სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი ვაშინგტონს აფრთხილებს, რომ „ყველაფერს უნდა მოელოდეს“ საპასუხო ზომად, სირიის წინააღმდეგ შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის განხორციელების შემთხვევაში. ამ გაფრთხილებით ის ამერიკულ სატელევიზიო ქსელ CBS-თან ინტერვიუში გამოვიდა. „ყველაფერს უნდა მოელოდეთ. არ არის აუცილებელი, მთავრობისაგან. ეს არ არის მხოლოდ მთავრობა. მთავრობა არ არის ერთადერთი მოთამაშე ამ რეგიონში. აქ რამდენიმე მხარეა, სხვადსხვა ფრაქცია, სხვადასხვა იდეოლოგია“, განაცხადა ბაშარ ალ-ასადმა. ამ განცხადების ფონია შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მცდელობა, ამერიკელი კანონმდებლები დაარწმუნოს სირიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის მხარდაჭერის საჭიროებაში. ვაშინგტონი სამხედრო ზომას მართებულად მიიჩნევს სირიის მმართველი რეჟიმის მიერ საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების გამო. ვაშინგტონის მონაცემებით, ამ თავდასხმის შედეგად 1400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ორშაბათს, უფრო ადრე გავრცელდა ცნობა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე: მინისტრის ვარაუდით, სირიის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმა ტერორისტების გააქტიურებას გამოიწვევდა. ლავროვი დღეს მოსკოვში შეხვდა სირიელ კოლეგა ვალიდ ალ-მუალემს და ვაშინგტონს მოუწოდა, სამხედრო ოპერაციის ნაცვლად, ყურადღება გაამახვილოს სამშვიდობო მოლაპარაკებისთვის მზადებაზე.
ყველაზე პოპულარული
1