Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტერეშკოვას ისტორიული მისიის 50-წლიანი იუბილე


გასულ კვირას, 16 ივნისს, 50 წელი შესრულდა კოსმოსში პირველი ქალის გაფრენიდან. ბევრისთვის უთუოდ ცნობილია, რომ ეს ქალი იყო ვალენტინა ტერეშკოვა, რომელსაც კოსმონავტობამ საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მოუტანა და ცოცხალ ლეგენდად აქცია.

ნახევარი საუკუნის წინ ვალენტინა ტერეშკოვას სახელი ისტორიულ მოვლენას დაუკავშირდა. 1963 წლის 16 ივნისს ცაში აიჭრა კოსმოსური ხომალდი „ვოსტოკ 6“, რომელშიც, პირველად ისტორიაში, ქალი იჯდა. მას შემდეგ კოსმოსურ მისიებში მონაწილეობა 60-მდე ქალს მოუხდა, თუმცა ვერავინ მიაღწია საბჭოთა საფეიქრო კომბინატის ყოფილი მუშის, ვალენტინა ტერეშკოვას, პოპულარობას.

ეს აშკარად ჩანდა გასულ კვირაში ვენაში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც კოსმოსში ქალთა 50-წლიან იუბილეს მიეძღვნა: გაეროს კოსმოსური სივრცის საკითხთა სამმართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე ყურადღების ცენტრში ვალენტინა ტერეშკოვა მოექცა - პირველი ქალი კოსმოსში, ქალი, რომელზეც, როგორც თვითონ გაიხსენა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კოსმოსში პირველი ადამიანის გაფრენამ - იური გაგარინის 1961 წლის მისიამ.

„იური გაგარინის გაფრენის შემდეგ, 1961 წელს, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ახალგაზრდა კაცსა და ქალიშვილს გაუჩნდა სურვილი არა მხოლოდ მას დამსგავსებოდა, არამედ აუცილებლად ჩამდგარიყო საბჭოთა კოსმონავტების რიგში“.

ტერეშკოვას არა მარტო კოსმონავტობაზე ოცნება აუხდა - მას ბედმა არგუნა დამეგობრებოდა მთელი თაობის კერპს, იური გაგარინს.

სწორედ გაგარინს ევალებოდა მეთვალყურეობა გაეწია ხუთი ქალისათვის, რომლებიც კოსმოსური მისიისათვის კანდიდატებად შეირჩნენ. ამ კანდიდატებს შორის იყო ვალენტინა ტერეშკოვა. ის, მართალია, ფავორიტად არ ითვლებოდა, მაგრამ, რაც მთავარია, თავად საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშჩოვის ყურადღება მიიპყრო თავისი პროლეტარული წარსულით...

ფრენის პირველ დღეს შევამჩნიე შეცდომა, რომელიც არასწორი დაპროგრამების შედეგი იყო - ვფიქრობ, ეს სპეციალურად არ მომხდარა, მაგრამ დაპროგრამებული იყო. კოსმოსური ხომალდი ისე იყო ორიენტირებული, რომ ძრავის სამუხრუჭე მოწყობილობა მუშაობდა ორბიტის გაზრდაზე და არა შემცირებაზე...
ვალენტინა ტერეშკოვა
„ცივი ომი“ ზენიტს აღწევდა, როცა ტერეშკოვას ისტორიული კოსმოსური მისია დაეკისრა. თითქმის ექვსი წლით ადრე, 1957 წლის ოქტომბერში, საბჭოთა კავშირმა კოსმოსში გაუშვა „სპუტნიკი“ - დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი. 1961 წელს გაგარინის, 1963 წელს ტერეშკოვას კოსმოსურმა მისიებმა კიდევ უფრო გაზარდა კოსმოსური კვლევის კუთხით საბჭოთა კავშირის უპირატესობა იდეოლოგიურ მოწინააღმდეგესთან, შეერთებულ შტატებთან კონკურენციაში.

ვალენტინა ტერეშკოვას კოსმოსური მისია სამი დღე-ღამე გაგრძელდა - მთელი ეს დრო მან სავარძელში მჯდომმა გაატარა, ხუთკუბმეტრიან სივრცეში. სასიამოვნო შეგრძნება არ ყოფილაო, აღიარებს ტერეშკოვა და კიდევ ერთ პრობლემას იხსენებს:

„ფრენის პირველ დღეს შევამჩნიე შეცდომა, რომელიც არასწორი დაპროგრამების შედეგი იყო - ვფიქრობ, ეს სპეციალურად არ მომხდარა, მაგრამ დაპროგრამებული იყო. კოსმოსური ხომალდი ისე იყო ორიენტირებული, რომ ძრავის სამუხრუჭე მოწყობილობა მუშაობდა ორბიტის გაზრდაზე და არა შემცირებაზე“.

