Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა გარემოზე ხუდონჰესის ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და განსახლების საკითხის საჯარო განხილვა


თბილისში საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა გარემოზე ხუდონჰესის ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და განსახლების საკითხის საჯარო განხილვა, რომელშიც სვანეთის მცხოვრებნი და სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების და კომპანია ”ტრანს ელექტრიკის” წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის გამო საჭირო გახდება სვანეთიდან 200-მდე ოჯახის განსახლება. პროექტის განმახორციელებელი კომპანია "ტრანს ელექტრიკის" მიერ შარშან ჩატარებული წინასწარი აღწერის და კვლევის მიხედვით, განსახლება შეეხება შვიდ დასახლებულ პუნქტს და ზემოქმედების ქვეშ მოექცევა ხაიშის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია და სასაფლაო, რომელთა ადგილმონაცვლეობა ადგილობრივი თემისა და ეკლესიის წარმომადგენლებთან კონსულტაციის საფუძველზე მოხდება. რაც შეეხება მოსახლეობის საკუთრებაში არსებულ, მათ შორის არარეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებს, კომპანია აპირებს, რომ სრული და ადეკვატური კომპენსაცია გასცეს. ”ტრანს ელექტრიკა” კლიმატური პირობების მოდელირების საფუძველზე მომზადებულ შეფასებით დოკუმენტზე დაყრდნობით ასევე აცხადებს, წყალსაცავის შექმნა კლიმატს არსებითად არ შეცვლის და უშუალოდ მიმდებარე ხუთ კილომეტრამდე ტერიტორიაზე მოახდენს უმნიშვნელო გამაგრილებელ ზემოქმედებას თბილ სეზონზე და დამათბობელ გავლენას ცივ პერიოდში. ამავე კომპანიის ინფორმაციით, მოსალოდნელი არ არის, რომ ადგილობრივ კლიმატზე უმნიშვნელო ზემოქმედება მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება.
XS
SM
MD
LG