Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საქმის გამოძიებას მოითხოვს


გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა, მოუწოდა სირიის ხელისუფალთ, საშუალება მისცეს სირიაში მყოფ გაეროს ინსპექტორებს დაუყოვნებლივ გამოიძიონ ამ ქვეყანაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გავრცელებული ცნობა. როგორც დღეს ბანის წარმომადგენელმა განაცხადა, მისი სურვილია ინსპექტორებს მისცენ შესაბამის რეგიონში ჩასვლის შესაძლებლობა. მისივე დავალებით, სირიაში ჩავა განიარაღების საკითხებში გაეროს წარმომადგენელი, ანჯელა კეინი. გაეროს უშიშროების საბჭო ოთხშაბათს შეიკრიბა საგანგებო სხდომაზე სირიიდან გავრცელებულ ცნობებზე მოსალაპარაკებლად. უშიშროების საბჭო ქიმიური იარაღით თავდასხმაზე ცნობის დაუყოვნებლივ და მიუკერძოებელი გამოძიებას მიემხრო, მაგრამ მას არ უთქვამს, ეს ამოცანა უნდა დაევალოს თუ არა გაეროს ექსპერტებს, რომლებიც ამჟამად სირიაში იმყოფებიან.
სირიის მთავრობის ჯარები იერიშს ახორციელებენ დამასკის გარეუბანზე, რომელშიც, ოპოზიციური ჯგუფების ცნობით, მთავრობამ ოთხშაბათს ქიმიური იარაღი გამოიყენა. ლონდონში დაფუძნებულ ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის“ ცნობით, ხუთშაბათს განახლდა სარაკეტო იერიში დამასკის აღმოსავლეთით. ქიმიური იარაღით თავდასხმის მსხვერპლთა რიცხვი, ოპოზიციონერი აქტივისტების მონაცემებით, 136-დან 1300-მდე მერყეობს. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა უარყოფს ქიმიური იარაღის გამოყენების ბრალდებას.
XS
SM
MD
LG