Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მერაბიშვილის ადვოკატების შუამდგომლობა


ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ადვოკატების შუამდგომლობა, რომ ვანო მერაბიშვილის საქმე დასავლეთ საქართველოს სასამართლოებმა არ განიხილონ. დღევანდელ წინასასამართლო სხდომაზე ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა, რომ თავის დროზე ვანო მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს არაუფლებამოსილმა მოსამართლე მალხაზ გურულმა, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე დაცვის მხარეს აქვს ეჭვი, რომ დასავლეთ საქართველოს ყველა სასამართლო მიკერძოებული იქნება. ადვოკატის არგუმენტი აბსურდულად მიიჩნია ბრალდების მხარემ. ”ერთი პროცენტითაც რომ დავუშვათ იმის ალბათობა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გადაცდომა ჩაიდინა, ეს არ ნიშნავს, რომ დასავლეთ საქართველოს სხვა მოსამართლეებიც მიკერძოებულნი იქნებიან” - განაცხადა პროკურორმა ნათია სონღულაშვილმა. მერაბიშვილის დაცვის მხარის შუამდგომლობა მოსამართლემ არ გაიზიარა. საქმე, რომელზეც ქუთაისის საქალაქო სასამართლო მსჯელობს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის წინააღმდეგ წელს მაისში აღიძრა. მათ პროკურატურა ბრალს სდებს 2012 წელს, უმუშევართა აღრიცხვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამისათვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხიდან 5 მილიონ 200 ათასი ლარის უკანონოდ გადარიხცას 22 ათასამდე პირისთვის, რომლებსაც რეალურად არანაირი სამუშაო არ შეუსრულებიათ და თანხა მიიღეს მხოლოდ ნაციონალური მოძრაობისთვის ხმის მიცემისა და საარჩევნო აგიტაციის სანაცვლოდ.
XS
SM
MD
LG