Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი გაეროსთვის „გამოწვევად“ მიიჩნევს სირიაში ინტერვენციისაკენ მოწოდებას


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გენადი გატილოვი გაეროს ქარტიისთვის „შეუნიღბავ გამოწვევად“ მიიჩნევს სირიაში სამხედრო ინტერვენციისაკენ მოწოდებას. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, გატილოვმა ეს შეფასება ოთხშაბათს ჰააგაში გამოთქვა, გაეროს გენერალურ მდივან ბან კი-მუნთან საუბრისას. რუსეთს ნაადრევად მიაჩნია სირიაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საპასუხო ზომის განხილვა, სანამ გაეროს ექსპერტებს არ დაუსრულებიათ ბრალდების გამოძიება. შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, ვაშინგტონი მივიდა დასკვნამდე, რომ სირიის მთავრობის ჯარებმა გამოიყენეს ქიმიური იარაღი თავდასხმისათვის, რომელმაც ასობით ადამიანი შეიწირა. ობამა აცხადებს ასევე, რომ ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება სირიის წინააღმდეგ საპასუხო სამხედრო ზომაზე. დღეს ბრიტანეთის პარლამენტი იმსჯელებს სირიაში სამხედრო ოპერაციის საკითხზე. პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ ლონდონი გადაწყვეტილებას არ მიიღებს, სანამ გაეროს ექსპერტებს არ დაუსრულებიათ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდების გამოძიება.
XS
SM
MD
LG