Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%


რუსეთთან ომის მეხუთე წლისთავის გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. ”2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე შემოჭრისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან ხუთი წლის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს კვლავ ოკუპირებული აქვთ საქართველოს ტერიტორიის 20%, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს”, - ნათქვამია განცხადებაში. საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ აძლევენ ეთნიკური წმენდის რამდენიმე ტალღის, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ასობით ათასს მსხვერპლს საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლებას. სამინისტროს განცხადებითვე, რუსეთი კვლავ არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით შემუშავებულ და 2008 წლის 12 აგვისტოს საქართველოსთან ხელმოწერილ ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიან შეთანხმებას, ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების ნაცვლად მნიშვნელოვნად გააძლიერა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განლაგებული სამხედრო ბაზები, ღიად ეწინააღმდეგება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო მექანიზმების შექმნას და ხელს უშლის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული ორგანიზაციების საქმიანობას. მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობა ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის ეტაპობრივად ნორმალიზებას საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპზე დაყრდნობით - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში დადებითი ტენდენციის მიუხედავად, მოსკოვმა გაააქტიურა საქართველოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული პროვოკაციული პოლიტიკა და განაახლა ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლება, რითიც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართალს, ადამიანის უფლებებს, საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობას. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებითვე, აგვისტოს ომიდან ხუთი წლის შემდეგ საქართველოს მთავრობის მიზანს კვლავ წარმოადგენს კონფლიქტის მშვიდობიანად, მოლაპარაკებების გზით მოგვარება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების საფუძველზე, ომით გაყოფილ საზოგადოებაში ნდობის აღდგენა და აფხაზი და ოსი თანამემამულეების შემორიგებით მათი სოციალურ-ეკონომიკური განვითარება და საერთო მომავლის შენების პირობების შექმნა. საქართველოს მთავრობა გამოხატავს მადლიერებას პარტნიორებისადმი, რომლებიც ქვეყანას მხარში დაუდგნენ როგორც ომის, ასევე მის შემდგომ პერიოდში და განსაკუთრებულად მადლიერია ევროკავშირის, რომლის სადამკვირებლო მისია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმი და უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მთავარი გარანტია. ”საქართველოს წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების მიუხედავად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის კურსი კვლავ ურყევია და ამ მიზნის მისაღწევად მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს” - ნათქვამია აგვისტოს ომის 5 წლისთავის გამო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG