აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოთქვამს რწმენას, რომ შეძლებს კონგრესთან თანამშრომლობას, სირიაში „შეზღუდული“ სამხედრო ინტერვენციის მხარდამჭერი რეზოლუციის მისაღებად. ობამა ამ საკითხს შეეხო თეთრ სახლში, დემოკრატი და რესპუბლიკელი დემოკრატების ლიდერებთან შეხვედრისას. ობამას განცხადებით, მისი გეგმა ითვალისწინებს სამხედრო ოპერაციას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლოებლობას წაართმევდა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს. „მთავარი, რაზეც მინდა, ამერიკელი ხალხის ყურადღება გავამახვილო: სამხედრო გეგმა, რომელიც სამხედრო მეთაურთა გაერთიანებულმა შტაბმა მიიღო და რომელიც მე სათანადოდ მიმაჩნია - პროპორციულია. ის შეზღუდულია. ის არ ითვალისწინებს ხმელეთზე ჯარის განთავსებას. ეს არ არის ერაყი და არ არის ავღანეთი. ეს არის შეზღუდული, პროპორციული ნაბიჯი, რომელიც მკაფიო მესიჯს გაუგზავნის არა მარტო პრეზიდენტ ასადის რეჟიმს, არამედ სხვა ქვეყნებსაც, რომლებიც შესაძლოა დაინტერესებული იყვნენ ზოგი საერთაშორისო ნორმის გამოცდით - რომ ქმედებას შედეგები მოჰყვება“, განაცხადა ბარაკ ობამამ. სამშაბათს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წინაშე წარდგებიან სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და თავდაცვის მინისტრი ჩაკ ჰეიგელი, სირიის კრიზისზე სასაუბროდ. კონგრესში კენჭისყრა მომავალი კვირისთვის არის მოსალოდნელი. ვაშინგტონი სირიის პრეზიდენტს აკისრებს პასუხისმგებლობას 21 აგვისტოს დამასკთან ქიმიური იარაღის გამოყენებაზე, რის შედეგადაც 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე პოპულარული
1