საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება. დღეს ბიძინა ივანიშვილი ლატვიის პრემიერ-მინისტრ ვალდის დომბროვსკის შეხვდა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა იმსჯელეს საქართველო-ლატვიის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობის განვითარებასა და ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სოფლის მეურნეობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ლატვიის გამოცდილების გაზიარებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ვალდის დომბროვსკის გააცნო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და ქვეყნის საგარეო პრიორიტეტები. ”განვიხილეთ, როგორც ორმხრივი ისე მრავალმხრივი ფორმატით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები და ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შეთანხმების პარაფირების მნიშვნელობა”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ამოცანაა, ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგის შესაბამისად მაქსიმალურად ეფექტიანად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომელსაც ქვეყანას სთავაზობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა. პრემიერ-მინისტრის თანმხლებ დელეგაციაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია. რიგაში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი 7 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო კონფერენციაში - "აღმოსავლეთის პარტნიორობა - ვილნიუსიდან რიგამდე გასავლელი გზა."
ყველაზე პოპულარული
1