ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟის და ამ ფაქტის შემდგომი მოვლენების გამო განცხადება გაავრცელა საქართველოს მმართველი კოალიციის წევრმა რესპუბლიკურმა პარტიამ. მისი შეფასებით, მეჩეთზე მინარეთის მიშენება მართლაც კანონდარღვევით და თვითნებურად მოხდა და სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი იყო რეაგირება, მაგრამ, როცა საქმე რელიგიას ეხება, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საკითხის დელიკატურობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ არ დაუშვას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება. ”რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო დიდი საზოგადოებრივი სიკეთეა, ვიდრე, თუნდაც უკანონო შენობის დაუყოვნებლივი დემონტაჟი, ამიტომ მსგავს შემთხვევებში, სახელმწიფო უნდა ცდილობდეს მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც არც მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს და კანონის მოთხოვნაც აღსრულდება”, - აღნიშნავს რესპუბლიკური პარტია. მისივე შეფასებით, მას შემდეგ, რაც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩაატარეს სათანადო პროცედურები და გადაწყდა მინარეთის სოფელში დაბრუნება, ახალციხეში მოქალაქეთა ჯგუფის საპროტესტო აქცია და განცხადებები, რომ არ დაუშვებდნენ მინარეთის დაბრუნებას, იყო სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა და ამასთან, სამარცხვინო ქვეყნისთვის, სადაც ყოველთვის საფუძვლიანად ამაყობდნენ რელიგიური ტოლერანტობის საუკუნოვანი ტრადიციით. რესპუბლიკური პარტია განსაკუთრებით აღმაშფოთებელს უწოდებს აქციაში ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მონაწილეობას და საგანგაშოდ მიიჩნევს მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა პოლიტიკურ განცხადებებს იმის შესახებ, რომ იძლევიან გარანტიას და მინარეთი აღარ აღიმართება. ”საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდესი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ კონკრეტული მშენებლობის მიზანშეწონილობას მხოლოდ სახელმწიფო კანონმდებლობა განსაზღვრავს”, - ნათქვამია განცხადებაში. რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ მმართველი კოალიციის წევრია და პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ქვეყნის ხელისუფლებას ეკისრება. ”ხელისუფლებისგან საზოგადოება მოელის კონკრეტულ ქმედებებს და არა მხოლოდ შეფასებებს და აქედან გამომდინარე, სახელისუფლებო სტრუქტურებმა აუცილებლად უნდა აღასრულონ კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები მინარეთის დაბრუნების თაობაზე”, - აღნიშნავენ რესპუბლიკელები. პარტია მიიჩნევს, რომ ”სახელმწიფომ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ყოველგვარ მცდელობებზე, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს, რადგან რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიურ უმცირესობათა უფლებები, ზოგადად მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების პატივისცემა არის ღირებულება, რომელიც არა მხოლოდ ეროვნული ტრადიციაა, არამედ თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპიც.”
ყველაზე პოპულარული
1