ცნობების თანახმად, მაუწყებელი წელიწადში 300 მილიონამდე ევრო ჯდებოდა. ევროკომისიის პრესმდივანმა ოლივიე ბელიმ ოთხშაბათს ბრიუსელში გააკეთა განცხადება საბერძნეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის დახურვასთან დაკავშირებით. „საბერძნეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება უნდა განვიხილოთ იმ მასშტაბური და აუცილებელი ძალისხმევის კონტექსტში, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს საბერძნეთის ეკონომიკის მოდერნიზაციისათვის“, განაცხადა ევროკომიის პრესმდივანმა. საბერძნეთისაგან მოითხოვენ საბიუჯეტო ხარჯების შემცირებას და გადასახადების გაზრდას, სახელმწიფო სექტორში სამუშაო ადგილების შემცირებასთან ერთად, რათა უცხოელმა დონორებმა ათენს მიაწოდონ კრედიტები 240 მილიარდი ევროს მომცველი ფონდიდან.
XS
SM
MD
LG