მისიის საკონტროლო ცენტრთან კოორდინირების შედეგად, ტერეშკოვამ შეძლო ამ შეცდომის გამოსწორება და კოსმოსური ხომალდისათვის სწორი მიმართულების მიცემა. მოგვიანებით, მისიის დასრულებიდან რამდენიმე თვეში, ის გაგარინთან ერთად ესტუმრა გაეროს შტაბბინას ნიუ-იორკში. ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეკითხვები, რომლებსაც გაგარინს უსვამდნენ, საბჭოთა კოსმოსურ პროგრამას ეხებოდა. ჟურნალისტებს, მაგალითად, აინტერესებდათ, აპირებდა თუ არა მოსკოვი კოსმონავტების მთვარეზე გაშვებას. რაც შეეხება ტერეშკოვას, მისთვის დასმული შეკითხვები ძირითადად პირად ცხოვრებას უტრიალებდა. აი, როგორ უპასუხა ტერეშკოვამ შეკითხვას, სად აპირებთ დაქორწინებას - დედამიწაზე თუ ორბიტაზეო:

„როცა გავთხოვდები, ამას აუცილებლად შეიტყობთ, რადგან პრესა ის ხალხია, რომელსაც ძნელია, რამე დაუმალო. ჩვენში, კოსმონავტებს შორის, ბევრია კაციც და ქალიც, ვინც დაოჯახებულია, ჰყავს შვილები. ეს მათ ხელს არ უშლის კოსმოსური ამბებით იყვნენ დაკავებული. მე კი მათი რიგებიდან ვარ - ამიტომ მგონია, რომ მეც გავუმკლავდები“.

ვალენტინა ტერეშკოვა ცრუობდა. ამ სიტყვებს როცა ამბობდა, 1963 წელს, დაოჯახებული საბჭოთა კოსმონავტი არ არსებობდა. მაგრამ მალე თვითონ ტერეშკოვა გათხოვდა - ხრუშჩოვმა ისე მოინდომა კოსმოსში მოგზაურთა პირველი წყვილი წარედგინა მსოფლიოსათვის, რომ პირველი კოსმონავტი ქალი წააქეზა, გათხოვილიყო კოსმონავტ ანდრიან ნიკოლაევზე. წყვილს ქალიშვილი შეეძინა. თუმცა კოსმონავტების ეს პირველი ცოლ-ქმრობა 1982 წელს განქორწინებით დასრულდა.

ჩემი უდიდესი მოტივაციაა, შთავაგონო და მაგალითი მივცე ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში - წავახალისო ისინი, რომ არჩევანი შეაჩერონ საგნებზე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან...
ანუშე ანსარი
ვალენტინა ტერეშკოვას უწყვეტი პოპულარობის მიუხედავად, თითქმის 20-მა წელმა განვლო, ვიდრე საბჭოთა კავშირიდან კოსმოსში ისევ გაუშვებდნენ ქალს - სვეტლანა სავიცკაიას. მიზეზზე საუბრისას ვალენტინა ტერეშკოვა გულისტკივილით იხსენებს 1966 წელს საბჭოთა კოსმოსური პროგრამის დამფუძნებლისა და წლების მანძილზე მისი ხელმძღვანელის, სერგეი კოროლიოვის გარდაცვალებას... კოროლიოვი კოსმოსურ მისიებში ქალთა მონაწილეობის აქტიური მომხრე იყო.

„1966 წელს ის გარდაიცვალა - მოვიდა სხვა ადამიანი. შეიქმნა ახალი ხომალდი „სოიუზის“ სერიიდან. არ მინდა გავანაწყენო აქ მყოფი მამაკაცები, მაგრამ, არსებითად, ჩვენ, ქალთა ჯგუფი, გვერდზე გაგვწიეს და გვითხრეს, სანამ სანდო კოსმოსური ხომალდი არ შეიქმნება, ქალები არ მიიღებენ მზადებაში მონაწილეობასო“.

ასე რომ, ტერეშკოვას აღარასოდეს მისცემია კოსმოსურ მისიაში მონაწილეობის შანსი. თუმცა ის პირველივე მისიამ აქცია ნამდვილ ვარსკვლავად არამარტო საბჭოთა კავშირში.

ამერიკელი ინჟინერი ანუშე ანსარი, რომელიც 2006 წელს მონაწილეობდა კოსმოსურ მისიაში, იხსენებს, რომ მას ტერეშკოვათი აღტაცებამ გაუჩინა კოსმოსის კვლევისადმი ინტერესი.

„ჩემი უდიდესი მოტივაციაა, შთავაგონო და მაგალითი მივცე ახალგაზრდა ქალებსა და გოგონებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში - წავახალისო ისინი, რომ არჩევანი შეაჩერონ საგნებზე ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებიდან, განსაკუთრებით სფეროებზე, რომლებიც ჩემთვის მეტისმეტად ძვირფასია: კოსმოსურ პროგრამაზე, კოსმოსის კვლევაზე. და მჯერა, რომ ამ სფეროებს უზარმაზარ სარგებელს მოუტანს მათში მეტი ქალის ჩართვა. მსურს მათ ვაჩვენო, რომ ეს არა მარტო შესაძლებელია, არამედ ძალიან სახალისოცაა და მათთვის შეიძლება საინტერესო კარიერა გახდეს“, - ამბობს ამერიკელი ინჟინერი ანუშე ანსარი კოსმოსის კვლევაში ქალთა მონაწილეობაზე დღეს, როცა უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა, რაც კოსმოსში იმოგზაურა პირველმა ქალმა, ამჟამად 76 წლის ვალენტინა ტერეშკოვამ.
XS
SM
MD
LG