აშშ-მა დაადასტურა, რომ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ხუთშაბათს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს მუჰამედ ჯავად ზარიფს შეხვდება. ამის შესახებ განცხადება ორშაბათს ამერიკის პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ უსაფრთხოების საკითხებში ბენჟამინ როუდსმა გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაში, რომელსაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი ქვეყანა და ირანი მიიღებს მონაწილეობას, ნიუ-იორკში გაეროს ასამბლეის ფარგლებში შედგება. გასულ კვირაში პრეზიდენტმა ობამამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ მან და ირანის პრეზიდენტმა გაცვალეს წერილები და ის იმედოვნებს, რომ ირანის ახალი ლიდერი ხედავს დიპლომატიური ურთიერთობების უპირატესობას ბირთვული პროგრამის პრობლემების დარეგულირების საკითხებში. მიმდინარე კვირაში ბარაკ ობამა და ჰასან როჰანი ერთდროულად მიიღებენ მონაწილეობას ნიუ-იორკში, გაეროს გენერალურ ასამბლეაში. არცერთი მხარე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა შედგეს ბარაკ ობამასა და ჰასან როჰანის შეხვედრა, მინიმუმ ხელის ჩამორთმევა. თუკი ეს ასე მოხდება, ეს იქნება ორი ქვეყნის ლიდერების პირველი შეხვედრა 1979 წლის შემდეგ. თუმცა ამ დროისათვის თეთრი სახლი აცხადებს, რომ კონკრეტული გეგმები შეხვედრის თაობაზე არ არსებობს.
ყველაზე პოპულარული
1